Accessibility links

10 ნოემბერს გალერეა „კონტეინერში“ გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით „მახსოვს“. რვა ხელოვანმა საკუთარი მეხსიერების კადრები გამოფინა, სხვადასხვა სახით: ფოტო, ტექსტი, ნახატი.

ბევრი რამ გვახსოვს. მაგალითად, გვახსოვს კალეიდოსკოპი, ღრმა და ჭრელი სამყარო, ერთი გადატრიალებით რომ იცვლიდა ფორმას და სასწაული რომ გვეგონა. მაგალითად, თამაში გვახსოვს - თამაში მამასთან, რომელიც როგორც ვერტმფრენს, ისე დაგატარებდა, ჭერში აწეულს, და თავი მართლა ვერტმფრენი გეგონა. გვახსოვს სკოლის დაფაზე ცარცის კაკუნი, სურნელი ბებიის გარდერობში - ალბათ, უფრო სარეცხის საპნის ან ნაფტალინის. შეიძლება დედა გვახსოვდეს, რაფაზე დამდგარი, ფანჯრებს რომ წმენდს და შენ სუნთქვაშეკრული დგახარ: არ გადავარდეს. გაზეთი შეიძლება გვახსოვდეს, მაგალითად, „კომუნისტი“ და, განსაკუთრებით, კვადრატული ფორმის შრიფტი. შოკოლადის ფილებიც შეიძლება გვახსოვდეს, საბჭოთა გასტრონომებში პირამიდებად დალაგებული. ომი შეიძლება გახსოვდეს, შენ თუ არა, დედაშენს ახსოვდეს ან ბაბუაშენს. ან, სულაც, შეიძლება რაღაცების დამახსოვრება გვინდოდეს, არასდროს რომ არ დაგვავიწყდეს. ან სხვებს რომ ვახსოვდეთ, ის გვინდოდეს.

ეს ფოტო დაახლოებით 15 წლის წინ ვიპოვეთ იმ სოფელში, სადაც დედის მხრიდან ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. ეს ფოტოც და სხვა ფოტოებიც, ძალიან დიდი ხანია მაქვს და სულ მახსოვს, რომ არის ძალიან კარგი ვიზუალური მასალა. ვათვალიერებ ხოლმე და ვცდილობ მათში რაიმე ახალი დავინახო, მიუხედავად იმისა, რომ ეს, უბრალოდ, სამახსოვრო ფოტოებია...

ასე გადაწყვიტეს ფოტოგრაფებმა დაემახსოვრებინათ ან არ დაემახსოვრებინათ ის ნივთები და ის შეგრძნებები, რაც მათთვის ოდესღაც ან ღირებული იყო, ან მტკივნეული, ან მნიშვნელოვანი. რვა ხელოვანმა გალერეა „კონტეინერში“ ის ფოტონამუშევრები თუ ნივთები გამოფინა, რამაც მათ მეხსიერებაში კვალი დატოვა. გალერეის შესასვლელში გამოკიდებულ პოსტერზე სიტყვა „მეხსიერების“ განმარტება წერია, რომ ის ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარია. საჭიროების შემთხვევაში კი ამ ინფორმაციის მოთხოვნის შესაბამისად გამოყენება შეგვიძლია. ამ იდეით გაერთიანდნენ ფოტოხელოვანები და „კონტეინერის“ კედლებზე გამოფინეს ის ნამუშევრები, რომლებიც მათმა მეხსიერებამ სხვადასხვა მიზეზით შეინახა.

მათ შორისაა გურამ წიბახაშვილი. მის ორ ნამუშევარს, რომელიც გალერეის კუთხეში კიდია, „უკან სსრკ-ში“ ჰქვია და 1992 წელს არის შესრულებული. ხის ნაჭერში ჩაკერებული საბჭოთა ჯარისკაცის ქამრის რკინის ბალთა და, საერთოდ, ყველა ის რკინის ნივთი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცის სამოსზე იყო დამაგრებული. - საბჭოთა კავშირი სულ რაღაც ორი-სამი წლის დამთავრებული იყო და სულ მქონდა შიში იმისა, რომ ის შეიძლებოდა უკან მობრუნებულიყოო, - მეუბნება გურამი, რომელიც მიხსნის, რატომ შექმნა ეს ნამუშევარი, რომლის ქვეშაც მის კიდევ ერთ ნამუშევარს ვაკვირდები. რკინის ხელები, რომელსაც შავ-თეთრი პორტრეტი, უფრო ზუსტად კი, თვალები უჭირავს:

გურამ წიბახაშვილი

გურამ წიბახაშვილი

„ესეც 1992 წელს გავაკეთე. და მოგეხსენებათ, როგორი რთული პერიოდი იყო. რეალურად სხეულის გადარჩენაზე უფრო ვფიქრობდით, ვიდრე სულის გადარჩენაზე. ეს არის ორი ხელი, რომელსაც უჭირავს ფოტო, რომელიც გამოხატავს ადამიანის სხეულს, და ხედავთ, რომ მარტო თვალები ჩანს ამ ადამიანისა, გიყურებს. ეს არის ძველი ფოტოს - 30-იანი წლების საბჭოთა კავშირის ფოტოს - „რიმეიკი“.

27 წლის შაბიამნისფერთმიანი ანა ლორთქიფანიძე თავის მახსოვრობასთან, ანუ თავის ნამუშევრებთან, მიმყავს. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული, ე.წ. სქრინშოთები იმ მესიჯებისა, რომელსაც ანა და სხვა ერთმანეთს სწერდნენ. უბრალოდ, მათი საუბარი წაშლილია. წაშლილია მარტივად, კომპიუტერული პროგრამის paint-ის შავი ფლომასტრით. სამი სქრინშოთი ჩარჩოებშია ჩასმული, მათ შორის კი ანას ფოტო კიდია. უბრალოდ, ეს ფოტოც წაშლილია, უფრო ზუსტად, ამოკაწრული. ანა არ ჩანს. უბრალოდ, ჩანს ის, რომ ანას შავი შარვალი აცვია, მუხლზე გამოგლეჯილი, და კიდევ - სტაფილოსფერი პერანგი. ის ლურჯ სკამზე ზის. აი, რა დაიმახსოვრა, თუ, პირიქით, არ დაიმახსოვრა და მეხსიერებიდან ამოშალა ანამ. „დეაქტივირებული“ - ასე ჰქვია ანას ნამუშევარს:

გამოფენა "მახსოვს"

გამოფენა "მახსოვს"

„ეს არის შიდა საუბრები, რომელიც აღარ არის აქტიური და შეგიძლია საერთოდ წაშალო მეხსიერებიდან ან ეცადო მაინც, რომ არ გახსოვდს. რეალურად ეს არის იმ მეხსიერების წაშლა, რომელიც, უბრალოდ, არ გინდა, რომ თან გქონდეს. ეს პორტრეტიც ერთგვარი წაშლაა მეხსიერებისა. საკუთარი თავიდან ამოშლა რაღაცების, რაც არ გინდა, რომ არსებობდეს“.

გურამ კაპანაძე ხელოვნებათმცოდნეა. ფოტოგრაფიით 10 წლის წინ დაინტერესდა. მის ნამუშევარს ჰქვია „ელენეს ვახსოვდე“. სანტიმენტალურია მისი ნამუშევარი. შუშის მიღმა მოქცეული გაყვითლებული, გაცრეცილი ფოტო კაცისა საოჯახო ალბომიდან - სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის მიწურულს გადაღებული. ზედ კი კალმით, შესაშური კალიგრაფიით მიწერილი ორი სიტყვა: „ვახსოვდე ელენეს“. ვინ იყო ელენე ამ კაცისთვის, - ცოლი, შვილი თუ მეგობარი, - ეს გურამმა არ იცის. გურამმა ფოტო რამდენიმე წლის წინ გურიაში, სოფლის სახლში, საოჯახო ალბომში აღმოაჩინა. ფოტოს ქვევით გურამს ფოლკნერის ციტატა აქვს მიწერილი: „ხელოვანი იყენებს ყველაფერს, რაც გამოადგება ყოველგვარი წყაროდან“. გურამი ამ ციტატისა და ფოტოს ერთობლიობით შეუერთდა გამოფენას, სახელწოდებით „მახსოვს“:

გამოფენა "მახსოვს"

გამოფენა "მახსოვს"

„ეს ფოტო დაახლოებით 15 წლის წინ ვიპოვეთ იმ სოფელში, სადაც დედის მხრიდან ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. ეს ფოტოც და სხვა ფოტოებიც, ძალიან დიდი ხანია მაქვს და სულ მახსოვს, რომ არის ძალიან კარგი ვიზუალური მასალა. ვათვალიერებ ხოლმე და ვცდილობ მათში რაიმე ახალი დავინახო, მიუხედავად იმისა, რომ ეს, უბრალოდ, სამახსოვრო ფოტოებია“.

კიდევ ერთი ნამუშევარი, უფრო ზუსტად კი, ორი ფოტო, რომელიც დამთვალიერებლის ყურადღებას იპყრობს, თინათინ კიღურაძეს ეკუთვნის. ანალიზისთვის აღებული სისხლი გამჭვირვალე სინჯარაში, სინჯარაზე ლურჯი წარწერით - „კიღურაძე“. რა დაიმახსოვრე? ვეკითხები თინათინს:

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გვარი სულაც არ არის კიღურაძე და ეს ჩემი ქმრის გვარია, იმდენი ხანია უკვე ამ გვარს ვატარებ, რომ იდენტიფიცირება მიჭირს უკვე ჩემს ნამდვილ გვართან. ეს ფოტო გენურ მეხსიერებასთან დაკავშირებით გადავიღე. ჩემი გენი ინახავს კი ჩემს გვარს, თუ ამ ყველაფერთან ერთად ჩემი გვარიც წაიშალა?! ეს არის ჩვეულებრივი სისხლის ანალიზის ფოტო და ეს კი ჩემი ხელი, რომელიც ანალიზის აღების შემდეგ გამოიყურებოდა ასე“.

გამოფენა "მახსოვს"

გამოფენა "მახსოვს"

გალერისტი ირინა პოპიაშვილი ყურადღებით აკვირდება გალერეა „კონტეინერში“ გამოფენილ ნამუშევრებს. მისთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა ეს გამოფენა იმ თვალსაზრისით, რომ აქ არა მხოლოდ ფოტოგრაფიაა წარმოდგენილი, არამედ „კონტეინერის“ კედლებზე გამოფენილი ნამუშევრები ხელოვნების სხვადასხვა დარგს მიეკუთვნება. საინტერესოა მისთვის გამოფენის თემაც: მეხსიერება - შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ ინდივიდს უნიკალური აქვს:

„სხვადასხვა ტიპის მეხსიერებაა გამოფენაზე წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ანა ლორთქიფანიძის ნამუშევრები. მანამდე არ მქონდა ნანახი და ძალიან მომწონს მისი სქრინშოთები იმ ტექსტ-მესიჯებისა, რომლებიც ამოშლილია. ამ გამოფენაზე ტექსტსაც ვხვდები, ფოტოსაც. მთლიანობაში, ვიზუალურად ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა“.

არავის აინტერესებს რას შეიძლება ინახავდეს იმ რეპორტიორის მეხსიერება, რომელიც ამზადებდა სიუჟეტს გამოფენაზე, სახელწოდებით „მახსოვს“. ეს დაწერილი თუ დაუწერელი კანონია - რეპორტიორის სანტიმენტები არავის აინტერესებს. უბრალოდ, რამდენიმე წამით დავფიქრდი, მეხსიერების რომელ კადრს გამოვიტანდი სხვების დასანახად, ამის შესაძლებლობა რომ მქონოდა. მოკლედ, მე მახსოვს... თქვენც გახსოვთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG