Accessibility links

წელს 24 ათას 501 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, რაც დარეგისტრირებული აბიტურიენტების საერთო რაოდენობის 71 პროცენტს შეადგენს და რომელთაგანაც დაახლოებით 900 სტუდენტი 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ისარგებლებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების ასეთი შედეგებით დასრულება საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბათუმიდან ამცნო. ეს იყო აბიტურიენტთა ბოლო მასობრივი გამოცდა, რადგანაც მომავალი წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ახალი მოდელი - ”8+1” - ამოქმედდება.

25 აგვისტოს, როცა სტუდენტების სია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, განათლების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან რამდენიმე თვის წინანდელი დანაპირები შეასრულა და გამოცდების შედეგების გამოცხადება 25 აგვისტოს არ გადააშორა. რაც შეეხება მის მიერ დასახელებულ ზოგიერთ მონაცემს: სტუდენტთა რაოდენობის წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელს 5.3 პროცენტით აღემატება; სააპელაციო პროცედურას 1480-მა აბიტურიენტმა მიმართა, თუმცა საგამოცდო ქულა მათგან მხოლოდ 333-ს შეეცვალა; დარეგისტრირებული დაახლოებით 35 ათასი აბიტურიენტიდან გამოცდებზე მხოლოდ 2 პროცენტი არ გამოცხადდა; დაგვიანების გამო არ დაუშვეს 12 აბიტურიენტი, ხოლო უშუალოდ გამოცდიდან არავინ მოუხსნიათ.

ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ხარვეზების, ექსცესებისა და პრობლემების გარეშე ჩაიარა, - ამბობს მინისტრი, თუმცა იქვე შეახსენებს საზოგადოებას, რომ გამოცდები ამ ფორმით წელს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი ამოქმედდება:

”რომელსაც ეწოდება 8+1 სტრატეგია, როცა ყვეელა აბიტურიენტი, ყველა მე-12 კლასის - დამამთავრებელი კლასის - მოსწავლე ჩააბარებს სკოლაში, საკუთარ მერხზე, გამოცდებს (ეს იქნება რვა საგანი და პლუს ერთი - უნარები) და როდესაც მათ აღარ მოუწევთ სხვადასხვა საგამოცდო ცენტრში გამოცდების ჩაბარება. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ნებისმიერ ბავშვს, ნებისმიერ აბიტურიენტს, როცა მოუნდება, წელიწადში რამდენჯერმე შეეძლება ჩააბაროს ეს გამოცდები.”
‘8+1’ ამ შემთხვევაში აახლოებს მისაღები გამოცდების პროცესს სკოლასთან და ბევრად უფრო სამართლიანია, ანუ გამოცდები მოითხოვს იმას, რაც რეალურად ისწავლება სკოლაში ...

ხატია დეკანოიძის თქმით, ახალ სტრატეგიაზე მუშაობა განათლების სამინისტრომ, 25 აგვისტოს მდგომარეობით, თითქმის უკვე დაამთავრა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტი აგვისტოს ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.

იმას, რომ აბიტურიენტთა მასობრივი გამოცდები გაუქმდება, მიესალმება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე. მისი აზრით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნები აღემატებოდა სკოლაში ნასწავლს და სწორედ ეს ქმნიდა დღემდე მოქმედი სისტემის ძირითად პრობლემას. შესაბამისად, სწორედ ამ პრობლემის მოხსნის მიზეზით ემხრობა გიგი თევზაძე უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის ახალ მოდელს:

” ‘8+1’ ამ შემთხვევაში აახლოებს მისაღები გამოცდების პროცესს სკოლასთან და ბევრად უფრო სამართლიანია, ანუ გამოცდები მოითხოვს იმას, რაც რეალურად ისწავლება სკოლაში.”

”8+1”-ის დანერგვის ინიციატივა პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის და თუკი ივნისის დასაწყისში გაკეთებული მისი კომენტარით ვიმსჯელებთ, ძირითადად რეპეტიტორობის პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართული ამ ინიციატივის ხორცშესხმა მას 2012 წლისთვისაც კი სურდა:

”ჩვენ დავკარგეთ დრო და ბოლო ერთი წელი რომ არ გაეტარებინათ ამათ განათლების სამინისტროში კამათში და დროზე რომ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, წელს უკვე ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდებოდა. და აღარ უნდა ჩატარდეს. წელს ჩატარდება და მომავალ წელს აღარ უნდა ჩატარდეს.”
ერთადერთი, რასაც ვამბობდი, იყო ის, რომ იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ჩვენ შემოვიღეთ გამოსაშვები გამოცდები, არ შეიძლება მისაღები გამოცდების ჩაბარება უმაღლეს სასწავლებლებში; ანუ ამ სისტემით შერჩევა არ შეიძლება აბიტურიენტების ...

სწორედ პრეზიდენტის მიერ ნახსენები კამათის ჭრილში განიხილავდა განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მაისის ბოლოს გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსის პოსტიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლებას, მაშინ როცა თავად გათავისუფლებულს ეჭვები პოლიტიკურ მოტივებზე აქვს. ასეა თუ ისე, მიმინოშვილის მოხსნის მიზეზად დასახელდა ”პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის", რაც ”რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა”.

როგორც მაია მიმინოშვილი 25 აგვისტოს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, ზოგადად ის არასოდეს ეწინააღმდეგებოდა უმაღლესი სასწავლებლებისთვის სტუდენტთა შერჩევის ალტერნატიულ მოდელს და არც გამოცდების რაოდენობის შემცირების წინააღმდეგი იყო, თუმცა ის, რაც მაშინ აეჭვებდა, მას ახლაც აეჭვებს:

”ერთადერთი, რასაც ვამბობდი, იყო ის, რომ იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ჩვენ შემოვიღეთ გამოსაშვები გამოცდები, არ შეიძლება მისაღები გამოცდების ჩაბარება უმაღლეს სასწავლებლებში; ანუ ამ სისტემით შერჩევა არ შეიძლება აბიტურიენტების. ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის დახურულბოლოიანი კითხვები, ანუ სადაც მოცემული გაქვს რამდენიმე ალტერნატივა და სწორი პასუხი უნდა შეარჩიო და მხოლოდ ეს არის შენი დავალება. მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ღიაბოლოიანი დავალებები არ ფიგურირებდეს საგამოცდო ტესტში, თუ ჩვენ გვინდა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ახალგაზრდების შერჩევა.”

ამასთან, აწ უკვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, ”საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის” პრეზიდენტს მაია მიმინოშვილს მიაჩნია, რომ აბიტურიენტებისთვის გამოცდების რამდენჯერმე გადაბარების შესაძლებლობის მიცემა შესაძლოა შეეწინააღმდეგოს სამართლიანობის პრინციპს, რადგანაც შეუძლებელია შეიქმნას ერთნაირი სირთულის დავალებათა ისეთი მასშტაბის ბანკი, სადაც ათასობით ვარიანტი იქნება თავმოყრილი. ”ვიღაცას შეხვდება გაცილებით მარტივი დავალებები და ვიღაცას რთული, ხოლო ვისაც რთული შეხვდება, ის ელემენტარულად დაიჩაგრება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მაია მიმინოშვილმა. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოქვეყნდება, ”საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია, ის აპირებს დეტალურად შეისწავლოს და დასკვნებიც გამოიტანოს ახალ სტრატეგია ”8+1”-თან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG