Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამკაცრების მოლოდინში „გაჭედილი“ სამართალი


თითქმის ერთი კვირა გავიდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობიდან, რომლის დროსაც სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა, თუმცა, მიუხედავად უამრავი სამხილისა, ვიდეოჩანაწერების და მოწმეების სახით, პროკურატურას ბრალი არავისთვის წაუყენებია. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პროტესტს იმის გამოც გამოთქვამენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე - ცემის - მუხლით. 27 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც არჩევნების დროს ჩადენილ ძალადობაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის მსვლელობისას კიდევ ერთხელ დაგმო კორცხელში მომხდარი ძალადობა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მოუწოდა თავი შეიკავონ ყველა სახის ძალადობისგან:

„ჩვენი მიზანია, რომ უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო. პრევენციისათვის უნდა მოხდეს სწორი რეაგირება. ასევე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ ასეთი ძალადობრივი ფაქტების მიმართ, იყოს მაქსიმალური მობილიზება შემდგომი, როცა ჩავატარებთ ოქტომბერში არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ იყოს პრევენციული ზომები მიღებული, რათა ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს და ძალოვანი უწყებები განსაკუთრებით უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე“.

თუმცა ძალოვანი სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდნენ ვერც 22 ივნისს, როცა შუალედურ არჩევნებში სოფელ კორცხელში ჩასულ ოპოზიციონერ ლიდერებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა სპორტსმენებმა სცემეს,და ვერც შემდეგ, გამოძიების პროცესში. 27 მაისს, დანაშაულის ჩადენიდან 5 დღის შემდეგ, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ჯერ არ დაკითხულა არც დანაშაულში მონაწილე ყველა პირი და არც დაზარალებულები.

მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქციის პასუხად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა სამართალდამცავ უწყებებს, ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცენ კორცხელში მომხდარ შემთხვევას, უზრუნველყონ ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. ახალგაზრდა იურისტებმა ასევე მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლონ, კორცხელში მომხდარი ინციდენტის დროს რამდენად ჯეროვანი და დროული რეაგირება განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას მნიშვნელოვნად მიიჩნევს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე:

„უნდა დაისაჯონ სამაგალითოდ ამ ძალიან მძიმე დანაშაულის როგორც შემსრულებლები, ასევე წამქეზებლები და უნდა დაისაჯონ არა იმიტომ, რომ ვინმეს განსაკუთრებული სიმკაცრის გამოვლენა მოუნდა, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური ფონი, რომელშიც უნდა ჩატარდეს მოახლოებული არჩევნები“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯება ძალადობა ან ძალადობის მუქარა საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან საარჩევნო კამპანიის ადგილზე, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე. კანონპროექტის მიხედვით, ახალი მუხლი რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ჯგუფური დანაშაულის დროს გათვალისწინებული იქნება ოთხ წლამდე პატიმრობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით 27 მაისს მთავრობის სხდომიდან გამოსულმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტირი ქუმსიშვილმა განაცხადა:

„კანონმა უნდა დააზღვიოს და სისტემურად აღმოფხვრას ის, რომ საქართველოში შეწყდეს ზოგადად ფიზიკური ძალადობა. აქ არ არის საუბარი მარტო კორცხელზე. აქ საუბარია ზოგადად კულტურაზე, რომ ჩვენს მენტალიტეტში ფიზიკური შეურაცხყოფა უნდა გადაიქცეს დასჯად ქმედებად“.

თუმცა მთავრობის წევრებს ოპონენტები შეახსენებენ, რომ კორცხელში მომხდარი ძალადობა დასასჯელია სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის, ხულიგნობის მუხლითაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის, თქმით, ხელისუფლებამ კორცხელის ინციდენტს კანონის გამკაცრებით კი არა, დამნაშავეების დასჯით უნდა უპასუხოს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG