Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი თბილისში


ვაკის პარკი
ვაკის პარკი
9 მაისს საქართველოში 68-ედ აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ომის ვეტერანები ამჯერადაც გამარჯვების პარკში შეიკრიბნენ. მოგვიანებით ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

მედიცინის სამსახურის ლეიტენანტი ივლიტა კუჭაიძე ყოველი წლის 9 მაისს გამარჯვების პარკში ხვდება. 90 წლის ქალბატონს მკერდი საბრძოლო ორდენებითა და მედლებით აქვს დამშვენებული. არ მალავს სიხარულს, თუმცა იმასაც შენიშნავს, რომ ემოციითა და მნიშვნელობით არაფერი შეედრება სამოცდარვაწლისწინანდელ 9 მაისს, როცა ომის დასრულების ამბავი შეიტყო:

„ეს იყო ბელორუსიისა და პოლონეთის საზღვარზე. ატყდა სროლა და ერთი აბავი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. 1943 წელს გამიწვიეს მობილიზებით და უკრაინა, ბელორუსია, პოლონეთი გავიარე“.

ივლიტა კუჭაიძის მსგავსად, 9 მაისი განსაკუთრებული დღესასწაულია საქართველოში მცხოვრები ექვსი ათასამდე ვეტერანისათვის, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა, ჯანმრთელობის გარდა, ისინი მძიმე ყოფითი პირობების გამოც ჩივიან. 91 წლის გიორგი ჩაგუნაშვილი ომის დროს კავალერისტად მსახურობდა:

„ფრონტზე რომ გამიწვიეს, უკრაინაში ჩამიყვანეს. შემდეგ უკრაინიდან წავედით წინ: ბესარაბია იყო, უნგრეთი, ავსტრია... მთელი ფრონტი ფეხით მაქვს შემოვლილი. დღეს კი აღარავის უნდივართ. როცა რამე გჭირდება, გეუბნებიან, დაწერე განცხადებაო და ბოლოს კი უარით გისტუმრებენ, საშუალება არ გვაქვსო. ეს არის მაგათი ვაჟკაცობა“.

8 მაისს აღნიშნავს. ჩვენც, ქვეყანამ, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, ვალდებული ვართ, პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაეცნენ მეორე მსოფლიო ომში და პატივი ვცეთ ვეტერანებს...
ზურაბ ჭიაბერაშვილი
თუმცა გამარჯვების პარკში მისულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, გარდა იმისა, რომ პატივი მიაგო მეორე ომში დაღუპული მებძოლების ხსოვნას, ილაპარაკა ასევე ვეტერანთა მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კი, თინათინ ხიდაშელმა, განაცხადა, რომ სულ მალე პარლამენტი კანონად აქცევს მთავრობის არაერთ ინიციატივას.

9 მაისს გამარჯვების პარკში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების გარდა, იმყოფებოდნენ ასევე სხვა ომების ვეტერანებიც. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის თქმით, 9 მაისი მისი დღესასწაულიცაა.

„ჩემთვის კი არა, მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია! დიდი დღეა! ეს ჩვენი ვეტერანები საკმაოდ იღბლიანები აღმოჩნდნენ. რომ არ მოგატყუოთ, მშურს მაგათი. ცოცხლად დარჩენილებს ვუსურვებ დიდხანს ყოფნას, ვინც არ დარჩა, ისინი არ უნდა დაივიწყოს ხალხმა“, უთხრა დავით თევზაძემ რადიო თავისუფლებას.

წლევანდელმა 9 მაისმა აჩვენა, რომ ხალხს მართლაც ახსოვს ის ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუმცა, როგორც ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ - ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როდის და ვისთან ერთად აღნიშნავს საქართველო გამარჯვების დღეს:

სასაცილოა იმის კითხვა, თუ რატომ უნდა იყოს 9 მაისის დღესასწაულზე საბჭოთა სიმბოლიკა და დროშა. პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა ნაციზმზე და გაათავისუფლა ევროპა და მთელი მსოფლიო...
გულბაათ რცხილაძე
"ევროპა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ევროპა ფაშიზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს. ჩვენც, ქვეყანამ, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, ვალდებული ვართ, პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაეცნენ მეორე მსოფლიო ომში და პატივი ვცეთ ვეტერანებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ამას აღვნიშნავთ 8 მაისს, მთელ ევროპასთან ერთად, თუ 9 მაისს, რუსეთთან ერთად. მნიშვნელოვანია, ამას ვუწოდებთ მეორე მსოფლიო ომს და ფაშიზმზე გამარჯვებას ვზეიმობთ, თუ საბჭოთა კავშირის სამამულო ომს".

გამარჯვების პარკში, სადაც მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა, წელს, მართლაც, თვალშისაცემი იყო საბჭოთა სიმბოლიკის სიმრავლე. 9 მაისს წითელი დროშების ფრიალი და საბჭოთა სამხედრო მარშების ჰანგები ბუნებრივ ფონად მიაჩნია ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს:

„სასაცილოა იმის კითხვა, თუ რატომ უნდა იყოს 9 მაისის დღესასწაულზე საბჭოთა სიმბოლიკა და დროშა. პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა ნაციზმზე და გაათავისუფლა ევროპა და მთელი მსოფლიო. სხვა საკითხია მერე რა იყო, მაგრამ ამ ომში გაიმარჯვა საბჭოთა კავშირმა, როგორც განმათავისუფლებელმა ძალამ. ისტორიისადმი პატივის მიგება და ობიექტური დამოკიდებულება მოითხოვს იმას, რომ ასეთი ატრიბუტიკით ვყოფილიყავით აქ“.

თუმცა, როგორი დამოკიდებულებაც უნდა იყოს მეორე მსოფლიო ომში საქართველოს მონაწილეობისა და გამარჯვების დღის მიმართ, 9 მაისი საქართველოში ყოველთვის სახელმწიფო დღესასწაულის რანგში აღინიშნებოდა. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ასეა ახლაც, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ ქვეყანას „ქართული ოცნება“ მართავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG