Accessibility links

logo-print

ღამის სერენადები - ყველაზე ახლოს აფხაზეთთან


კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“

ანაკლიის ციხესიმაგრეში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართა. კლასიკური მუსიკის შედევრები ლიანა ისაკაძემ, მსოფლიო კამერულმა ანსამბლ „ვირტუოზებმა“ და ცეზარ ალვარესმა შეასრულეს. „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში დაარსდა. ფესტივალი, აღდგენის შემდეგ წელს პირველად, ანაკლიაში ჩატარდა სლოგანით „ღამის სერენადები – ყველაზე ახლოს აფხაზეთთან“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფესტივალი შედგა ანაკლიაში. ჯერ ერთი, ეს ძალიან ახლოს არის იმ ადგილთან. ბიჭვინთაში გაიმართა ფესტივალი 1982 წელს - ე.ი. 35 წელი ტარდებოდა ეს ფესტივალი, - შემდეგ იყო ბათუმში. მე სულ მინდოდა ისევ იმ ადგილზე დავბრუნებულიყავი. ჯერ ერთი, ბიჭვინთაში იყო ეკლესია, მისი დარბაზი სულ სავსე იყო ხალხით. მე კი ვცხოვრობ პარიზში, მაგრამ გული და სული აქ არის ჩემი სულ მუდამ და ეს მინდა იცოდეს მთელმა საქართველომ“, - განაცხადა ლიანა ისაკაძემ.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“

კონცერტი ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდა. საღამოს დასრულების შემდეგ მხარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ანაკლიაში „ღამის სერენადები“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ის ყოველწლიურად ჩატარდება:

„სიმბოლურია ეს ყველაფერი, რადგან აგერ ასიოდე მეტრში აფხაზეთია. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე „ღამის სერენადები“ ჩატარდება ბიჭვინთაში, როგორც ეს 1982 წელს პირველად ჩატარდა“.

ის მოგონებები აღმიძრა, რაც აფხაზეთთან მაკავშირებდა. ძალიან კარგი იყო. მნიშვნელოვანია ანაკლიისთვის ასეთი, მართლაცდა, უნიკალური კონცერტების ჩატარება. ქალბატონი ლიანა ისაკაძე ჩვენთვის ძალიან საყვარელი პიროვნებაა...

კლასიკური მუსიკის საღამოზე დასწრება თავისუფალი იყო. ანაკლიის ციხესიმაგრეში ღია ცის ქვეშ „ღამის სერენადების“ მოსასმენად მსმენელები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან იყვნენ ჩამოსული.

„ის მოგონებები აღმიძრა, რაც აფხაზეთთან მაკავშირებდა. ძალიან კარგი იყო. მნიშვნელოვანია ანაკლიისთვის ასეთი, მართლაცდა, უნიკალური კონცერტების ჩატარება. ქალბატონი ლიანა ისაკაძე ჩვენთვის ძალიან საყვარელი პიროვნებაა“, - ამბობს ანაკლიაში მცხოვრები ნინო ყორშია.

„მინდა მადლობა გადავუხადო ლიანა ისაკაძეს ამ საღამოსთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩატარდა აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ახლოს. იმედია გავერთიანდებით და ჩვენი საქართველო იქნება აფხაზეთთან ერთად“, - გვითხრა ზუგდიდელმა მაკა კოდუამ.

აფხაზეთის ომის შემდეგ, 1991 წელს, ფესტივალი შეწყდა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში აღდგა. 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

„ღამის სერენადების“ სპონსორები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი,“ „კოკა-კოლა“ და „პალმ ბიჩია“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG