Accessibility links

logo-print

დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ საქართველოში - გამოძიება დაიწყო


ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ თანხმობა მისცა პროკურორს გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები. პროკურორ ფატუ ბენსუდას მოთხოვნისა და მის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლის შემდეგ, წინასასამართლო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობს შესაბამისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში მოქცეული დანაშაულებები მოხდა აგვისტოს ომის წინ, მისი მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგ. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჰააგის პროკურორს დამატებით ინფორმაციას 1 თვის ვადაში მიაწვდის.

27 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის სამმა მოსამართლემ პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნებართვა მისცა, 28 იანვარს კი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგამოძიებო პროცესის დაწყების გადაწყვეტილება პოზიტიურ ფაქტად შეაფასა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან:

“კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც, ერთი მხრივ, რუსეთში და, მეორე მხრივ, საქართველოში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის“.

გუშინდელ განცხადებაში ჩვენ ვნახეთ, რომ საუბარი არის ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ ორივე მხარეში იგულისხმებიან ქართული და სამხრეთოსეთული შეიარაღებული ფორმირებები...

თეა წულუკიანი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულია ყველა საკითხი, რომელიც საქართველომ, როგორც მხარემ, დააყენა პროკურორ ფატუ ბენსუდასთან მისი თბილისში ვიზიტის დროს.

თუმცა, მისგან განსხვავებით, აქცენტებს ნაწილობრივ განსხვავებულად სვამს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელსაც, მართალია, ჰააგის სასამართლოს გამოძიების ობიექტურობის იმედი აქვს, მაგრამ ასევე ისურვებს, რომ გამოძიების პროცესში სუბიექტები და მხარეები შეიცვალონ:

“გუშინდელ განცხადებაში ჩვენ ვნახეთ, რომ საუბარი არის ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ ორივე მხარეში იგულისხმებიან ქართული და სამხრეთოსეთული შეიარაღებული ფორმირებები და ეს რას ნიშნავს, ჩვენთვის ძალიან გაუგებარი და წარმოუდგენელი ცნებაა“.

რაც შეეხება მხარეებს, კერძოდ, ეთნიკური წმენდისა და სხვა დანაშაულებების განხორციელებას სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელმა პაატა გაფრინდაშვილმა გვითხრა, ეს ფორმირებები, მართალია, უკანონო იყო, მაგრამ ისინი არსებობდნენ და მოქმედებდნენ:

“უფრო მეტიც, იქ ნათქვამია, რომ ეს ფორმირებები რუსული ძალების მფარველობის ქვეშ იყო. ანუ იქ ლაპარაკია, რომ ეს იყო საქართველო-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტი და შავით თეთრზე წერია, რომ ამგვარ კონფლიქტს ადგილი ჰქონდა უკვე 2008 წლის ივლისიდან და ეს არ ყოფილა მხოლოდ აგვისტოს თემა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის ხსენებას, აქ არაფერია საგანგაშო: ფაქტია მოყვანილი, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები სჩადიოდნენ დანაშაულს, მაგრამ აქვე წერია, რომ ისინი რუსული ძალების მფარველობის ქვეშ იყვნენ და რუსული ძალებიდანაც კონკრეტულ ვიღაცებს ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი“.

პაატა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ საქმე ეხება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს, კერძოდ, ეთნიკურ წმენდას და ჰააგის სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებით ჩნდება შესაძლებლობა, რომ სამართალმა იზეიმოს.

ფატუ ბენსუდა

ფატუ ბენსუდა

ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში 2015 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. მაშინ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორთან გამართული შეხვედრების შემდეგ, პროკურორმა მედიასთან დააზუსტა, რომ გამოძიება ორი ძირითადი მიმართულებით წარიმართება - კერძოდ, ეთნიკური ქართველების მკვლელობები, იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთოსური ძალების მიერ, რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით, და, მეორე, „მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე სამხრეთოსური ძალებისა და რუს სამშვიდობოებზე - ქართული ძალების“. შუამდგომლობაში კი, რომელიც 160 გვერდს მოიცავს, აღწერილია ქართულ, რუსულ და სამხრეთოსურ მხარეებთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულები. დოკუმენტს ახლავს კონფიდენციალური დანართი, იმ პირების ან ჯგუფების ჩამონათვალით, რომელთაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჩადენილ დანაშაულებში.

ფატი ბენსუდა ამბობს, რომ გამოძიება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება:

“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჩემს ოფისს მისცა უფლება, დაიწყოს საქართველოში 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება. გამოძიების დაწყება საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, სანდო ინფორმაციის საფუძველზე, მოვითხოვეთ გასული წლის ოქტომბერში. ეს ეხება შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ სამივე მხარეს - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, სამხრეთ ოსეთის ძალებს და რუსეთის სამხედრო ძალებს“.

ფატუ ბენსუდას თანახმად, გამოძიების პროცესში სხვადასხვა წყაროებიდან შეგროვდება მტკიცებულებები და, დანაშაულის მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში, გაიცემა ამა თუ იმ ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერი ან სასამართლოში გამოძახების მოთხოვნა.

გამოძიება, პროკურორის თანახმად, კონფიდენციალური იქნება.

ჩვენ, ფონდი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, დავეხმარეთ დაზარალებულებს, რომ მოგვემზადებინა წარმომადგენლობები მათი სახელით და გაგვეგზავნა სასამართლოში...

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ აგვისტოს ომის დანაშაულებების გამოძიების დაწყებას, შეიძლება ითქვას, პოლიტიკური წრეების გარდა, ცალსახად დადებითად აფასებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც: დაზარალებულთა პოზიციების თავმოყრისა და ჰააგის სასამართლოში გადაგზავნის პროცესში 8 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა. როგორც პროცესის კოორდინატორი ორგანიზაციის, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“, ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერმა ნიკა ჯეირანაშვილმა გვითხრა, სამოქალაქო სექტორი მზადაა აქტიური დახმარება გაუწიოს ჰააგის პროკურორის მიერ წარმოებულ საგამოძიებო პროცესს:

“ჩვენ, ფონდი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, დავეხმარეთ დაზარალებულებს, რომ მოგვემზადებინა წარმომადგენლობები მათი სახელით და გაგვეგზავნა სასამართლოში. შესაბამისად, დავაფიქსირეთ ამ ადამიანების მოსაზრებებიც. საერთო ჯამში, სასამართლომ მიიღო 6 000-ზე მეტი წარმომადგენლობა, ანუ 6 000-ზე მეტი დოკუმენტი, რომელშიც დაზარალებულების მოთხოვნები იყო ასახული. ჩვენ მოვითხოვდით სასამართლოსგან, რომ ამ ეტაპზე გაზრდილიყო გამოძიების ფარგლები, მაგალითად, სექსუალური ტიპის დანაშაულებები, რომლებიც არ იყო აქამდე პროკურორის მოთხოვნაში შესული“.

სამოქალაქო სექტორი ითხოვს ასევე გამოძიების ფარგლების ტერიტორიის გაფართოებას, კერძოდ, კოდორის ხეობის ჩართვას. განსაკუთრებულ ღონისძიებათა შორის გამოიყოფა ასევე მოწმეთა დაცვის უზრუნველყოფა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიების პროცესს, თავის მხრივ, გამოეხმაურნენ რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირებიც. კერძოდ, რუსული მედიის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ტასოევი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლო გვერდს ვერ აუვლის ქართველი ჯარისკაცების მიერ „სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ ათასობით ჩვენებას“, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმირ მარკინი კი ამბობს, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებები დეტალურად გამოიძია და მასალები საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა.

ჰააგის სასამართლოს გამოძიების პროცესი 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილ დანაშაულებებზე, წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე წელს გასტანს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG