Accessibility links

logo-print

ტრადიციების დაკარგვის შიში და ევროკავშირი


„ევრაზიის თანამშრომლის ფონდის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია

„ევრაზიის თანამშრომლის ფონდის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია

საქართველოს მოქალაქეებმა 2015 წელს უფრო მეტი იციან ევროკავშირის შესახებ, ვიდრე 2009 წელს იცოდნენ, თუმცა შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა - ასეთია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. "ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009-15 წლებში". ამ სახელწოდების გამოკვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოში ჰოლანდიისა და შვედეთის ელჩებთან ერთად ესწრებოდა. იანოშ ჰერმანმა გამოკვლევა შეადარა „სარკეს“, რომელშიც არსებული რეალობა ირეკლება.

გამოკვლევის შედეგებზე საუბრისას ორგანიზაცია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე გამოკითხვისას დასმულ მთავარ შეკითხვაზე გაცემულ პასუხებზე სვამს აქცენტს:

ქეთევან ვაშაკიძე

ქეთევან ვაშაკიძე

„ხვალ რომ რეფერენდუმი იყოს, ევროკავშირში გაერთიანებას დაუჭერდით თუ არა მხარს? - იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც დაუჭერდა მხარს, 78 %-იდან 61%-ზეა ჩამოსული“.

ქეთევან ვაშაკიძე იმ მთავარ მიზეზზეც ამახვილებს ყურადღებას, რამაც, ევროკავშირის მიმართ წლების განმავლობაში ცოდნის ამაღლების მიუხედავად, მისი მხარდამჭერების რაოდენობის კლება გამოიწვია:

„ყველაზე დიდი შიში არის, რომ ევროპული ღირებულებები და ქართული ტრადიციები კონფლიქტში მოდის“.

კვლევის თანახმად, როგორც მოსალოდნელი იყო, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ცოდნის დონე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ კუთხით, განსაკუთრებით თვალშისაცემია განსხვავება თბილისის მოსახლეობასა და თბილისის გარეთ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა თვლის, რომ ევროკავშირის შესახებ საკმარის ინფორმაციას არ იღებს. კერძოდ, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ ისურვებდა ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ, ევროკავშირის მიმართ ცოდნის მიწოდების თვალსაზისით, ხელისუფლება სრულყოფილად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და ეს ჩანს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროსაც:

ქეთევან ჩაჩავა

ქეთევან ჩაჩავა

„ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ მოსახლეობასთან - განსაკუთრებით, სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებთან - და ფაქტია, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა. როცა უხსნი მოსახლეობას, გაკვირვებული რჩებიან, რომ ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალეთნიკური მრავალკულტურული გაერთიანება, სადაც, პირველ რიგში, პატივს სცემენ წევრი სახელმწიფოების კულტურულ თუ რელიგიურ ფასეულობებს და მნიშვნელოვანია, ყველა ჩართულმა მხარემ გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა ამ ჭრილში“.

საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრებთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების გაზრდის აუცილებლობაზე დასვა აქცენტი ანგარიშის პრეზენტაციაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. მისი თქმით, მსგავსი ანგარიშები დაეხმარება საქართველოსაც და ევროკავშირსაც სამომავლო სამუშაოს დაგეგმვაში.

„მიუხედავად იმისა, რომ მხარდაჭერა ისეთი აღარაა, მაინც მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ თქვენი კვლევიდან ასევე დავინახეთ, რომ არის ჯგუფები, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. ეს განსაკუთრებით ეხება სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი თანამშრომლობის პრაქტიკული სარგებელი ჯერ არ უნახავთ იმ ადგილებში, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს. ამიტომ ამ ფაქტორებს ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვესმის ეკონომიკის მნიშვნელობა. ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კვლევის შედეგები, იმისათვის რომ დავინახოთ როგორ შეგვიძლია გავზარდოთ ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ჩვენ შორის, რათა მეტი და მეტი ხელშესახები პრაქტიკული სარგებელი მოვუტანოთ მოსახლეობას“.

საკმაოდ ნათელია, რომ ფრანგები დარჩნენ ფრანგებად, გერმანელები - გერმანელებად და შვედები ისეთივე შვედები ვართ, როგორებიც გაწევრიანებამდე ვიყავით და საკმაოდ ნათელია სლოგანი „მრავალფეროვნებით გაერთიანებული“...

შვედეთის ელჩი საქართველოში მარტინა კვიკი ანგარიშში მოყვანილ იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია ევროკავშირის მიმართ ინტერესის შემცირებაზე ღირებულებებისთვის საფრთხის შექმნის მიზეზით. მარტინა კვიკის თქმით, მსგავსი შიში შვედეთსაც ჰქონდა, როცა წლების წინ ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილებას იღებდნენ:

„საკმაოდ ნათელია, რომ ფრანგები დარჩნენ ფრანგებად, გერმანელები - გერმანელებად და შვედები ისეთივე შვედები ვართ, როგორებიც გაწევრიანებამდე ვიყავით და საკმაოდ ნათელია სლოგანი „მრავალფეროვნებით გაერთიანებული“ - ის კარგად აღწერს, რა სარგებელს ვიღებთ თითოეული ჩვენგანი ევროპის ერთიან გუნდში მუშაობით და, ამავდროულად, ვინარჩუნებთ ჩვენს კულტურულ იდენტობას და ეს მართებულია ჩვენს ასოცირებულ პარტნიორთან, საქართველოსთან, მიმართებითაც“.

„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ გამოკვლევაში ასახული ტენდენციები რუსეთის რბილი ძალის მუშაობის შედეგად მიაჩნია „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა მიზანმიმართულად მუშაობს, ყველა შესაძლო სარბიელს იყენებს ანტიდასავლური განწყობების გასავრცელებლად და ცდილობს ევროსკეპტიკური განწყობები პირდაპირ მიაბას საქართველოში მგრძნობიარე ეროვნულობის ცნებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG