Accessibility links

გამომცემლები და განათლების სამინისტრო სასამართლოს წინაშე


თბილისის საქალაქო სასამართლოში საავტორო უფლებების აღდგენისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხზე გამომცემლობებსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის არსებული დავის განხილვა დაიწყო, თუმცა 30 იანვარს პროცესი მალევე დასრულდა - სასამართლომ საქმეში მესამე მხარედ განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ჩართვა მოითხოვა. დავა კი განათლების სამინისტროსა და გამომცემლობებს შორის მას შემდეგ ატყდა, რაც სახელმწიფომ სახელმძღვანელოების ბეჭდვის ექსკლუზიური უფლება 4 სტამბას მიანიჭა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით 4-მა გამომცემლობამ მიმართა. გამომცემლობები „ ინტელექტი“, „დიოგენე“, „არტანუჯი“ და „ლოგოს პრესი“ ამბობენ, რომ განათლების სამინისტრომ, მათ მფლობელობაში არსებული საავტორო უფლებების მითვისებით, გამომცემლობებს სოლიდური ზიანი მიაყენა. გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორის კახმეგ კუდავას თქმით, ზარალი სამი კატეგორიისაა:

“პირველი კატეგორია ეს არის დამდგარი ზარალი, - ასე ეძახიან იურისტები, - რომელიც ამ წელს მოგვადგა ჩვენ. მეორე მოსალოდნელი ზარალი, გრიფირების ვადით რაც მოგვადგა, და მესამე, რა თქმა უნდა, მორალური ზარალი: ჩვენს საწინააღმდეგოდ თავად განათლების მინისტრიც გამოდიოდა და ჰყვებოდა ზღაპრებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ცუდი ხალხი ვართ და ცუდად ვიქცეოდით თითქოს“.

კახმეგ კუდავას თანახმად, ამ ეტაპზე პირველი ორი კატეგორიის ზარალის ანაზღაურების საკითხი განიხილება. გამომცემელი ამბობს, რომ, გასულ წელთან შედარებით, მარტო „ინტელექტის“ შემოსავლები 90 პროცენტითაა შემცირებული. შემცირდა თანამშრომელთა რაოდენობა, 4 თვით იყო დახურული გამომცემლობის სტამბა და სხვ. ასეთი შედეგი მოჰყვა გამომცემლობა „ინტელექტისთვის“ საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომელიც საჯარო სკოლებისთვის უფასო სახელმძღვანელოების დარიგების გადაწყვეტილებას შეეხება. გადაწყვეტილების შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა, საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 8 აპრილს განაცხადა:

“ჩვენი მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვიწყებთ სახელმძღვანელოების თემაზე მუშაობას. მე და ჩემი გუნდი ხუთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით ამ საკითხებზე. ძალიან ბევრი ვარიანტი, მოდელი და ვერსია იქნა გააზრებული, მაგრამ მიზანი იყო ერთი და სავალდებულო, რომ ის, რაც არის ამ ბავშვების და მათი მშობლების კონსტიტუციური უფლება, მათ ჰქონდეთ და მათ მიიღონ მყისიერად, დღესვე. და დღეს მე მათ, ჩემს თავს და ყველას საქართველოში ვულოცავ, რომ სახელმძღვანელოები საჯარო სკოლებში იქნება უფასო“.

განათლების მაშინდელი მინისტრის, გიორგი მარგველაშვილისა, და საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ გამომცემლობებს, გარდა იმისა, რომ,მათი შეფასებით, მთავრობამ მათი ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა მოახდინა და დაასუსტა საგამომცემლო ბიზნესი. კერძოდ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი რესურსებით დაებეჭდა და საჯარო სკოლებში უფასოდ გაევრცელებინა სახელმძღვანელოები, რომლებიც შექმნილი იყო კერძო გამომცემლობების მიერ და მათ ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენდა. რაც შეეხება მოგებას:

“დადგენილი პროცენტი არის 10 პროცენტი, რომლის ფარგლებშიც ვგეგმავთ გავცეთ ჰონორარი, კომპენსაცია იმ ავტორებზე, ვისი სახელმძღვანელოებიც და ვის გრიფირებულ სახელმძღვანელოებსაც ვიყენებთ“, განმარტავს უკვე მოქმედი მინისტრი თამარ სანიკიძე. გამომცემლები კი საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივი გზებით ცდილობენ:

“ვინაიდან საქართველოს მთავრობამ ძალაში დატოვა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოვითხოვეთ ზარალის ანაზღაურება, უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება განათლების სამინისტროსგან. ამჟამად ზიანის ოდენობა, რომელსაც ითხოვს ის ოთხი გამომცემელი, რომლის ინტერესებსაც ჩვენ წარმოვადგენთ, შეადგენს დაახლოებით 15 მილიონ ლარს“, ამბობს ადვოკატი თამთა ივანიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას გამომცემლები იმის ტესტადაც მიიჩნევენ, მოწოდებულია თუ არა სახელმწიფო ბიზნესის ინტერესები დაიცვას. თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდა, გამომცემლების სარჩელი განიხილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშიც. აქ სარჩელის საფუძველია ის საკანონმდებლო აქტი, რომლის ძალითაც გამომცემლებს საკუთრების უფლება შეეზღუდათ. საქმე ეხება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 25 თებერვალს გამოცემულ ბრძანებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების წესის შესახებ. კერძოდ, გამომცემლებს დაეკისრათ ვალდებულება, წინასწარ განეცხადებინათ თანხმობა თავიანთ მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს საავტორო უფლებების სამინისტროსთვის გადაცემაზე. საკონსტიტუციო სასამართლოში 7 გამომცემლობის წარმომადგენლის, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრის გიორგი მშვენიერაძის თანახმად, დავა აქ შეხება განათლების მინისტრის ბრძანების იმ დებულებათა კონსტიტუციურობის შეფასებას, რომლის საფუძველზეც გამომცემლობებს სახელმძღვანელოები ჩამოერთვათ. დავის საგანია ასევე ხელშეკრულებებში ისეთი პირობების ასახვა, რომლებიც, დაცვის მხარის თანახმად, საკუთრების უფლებებს არღვევს:

“საკონსტიტუციო სასამართლოში ჩატარდა გამწესრიგებელი სხდომა, რომელზეც წყდება სარჩელის დასაშვებობის საკითხი, იმიტომ რომ იქ ბევრი კრიტერიუმია, რაზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს. და ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას - პირველად გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება საოქმო ჩანაწერი და დასაშვებად მიიღებს სასამართლო ამ საქმეს. შემდგომ, ალბათ, გაიმართება მთავარი სხდომაც“.

საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა გასული წლის მიწურულს, დეკემბერში შედგა. გადაწყვეტილება საქმის დასაშვებობის შესახებ, სავარაუდოდ, უახლოესი ერთი თვის ვადაში გაირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი მორიგი სხდომა 21 თებერვალს გაიმართება.
XS
SM
MD
LG