Accessibility links

დღეიდან, 16 აგვისტოს ჩათვლით, პედაგოგებსა და მაგისტრანტებს გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განაცხადების შეტანა შეუძლიათ. 13 აგვისტოს იწურება აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება. თუმცა, როგორც დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველადი შეფასებით უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ 13 ათასმა აბიტურიენტმა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. წელს აბიტურიენტთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. მაია მიმინოშვილი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ნაჩვენებ ცუდ შედეგებზეც ლაპარაკობს.

ქალბატონი თამარი გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განცხადების დასაწერად იყო მისული, თუმცა ადგილზე გაერკვა და განცხადების დაწერა გადაიფიქრა. მისი შვილის საგამოცდო შედეგებით უკმაყოფილო არ არის და ამბობს, რომ სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრის შანსი აქვს, თუმცა წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები - მათ შორის, ზოგად უნარებში - საკმაოდ რთული იყო:

„წელს პირველ საკითხს იმდენი დრო მოანდომეს ბავშვებმა, რომ მერე მეორე-მესამე ძლივს მოასწრეს. ასე რომ, გართულებული იყო უნარებიც. ჩემს შვილს შეხვდა მესამე ვარიანტი, რომელიც აღმოჩნდა ყველაზე რთული“.

ტესტების სირთულეზე საუბრისას გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ ეროვნული გამოცდების ტესტები, წინა წლებთან შედარებით, გართულებული არ ყოფილა. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ აბოტურიენტებმა მომზადების საშუალო დონე აჩვენეს და თუ კვლავ წინა წლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ზოგადი სტატისტიკური მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელია, აბიტურიენტთა წლევანდელი რეკორდული რიცხვის გათვალისწინებით კი (42 ათასამდე იყო უმაღლესი განათლების მიღების მსურველი), დავასკვნით, რომ 13 ათასი კონკურსს გამოთიშული აბიტურიენტი გაუარესებულ შედეგზე არ მეტყველებს. მაია მიმინოშვილი ყურადღებას ამახვილებს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ცუდ შედეგებზე. ზოგიერთ საგანში - მათ შორის, ფიზიკაში - ზღვარი გადალახა მონაწილე პედაგოგთა მხოლოდ 3,93%-მა, ქიმიაში - 8,97%-მა, დაწყებით პედაგოგიკაში კი - პედაგოგთა მხოლოდ 6,48%-მა.

მაგალითად, ფიზიკის საგამოცდო შედეგები 2011 წელს, როდესაც პირველად ჩატარდა ეს გამოცდა, 92% იყო იმ პედაგოგების რაოდენობა, რომელთაც ბარიერი ვერ გადალახეს და ეს ოდნავ გაიზარდა და წელს 94%-ია...
მაია მიმინოშვილის სიტყვებით, ეს თემა ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, 2010 წლიდან მოყოლებული, შედეგები დრამატულად სულაც არ შეცვლილა - უბრალოდ, აქამდე ხელისუფლება შედეგების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებდა:

„მაგალითად, ფიზიკის საგამოცდო შედეგები 2011 წელს, როდესაც პირველად ჩატარდა ეს გამოცდა, 92% იყო იმ პედაგოგების რაოდენობა, რომელთაც ბარიერი ვერ გადალახეს და ეს ოდნავ გაიზარდა და წელს 94%-ია. მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ, სამწუხაროდ, წინა წლებში ეს თემა იყო ტაბუდადებული. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ხმამაღლა ამ თემაზე ნამდვილად ვერ ვსაუბრობდით და იმის მაგივრად, რომ პრობლემაზე ძალიან სერიოზულად ეფიქრა განათლების სამინისტროს, იდგმებოდა სრულიად არაეფექტური ნაბიჯები“.

არაეფექტურ ნაბიჯად მაია მიმინოშვილი მიიჩნევს პედაგოგთა ტრენირებისას არა მათი კვალიფიკაციის ასამაღლებელ სავარჯიშოებს, არამედ მათ უშუალოდ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადებას. ეს პრობლემა 2010 წელს რომ მიეღო მხედველობაში განათლების სამინისტროს, დღეს გაუმჯობესებული შედეგები იქნებოდაო, ამბობს მაია მიმინოშვილი. მისივე სიტყვებით, ამჟამად განათლების სამინისტრო მოტივირებულია, ჯერ ერთი, რეალურ შედეგებს გაუსწოროს თვალი და, რაც მთავარია, პედაგოგებს, სასერტიფიკაციოდ მომზადების გარდა, რეალური დახმარება აღმოუჩინოს.

რადიო თავისუფლების კითხვას კი, რა კავშირი არსებობს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ნაჩვენებ დაბალ შედეგსა და აბიტურიენტთა მიერ ნაჩვენებ შედეგებს შორის, მაია მიმინოშვილი ასე უპასუხებს:

სამი წელია მუდმივად ერთი და იგივე ციფრები გვაქვს, რომ სამი წლის განმავლობაში 9895-მა მასწავლებელმა მოახდინა სერტიფიცირება. ჩვენ არ მოგვწონს ხომ ეს რეალობა, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა...
„მე-12 კლასელებს განსაკუთრებით უდგათ ის პრობლემა, რომ, ანუ როგორც მათი მშობლები ფოქრობენ, სკოლაში ტყუილად აცდენენ დროს და ვისაც აქვს შესაძლებლობა, კერძო რეპეტიტორთან ემზადება. ეს ერთ-ერთი მიზეზია ამისა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: თუ ჩვენ გვინდა პედაგოგების შედეგები შევადაროთ აბიტურიენტების შედეგებს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ორი გამოცდა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, იმიტომ რომ პედაგოგების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სასერტიფიკაციო გამოცდა და ბარიერი საკმაოდ მაღალია - 60%-ზე მეტი უნდა დააგროვოს პედაგოგმა, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს, როცა აბიტურიენტის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კომპეტენციის მინიმალური ზღარი მხოლოდ“.

საკითხს, რომელიც მართლაც გახდა მსჯელობის საგანი და რომელიც პედაგოგთა დაბალ საგამოცდო მაჩვენებელს ცხადყოფს, ერთმნიშვნელოვნად წლევანდელ პრობლემად არ მიაჩნია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების სპეციალისტ თამარ მოსიაშვილს. მისი სიტყვებით, სახელმწიფოს უმოქმედობა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრობლემა წინა წლებშიც არსებობდა:

„სამი წელია მუდმივად ერთი და იგივე ციფრები გვაქვს, რომ სამი წლის განმავლობაში 9895-მა მასწავლებელმა მოახდინა სერტიფიცირება. ჩვენ არ მოგვწონს ხომ ეს რეალობა, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა. ჩვენ მუდმივად უნდა ვიფიქროთ, ვთქვათ, 60 წლის პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე, თუ იქნებ ჯობია ვიფიქროთ საუნივერსიტეტო პროგრამების სრულყოფაზე და იმაზე, სკოლის მოსწავლეებს როგორ მოვანდომოთ მასწავლებლობა“.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აგვისტოს ბოლოს იქნება ცნობილი. სააპელაციო განაცხადების შეტანის ვადა გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აგვისტოს იწურება, პედაგოგებს კი სააპელაციო განაცხადების შესატანად ვადა 16 აგვისტოს ჩათვლით ექნებათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG