Accessibility links

ლტოლვილთა დანიის საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სახელწოდებით „დევნილთა ინტეგრაციის ხელშემშლელი ფაქტორები და მათი დაძლევის მექანიზმები“, სადაც ასახულია ის პრობლემები, რომლებსაც დევნილები აწყდებიან საქართველოში - დაწყებული საცხოვრებელი პირობებით, დამთავრებული ჯანდაცვის მომსახურებით.

როდესაც საქმე ეხება დევნილთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველ მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს, მიაჩნია, რომ სახელმწიფო სწორი მიმართულებით ფიქრობს:

„ვთანხმდებით თუ არა ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, რომ მიმართულება არის სწორი? ამ შემთვევაში, ვფიქრობ, პასუხი არის დადებითი. მიმართულება, რომელიც მოიცავს დევნილთა ინტეგრაციას, რომელიც მოიცავს დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე ღირსეულ ცხოვრებას, ინტეგრაციისთვის ხელშეწყობას, საარსებო წყაროების გაჩენის შესაძლებლობას, ეს არის ის, რაზეც უკვე შეთანხმებულები ვართ. თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ეს არის მუდმივი დისკუსიის საგანი, და ჩვენ ასევე ღია ვართ იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ ჯობია, რა ნაბიჯი უფრო სწორი იქნება იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს“.

ჩვენი კონკრეტული რეკომენდაცია სახელმწიფოსა და მაღალჩინოსნებისათვის არის ის, რომ რეფორმები, რომლებსაც ახორციელებენ და რომლებიც სამომავლოდ დაიგეგმება, უნდა დაეფუძნოს კონკრეტულ, დევნილთა წინაშე არსებულ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სტატისტიკას...

თუმცა, სანამ მიზანი მიღწეულა, ნათელია, რომ, მიუხედავად სახელმწიფოს რიგი მცდელობებისა, სოციალური პროგრამებისა, განსახლების პოლიტიკისა თუ სხვა, საკმაოდ გრძელია იმ პრობლემების სია, რომლებთან გამკლავებაც საქართველოში მცხოვრებ დევნილებს ყოველდღიურად უწევთ. სწორედ ამაზე მეტყველებს ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი, სახელწოდებით „დევნილთა ინტეგრაციის ხელშემშლელი ფაქტორები და მათი დაძლევის მექანიზმები“. თუკი დოკუმენტში მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, უნდა ითქვას, რომ, მაგალითად, უმუშევრობის დონე დევნილებში უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობაში. მსოფლიო ბანკის 2013 წლის ანგარიშის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა 80 %-მდე თავს უმუშევრად მიიჩნევს. უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება დევნილთა საცხოვრებლებით დაკმაყოფილება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საგულისხმოა ე. წ. ნგრევადი ობიექტები. მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის დროს ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს უპირატესობა ენიჭებათ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს ინფორმაციით, იმ 90-მდე ნგრევადი ობიექტიდან, რომლებიც ექსპერტთა მიერაა იდენტიფიცირებული, 2015 წლის მონაცემებით, მხოლოდ 38 ობიექტია დაცლილი. ანუ დევნილთა ნაწილი ჯერ კიდევ ცხოვრობს ფართებში, სადაც ცხოვრება საშიშია. რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, დოკუმენტის თანახმად, რაიონულ კლინიკებსა და საავადმყოფოებში გეგმიური სამედიცინო მომსახურებისას ხშირად ვერ ხერხდება დარგობრივი სპეციალისტის მომსახურების ანაზღაურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. შესაბამისად, ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ დევნილებს თავად უწევთ მომსახურების თანხის გადახდა, რასაც ემატება, ასევე, ძვირად ღრებული მედიკამენტებიც. საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორ სვენდ მონრად გრაუნბოელის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დევნილების გაჩენიდან 20 წელზე მეტია გასული, ისინი კვლავაც რთული გამოწვევების წინაშე დგანან. სწორედ ამიტომ იძლევა ის რეკომენდაციებს, რომლებიც სიტუაციის გამოსწორებისკენაა მიმართული:

„ჩვენი კონკრეტული რეკომენდაცია სახელმწიფოსა და მაღალჩინოსნებისათვის არის ის, რომ რეფორმები, რომლებსაც ახორციელებენ და რომლებიც სამომავლოდ დაიგეგმება, უნდა დაეფუძნოს კონკრეტულ, დევნილთა წინაშე არსებულ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სტატისტიკას“.

დამიერ ჟუსელმი, წარმომადგენელი ჟენევაში მოქმედი ორგანიზაციისა „იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთობლივი პროფაილინგის სერვისი“, ათი დღეა, რაც საქართველოში იმყოფება და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს სწავლობს. მისთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი გამოდგა ერთი კონკრეტული ფაქტი:

„თქვენ საცხოვრებელი პირობების ძალიან განსხვავებული სტანდარტები გაქვთ. ანუ, საცხოვრებელი პირობები ერთ დასახლებასა და მეორე დასახლებას შორის საკმაოდ განსხვავდება. ჩვენ ახლა გვინდა გავარკვიოთ, როგორი სხვაობაა დევნილებისა და დანარჩენი საზოგადოების საცხოვრებელ პირობებს შორის“.

რაც უფრო მეტი პროგრამა განხორციელდება საქართველოში დევნილთა ინტეგრაციის თვალსაზრისით, მით უფრო უკეთესი იქნება, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იულია ხარაშვილი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარე. ის სწორედ იმ რთულ ეკონომიკურ და არათანაბარ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც დევნილებს უწევთ ცხოვრება. მას პრობლემის საილუსტრაციოდ მოჰყავს დევნილთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები:

„დაუსაქმებლობა ორჯერ უფრო მაღალია დევნილთა საზოგადოებაში და, გარდა ამისა, დევნილთა საშუალო ხელფასი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ადგილობრივი დასაქმებულისა და ის შეადგენს 453 ლარს, თუ არ ვცდები. ასევე ძალიან მაღალია სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა დევნილთა შორის“.

აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა დანიის საბჭომ დევნილთა საკითხები საქართველოს ხუთ ქალაქში - ქუთაისში, წყალტუბოში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში - შეისწავლა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG