Accessibility links

logo-print

თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებაში ბავშვთა საფეხბურთო გუნდია - „აფხაზეთი“. 4 წელია, ეს გუნდი ასაკობრივ ჩემპიონატში ასპარეზობს, თან საკმაოდ წარმატებულად. ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველ სეზონში საუკეთესო სამეულში ხვდებიან. მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, როდესაც სავარჯიშოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურაც კი არ აქვთ, გუნდი ცდილობს მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. როგორ ვარჯიშობს გუნდი, რატომ არის მათთვის გამარჯვება ასე მნიშვნელოვანი და რა პრობლემები აქვთ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს?

მინი ფეხბურთის მოედანზე სამი მწვანემაისურიანი ბავშვი ჩამომჯდარა. გაცრეცილ თეთრ-წითელ ბურთს ერთმანეთში აგორებენ. ზაფხულის ცხელი შუადღეა.

თბილისის ზღვასთან, დევნილების დასახლებაში, ეს სტადიონი რამდენიმე წლის წინ აშენდა. ახლა ღობეს საღებავი თითქმის აღარ შერჩა და რკინის ბადეც ორივე კარს უკან ისეა გამოგლეჯილი, მოზრდილი ადამიანი თავისუფლად შეეტევა. მთელ ამ დასახლებაში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ფეხბურთი ითამაშონ. ამასთან ერთად, ეს სტადიონი ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის, „აფხაზეთის“, ერთგვარი საწვრთნელი ბაზაც არის.

გუნდს 2010 წლიდან, ანუ ჩამოყალიბებიდან, ამავე დასახლებაში მცხოვრები ემზარ ნარმანია წვრთნის.

„ბავშვები ეზოში უსაქმურად დადიოდნენ. მოგეხსენებათ, საქართველოში ზოგადად მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია. აქ კიდევ, მით უმეტეს. ეს ბავშვები ვერ ახერხებენ სხვა საფეხბურთო სკოლებში წავიდნენ. გადასახადი დიდია. ამიტომაც, მე და ჩემმა დამხმარე მწვრთნელმა, ვახტანგ ჩიჩიშვილმა, საფეხბურთო გუნდის გაკეთება გადავწყვიტეთ“, იხსენებს ემზარ ნარმანია და შენიშნავს, ეს ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელშიც მხოლოდ დევნილი ბავშვები არიანო:

„მე იმით არ ვამაყობ, რომ გუნდში ყველა ბავშვი დევნილია. პირიქით, დევნილთან ერთად სხვაც უნდა იყოს, მაგრამ ჩემთან აქ სხვა არავინ მოვა, რაც უნდა დაბალი გადასახადი იყოს. ხედავთ, რა ინფრასტრუქტურაა. ყველაფერი იქით მიდის, რომ თუ ინფრასტრუქტურა არ გაქვს, მშობელი შვილს არ მოგიყვანს. ბუნებრივია...“

მწვრთნელი წუხს, რომ გუნდს სავარჯიშოდ ნორმალური სტადიონიც კი არ აქვს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საშინაო შეხვედრები გაემართათ. დაზიანებული ხელოვნური საფარი, სადაც აქა-იქ ბეტონის ქვედა ფენაა ამოჩრილი, შესაკეთებელია, თუმცა სხვა გზა არაა, კვირაში რამდენჯერმე ვარჯიში მაინც აუცილებელია.

სტადიონთან ბავშვები ნელ-ნელა იწყებენ შეკრებას. რამდენიმე წუთში მწვანემაისურიანი ოცამდე ბავშვი ზაფხულის მზისგან გახურებულ მოედანზე მწკრივდება და მწვრთნელების მითითებებს ელოდება. თუმცა სანამ ვარჯიში დაიწყება, სპორტული აღჭურვილობა უნდა შემოწმდეს - მწვრთნელი ბრაზობს.

საჭირო სპორტული აღჭურვილობა - შორტები, მაისურები, სპორტული ფეხსაცმელი, გეტრები და წვივსაფრები - ყველას უნდა ჰქონდეს. როგორც ემზარ ნარმანია ამბობს, ეს არა მარტო ტექნიკური, არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანია:

„როდესაც ეს ბავშვები უფრო პატარები იყვნენ, ასე, სამი წლის წინ, ამ სტადიონზე ჩემპიონატის თამაშების ჩატარების უფლება ჯერ კიდევ გვქონდა. სულ აგებდნენ. ორივე მწვრთნელს გვიკვირდა, რატომ ვერ ახერხებდნენ ბავშვები იმის გაკეთებას თამაშზე, რისი გაკეთებაც ვარჯიშზე შეეძლოთ. შემდეგ, ერთხელ, შემთხვევით, ბავშვების საუბარს შევესწარი. ერთ-ერთი გუნდი ჩამოვიდა, ძვირად ღირებული მანქანებით მოვიდნენ მშობლებთან ერთად. ჩემი ბავშვები კი უყურებდნენ, რა კარგი ფორმები ეცვათ. „ჩვენ ამათ მოვუგებთო?“ - ამბობდნენ. აი, მაშინ მივხვდი, რომ აქ ცოტა ფსიქოლოგიური მომენტია, სხვანაირი მიდგომა უნდა“.

მწვრთნელის აზრით, პრობლების ამოსავალი მათი საცხოვრებელი პირობებია. თბილისის ზღვის დასახლებაში მდგარი კორპუსები ავარიულია. ოჯახები საერთო ტუალეტითა და აბაზანით სარგებლობენ - ისიც მაშინ, თუ გაუმართლათ და წყალმა დაზიანებული მილებიდან მაღალ სართულებამდე ააღწია.

„თხუთმეტ-თექვსმეტ კვადრატში რომ ოჯახი ცხოვრობს, იქ უკვე იმაზე მეტი პრობლემაა, ვიდრე სხვასთან. ძირითადი მასა, ვინც აქ ცხოვრობს, უმუშევარია ან სეზონური სამსახური აქვს. ამიტომ, გადასახადზეც რომ უარი უთხრა, გზის ფულია, ბურთის ფულია, ტურნირში მონაწილეობის მისაღებად თანხაა შესაგროვებელი. ვერ აგროვებენ“.

ეს ბავშვები გლადიატორებივით არიანო, ამბობენ მწვრთნელები. ეს „გლადიატორობა“ მათი გამარჯვების ჟინია. გამარჯვება კარგია, მაგრამ თამაშის ხარისხი არანაკლებ მნიშვნელოვანიაო, დასძენენ.

თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად ყოველდღიური ვარჯიში მზის გულზეც გრძელდება. ვინც შეჩერდება და უდროოდ შესვენებას გადაწყვეტს, მწვრთნელებისგან შენიშვნას იღებს. ისინიც უკმაყოფილო სახეებით უბრუნდებიან მოედანს და ხან თავით, ხან ფეხებით აწვდიან ერთმანეთს ბურთს.

ეს სეზონის ბოლო მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიშია. თუ გაიმარჯვეს, ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავლენ. გუნდი „აფხაზეთი“, უკვე სამი წელია, ასაკობრივ ჩემპიონატში ზედიზედ ხვდება სამეულში. მწვრთნელები ამბობენ, რომ უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა, თუმცა ეს გადამწყვეტი არ არის:

„სატურნირო შედეგს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ მთავარია ბავშვს ფეხბურთის თამაში ასწავლო. შეიძლება ფეხბურთელი არც ერთი არ გამოვიდეს, მაგრამ ამით ცხოვრობენ ეს ბავშვები...“

საშინაო თამაშებს გუნდი გლდანში, სპორტულ კომპლექსში, ატარებს. სტადიონის ერთი სეზონისთვის დაქირავება შეძლეს, თუმცა ტრანსპორტის პრობლემა მაინც რჩება. სახლიდან მოედნამდე შორი გზაა, ამისთვის კი ან მიკროავტობუსი უნდა იქირაონ, ან, უარეს შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა იმგზავრონ.

„ორი წელია, ვითხოვთ სულ 5 000 ლარით დაფინანსებას. ეს თანხა გვჭირდება სტადიონის იჯარისთვის, ტურნირებში მონაწილეობისთვის და მგზავრობისთვის. ეს ხარჯი რომ მშობელს მოვაშოროთ, უფრო მეტი ბავშვიც გვეყოლებოდა. დაფინანსებაზე უარს გვეუბნებიან და არც მიზეზს გვიხსნიან“.

სეზონის ბოლო თამაშზე მიკროავტობუსის დასაქირავებლად ფული ვერ შეგროვდა და გუნდი გაჩერებაზე 3 ნომერ ავტობუსს ელოდება. რადგან ტრანსპორტში მთელი გუნდი ვერ შევა, ნაწილი უკვე წავიდა.

თხუთმეტწუთიანი ლოდინის შემდეგ ავტობუსი მოდის და ბავშვებიც ერთმანეთის მიყოლებით ადიან.

20 წუთი მაინც უნდა იარონ - ჯერ ავტობუსით, შემდეგ ფეხით. ცხელა, ტრანსპორტში კიდევ უფრო მეტად. ახმეტელის მეტრომდე ასე მიდიან. შემდეგ ფეხით, მიწისქვეშა გადასასვლელში. იქიდან უმოკლესი გზა ბაზრობაზე, დახლებს შორის გადის, საიდანაც ქუჩაზე გადადიან. ამასობაში გზად თეთრი მიკროავტობუსი ეწევათ. ეს მოწინააღმდეგე გუნდია.

სპორტული კომპლექსის ჩაბნელებული დერეფანი ფეხბურთის სტადიონამდე გადის. თამაშის დაწყებამდე გუნდები ხურდებიან, მწვრთნელები კი ფეხბურთელებს ბოლო მითითებებს აძლევენ. ამ დაღლილმა ბავშვებმა თამაში რანაირად უნდა მოიგონო, ამბობს ემზარ ნარმანია. იქნებ, ტრანსპორტი მაინც რომ გვყავდეს, თამაში უფრო გაადვილდესო:

„როდესაც სიტყვა „ფეხბურთელს“ გაიგებენ, ჩინოვნიკებს ჰგონიათ, რომ ლამის „ბარსელონაა“ და „ბარსელონას“ მსგავსი ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს გუნდს. მათ უნდა გაიგონ, რომ ამ ასაკში ეს სოციალური პროექტია. ამას სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ეხმარებოდნენ და ბავშვთა ფეხბურთი მშობლების კისერზე არ უნდა იყოს“.

გუნდები მოედანზე გადიან, თამაში იწყება. მწვრთნელები ნერვიულობენ, ბრაზობენ, ყვირიან, მითითებებს აძლევენ ფეხბურთელებს.

ამასობაში კი პირველი გოლიც გადის - პირველი იმ ხუთიდან, რომელიც დასკვნით მატჩში ბავშვთა საფეხბურთო გუნდმა, „აფხაზეთმა“, მოწინააღმდეგის კარში გაიტანა.

გაიმარჯვეს. ჩემპიონატში მესამე ადგილიც დაიკავეს. თუმცა მწვრთნელი ბოლომდე კმაყოფილი მაინც არაა: შეცდომები, რომლებიც დავუშვით, უნდა გამოვასწოროთო, ამბობს. მთავარი კი ისაა, მომავალი სეზონისათვის გუნდის შენარჩუნება შეძლოს. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც წაგებული ომის შემდეგ დაიბადნენო, - ამბობს მწვრთნელი ემზარ ნარმანია. - ამიტომაც არისო გამარჯვება საჭირო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG