Accessibility links

logo-print

ავტორი: ანა ლომთაძე

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა გამოკვლევის თანახმად, ტრანსგენდერი ბავშვების გენდერული იდენტობა თანმიმდევრული და მყარია.

ეს პირველი გამოკვლევაა, რომელმაც გენდერული იდენტობის შესასწავლად ერთდროულად გამოიყენა როგორც მონაწილეთა ჩვენებები, ისე არაპირდაპირი მეთოდები. ერთი მხრივ, ბავშვებს უსვამდნენ კონკრეტულ შეკითხვებს მათი გენდერული იდენტობის შესახებ. მეორე მხრივ, აკვირდებოდნენ მათ ავტომატურ გენდერულ ასოციაციებს.

გამოკვლევის ავტორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი კრისტინა ოლსონი გამოკვლევის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ამ საკითხზე სამეცნიერო ინფორმაცია მეტად მწირია, თითქმის არაფერია მშობლებისთვის. ექიმები მათ ეუბნებიან, რომ არ იციან, რასთან აქვთ საქმე. შემდეგ მშობლებს უწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად, იმის თაობაზე, როგორ ატარონ შვილი სკოლაში: როგორც გოგო თუ როგორც ბიჭი? ბავშვი თერაპევტთან უნდა მიიყვანონ, რომ ქცევა შეიცვალოს, თუ პირიქით, მხარი დაუჭირონ მას?“

ბევრის აზრით, მცირეწლოვანი ბავშვები ვერაფრით იქნებიან ტრანსგენდერები და მათი გენდერული იდენტობის ცვლილება მხოლოდ საკუთარ თავში გაურკვევლობის, ან მოჩვენების შედეგია. ზოგი ექპერტი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ტრანსგედერი ბავშვები გარკვეული დროის შემდეგ მაინც ბიოლოგიურ სქესს ანიჭებენ უპირატესობას.

მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებული გაურკვევლობა თანდათან იფანტება. სულ უფრო მეტი მშობელი, ექიმი და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი ირწმუნება, რომ ტრანსგენდერ ბავშვებს საშუალება უნდა მიეცეთ, იცხოვრონ იმ გენდერული იდენტობის მიხედვით, რომელსაც თვითონ მიაკუთვნებენ თავს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 5-დან 12 წლამდე ასაკის 32-მა ტრანსგენდერმა ბავშვმა. ყველა მათგანს ჰქონდა ოჯახის მხარდაჭერა და ისინი ყოველმხრივ სრულფასოვნად გამოხატავდნენ თავიანთ გენდერულ იდენტობას. ტრანსგენდერ ბავშვებთან ერთად კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ იმავე ასაკის სისგენდერი (ანუ, არატრანსგენდერი) ბავშვებიც.

კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი ასოციაციის ტესტი, რომლის დროსაც მკვლევრები აკვირდებოდნენ, რამდენად სწრაფად უჩნდებოდათ ბავშვებს ასოციაცია ტერმინებთან „მამრობითი“ და „მდედრობითი“.

ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ ტრანსგენდერი ბავშვები ისევე დარწმუნებით და უყოყმანოდ მიაკუთვნებდნენ თავს თავიანთ გენდერულ იდენტობას, როგორც იმავე ასაკის სისგენდერი ბავშვები. ამასთან, ტრანსგენდერი გოგონები იმავე სათამაშოებს, ტანსაცმელს თუ საჭმელს ანიჭებდნენ უპირატესობას, რომელსაც სისგენდერი გოგონები. ასევე იყო ტრანსგენდერი ბიჭუნების შემთხვევაშიც.

გამოკვლევაში ვკითხულობთ:

„იმის მიუხედავად, რომ მუდამ იარსებებს ახალი გამოკვლევების საჭიროება, ჩვენი შედეგები განამტკიცებს იმ აზრს, რომ ტრანსგენდერი ბავშვები არ არიან დაბნეულები, განვითარების თვალსაზრისით არ აქვთ არავითარი შეფერხება და არ ახასიათებთ გენდერულად ატიპური ან წინააღმდეგობრივი ქცევა. პირიქით, ტრანსგენდერი ბავშვების პასუხები აბსოლუტურად დამახასიათებელი და მოსალოდნელია მათი ასაკის და გენდერული იდენტობის მქონე ბავშვებისთვის.“

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ტრანსგედერი ბავშვების უმრავლესობა არ ცხოვრობს ისეთ ოჯახებში, სადაც მათ საშუალება ექნებოდათ, თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი გენდერული იდენტობა. ვაშინგტონის უნივერსიტეტის გამოკვლევაში ეს ბავშვები არ არიან ასახული.

კრისტინა ოლსონი აპირებს, დააკვირდეს ასამდე ტრანსგენდერი ბავშვის ცხოვრებას მათი მოწიფულობის ასაკამდე და შეისწავლოს, რა გავლენა აქვს ოჯახის თუ მეგობრების მხარდაჭერას მათ განვითარებაზე. ეს იქნება პირველი გრძელვადიანი კვლევა ტრანსგენდერ ბავშვებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს, როგორი იქნება მათი ცხოვრება, რადგან დღეს ძალიან ცოტა ტრანსგენდერი ადამიანია, ვისაც ბავშვობაში სრულად შეეძლო თავისი გენდერული იდენტობის გამოხატვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული თაობის შესწავლა. ისინი პიონერები არიან“.

გასულ თვეში, გამოცემა „მედიკალ ნიუს ტუდეიმ“ გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის მიხედვით ძალიან ცოტა ფული იხარჯება ლგბტ თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო გამოკვლევებზე. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი ბიუჯეტის მხოლოდ ნახევარ პროცენტს ხარჯავს იმ გამოკვლევებზე, რომლებიც უკავშირდება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი პირების ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

XS
SM
MD
LG