Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაპეტ, ვანო, ვაღარშაკ - ძველი ტფილისის მხატვრები


გამოფენა" "ძველი ტფილისი. სურათები ქალაქის ცხოვრებიდან. MARGINALIA"
გამოფენა" "ძველი ტფილისი. სურათები ქალაქის ცხოვრებიდან. MARGINALIA"

1 აპრილიდან, 27 აპრილის ჩათვლით, თბილისის ისტორიის მუზეუმი მასპინძლობს სამი თბილისელი მხატვრის - კარაპეტ გრიგორიანცის, ვანო ხოჯაბეგოვისა და ვაღარშაკ ელიბეკიანის - ნამუშევრების გამოფენას, სახელწოდებით „ძველი ტფილისი. სურათები ქალაქის ცხოვრებიდან. MARGINALIA“. განსხვავებული გამომსახველობითი საშუალებებისა და ინდივიდუალური ხედვების მიუხედავად, თითოეული ავტორის შემოქმედება თვალსაჩინოდ აღადგენს მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის თვითმყოფადობის სურათებს, პეიზაჟების, რიტუალებისა და ქალაქელთა ტიპების სახით. როგორი იყო სამი თბილისელი მხატვრის მიერ დანახული ძველი ტფილისი?

კარაპეტ გრიგორიანცი, ვანო ხოჯაბეგოვი და ვაღარშაკ ელიბეკიანი საქართველოში მოღვაწე სომეხი მხატვრების ცალკეულ და ძალზედ საინტერესო ფენას წარმოადგენენ. როგორც გამოფენის ორგანიზატორი და პროექტის ავტორი ირენა ოგანჯანოვა ამბობს, თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენილია მათი ნამუშევრები შემდეგი სამუზეუმო ფონდებისა და კოლექციებიდან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი და კერძო კოლექციები. ირენა ოგანჯანოვას თქმით, ეთნიკური კუთვნილების გარდა, სამივე მხატვარს ერთი თემატიკა და ერთი დიდი ვნება აერთიანებს:

ირენა ოგანჯანოვა
ირენა ოგანჯანოვა

„უზარმაზარი სიყვარული თბილისის მიმართ. ნებისმიერ ნამუშევარში, რომელიც შეგვიძლია აქ ვნახოთ, ყველგან ჩანს ეს ძალიან დიდი სიყვარული და, ამის გამო, ყველა ეს ნამუშევარი უნდა შენარჩუნდეს და ჯეროვნად დაფასდეს“.

ირენა ოგანჯანოვას თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი სამივე მხატვარითვითნასწავლ მხატვრად მიიჩნევა, თუმცა ვანო ხოჯაბეგოვის გრაფიკული ნამუშევრების ხილვისას ყველაზე მკაცრი კრიტიკოსიც კი აღიარებს მხატვრის უდიდეს ოსტატობას. ძველი თბილისის ცნობილი მკვლევარი, ისტორიკოსი და ეთნოგრაფი თემო ბერიძე 1969 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში "მხატვარი ვანო ხოჯაბეგოვი" ამბობს, რომ 1875 წელს დაბადებულმა ვანომ ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და ამ საქმიანობას არც მაშინ უღალატა, როცა ფედოსეევის ქუჩაზე საწვრილმანო დუქანი გახსნა. „როცა კი მოიცლიდა, ხატავდა მუშტრებს, თბილისელ მოქალაქეებს“, ვკითხულობთ თემო ბერიძის მონოგრაფიაში, რომლის მიხედვითაც, 35 წლის ვანო ხოჯაბეგოვს, მხატვარ ფოგელის ძალისხმევით, სკლიფოსოვსკის კერძო სამხატვრო სკოლაშიც კი უვლია. ირენა ოგანჯანოვას თქმით, ვანო ხოჯაბეგოვის მხატვრობა ისეთივე ორიგინალური და დამოუკიდებელია, როგორც ძველი თბილისის ყოფა. შემთხვევით არაა, რომ სწორედ ამ მხატვრის ილუსტრაციები დაურთო იოსებ გრიშაშვილმა 1927 წელს გამოცემულ თავის „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემას“.

„როცა ათვალიერებ ვანო ხოჯაბეგოვის გრაფიკებს, ფიქრობ, დაუჯერებელია, რომ ეს იყო თვითნასწავლი მხატვარი. ძირითადად, ვანოს აქვს დახატული ჟანრული სცენები, მაგალითად: „ყეენობა“, „ბაირამობა“, „შაჰსეი-ვაჰსეი“... ისტორიული თემები აქვს - მაგალითად, „საქართველოს გვარდიის აღლუმი“... ძალიან საინტერესოა „ნეფის ცეკვა მშობლების საფლავზე“... ასეთი ტრადიციაც ყოფილა, რომელიც მხოლოდ ვანო ხოჯაბეგოვის ნახატზეა შემორჩენილი“, უთხრა ირენა ოგანჯანოვამ რადიო თავისუფლებას.

ეს არის აბრა, რომელსაც პირობითად ხრამული ჰქვია. თემატიკაში ასევე გვხვდება იმ დროის თბილისისათვის დამახასიათებელი ტიპაჟები: კინტოები, ჩარჩი და სხვა. მუშაობს, ძირითადად, დიქტზე ზეთით. გრაფიკული ნამუშევრები მას არ აქვს, მხოლოდ ფერწერა...
იზოლდა ქურდაძე

კარაპეტ გრიგორიანცი კი, ძირითადად, პორტრეტებსა და ნატურმორტებს ხატავდა. აკეთებდა აბრებს. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა 2011 წელს გამოსცა კარაპეტ გრიგორიანცის (1866–1943) წიგნი „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“, რომელიც ავტორისავე ნახატებითაა გაფორმებული. წიგნს წამძღვარებული აქვს მწერალ სერგო კლდიაშვილის მიერ დაწერილი მხატვრის ბიოგრაფია, რომლის მიხედვითაც, კარაპეტა პატარაობიდანვე ხატვასა და ლექსების წერას მისდევდა, თუმცა ვაჭრობისგან თავი მხოლოდ 1884 წელს დაიხსნა, როცა თელავიდან თბილისში გადავიდა და ხატვას მიჰყო ხელი. „კავკასიის კალენდრის“ 1899 წლის გამოცემაში მითითებულია მხატვრის გვარი და მისამართი: ტფილისი, აბას-აბადის მოედანი, თავად არღუთინსკი-დოლგორუკოვის სახლი. 1890 წელს კი ჯვრის მამის ქუჩაზე გაუხსნია საკუთარი სახელოსნო, რომელიც, თურმე, დიდძალ ხალხს იზიდავდა. როგორც რაიდიო თავისუფლებას საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფერწერის კოლექციის კურატორმა იზოლდა ქურდაძემ უთხრა, გრიგორიანცის ყველაზე მეტი ნახატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება:

„ეს არის აბრა, რომელსაც პირობითად ხრამული ჰქვია. თემატიკაში ასევე გვხვდება იმ დროის თბილისისათვის დამახასიათებელი ტიპაჟები: კინტოები, ჩარჩი და სხვა. მუშაობს, ძირითადად, დიქტზე ზეთით. გრაფიკული ნამუშევრები მას არ აქვს, მხოლოდ ფერწერა“.

სულ შემორჩენილია კარაპეტ გრიგორიანცის ორმოცამდე ნამუშევარი. ამათგან, როგორც ირენა ოგანჯანოვა ამბობს, მხლოდ ერთი ინახება საზღვარგარეთ, სომხეთის ეროვნულ მუზეუმში:

„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ბოლო დღეების მანძილზე ჩვენ მოვიძიეთ გრიგორიანცის კიდევ ექვსი ნამუშევარი, რაც მნიშვნელოვანი ამბავია. იმედი მაქვს, რომ კიდევ აღმოვაჩენთ რამოდენიმე ნამუშევარს და ასევე მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც ასევე შეიძლება იყოს სადმე შენახული, რადგანაც 12 წიგნის ავტორი იყო და შეუძლებელია, რომ ეს ტექსტები სამუდამოდ გამქრალიყო. სადმე აქ იქნება თბილისში...“

ვაღარშაკ ელიბეკიანის ნახატი
ვაღარშაკ ელიბეკიანის ნახატი

კარაპეტ გრიგორიანცის ერთი პიესა, „ძმისმჭამელი“, თბილისის არაქსიანის თეატრშიც კი დაიდგა, სწორედ იმ თეატრში, რომელიც გამოსახულია გამოფენაზე წარმოდგენილ ვაღარშაკ ელიბეკიანის ხუთიდან ერთ სურათზე. თბილისში დაბადებული მხატვარი, როგორც ირენა ოგანჯანოვა ამბობს, სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სომხურ მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და შაუმიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორად:

„ის უფრო ჟანრული და, ამადროულად, თეატრალურიცაა! დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა დირექტორად თეატრებში და ეს გარემოება ასახვას პოვებს მის კომპოზიციებზე. ელიბეკიანმა საკმაოდ გვიან დაიწყო ხატვა, როცა საცხოვრებლად გადავიდა ერევანში. 64 წლის იყო და ყველა მისი ნამუშევარი არის მოგონება თბილისზე, თავის მშობლიურ ქალაქზე“.

თბილისის ისტორიის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი სამივე მხატვრის შემოქმედებას კარგად იცნობს და აფასებს თანამედროვე თბილისელი მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე:

„სამივე ხატავს ძველ თბილისს, ყველა ჩვენი მხატვარია და ყველასთან მქონდა რაღაც სახის შეხება. პირველი, კარაპეტ გრიგორიანცი, იყო ოსტატი, რომელთანაც შეგირდად მუშაობდა ბაბუაჩემი. რაც შეეხება ხოჯაბეგოვს, ერთ-ერთმა სომეხმა კინორეჟისორმა შემომთავაზა, რომ მეთამაშა ამ მხატვრის როლი, მაგრამ ვინაიდან მე ვარ ცაცია და ვერ ვხატავ მარჯვენა ხელით, ამის გამო ეს საქმე არ გამოვიდა. რაც შეეხება ელიბეკიანს, მე გავიცანი მის ერთ-ერთ პერსონალურ გამოფენაზე“.

ამასთან, ჯოვანი ვეფხვაძე იმასაც შენიშნავს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილ მხატვრებთან ასევე აკავშირებს თბილისის დიდი სიყვარული. ქალაქის ხედებს ჯოვანი ვეფხვაძის შემოქმედებაშიც დიდი ადგილი უკავია:

ჯოვანი ვეფხვაძე
ჯოვანი ვეფხვაძე

„ჩვენ გვაქვს ძველი თბილისის ნოსტალგია და ამ მხატვრებმა თავისებურად გაგვახსენეს ძველი ქალაქი, რომელსაც ახლაც ხატავენ, მაგრამ ძალიან ცოტა რამ თუ დარჩა ძველი თბილისიდან. მე სულ ვხატავ და ბევრი სურათი მაქვს ქალაქის ხედებით, მაგრამ უკვე მიჭირს, უკვე მიწევს მოგონება ძველი თბილისისა... ვიცი რაღაც ილეთები, როგორ გავაკეთო... მჭირდება ყოველ ჯერზე განსაკუთრებული ძალისხმევა, მეხსიერების დაძაბვა, მაგრამ გავა ათი-ოცი წელი, ეს ძველი სახლები დაინგრევა და ძველი თბილისი დარჩება მხოლოდ ფოტოებზე, სურათებსა და მოგონებებში“.

ცხადია, ძველი თბილისი ასევე დარჩება კარაპეტ გრიგორიანცის, ვანო ხოჯაბეგოვისა და ვაღარშაკ ელიბეკიანის სურათებზე, რომლებიდანაც მომავალი თაობები შეიტყობენ, როგორი იყო ძველი ტფილისის ყოველდღიური ყოფა, რა ტრადიციებით ცხოვრობდა ქალაქი, როგორ იცვამდნენ და ერთობოდნენ ქალაქელები და როგორი განუმეორებელი სილამაზის ხედები ჰქონდა ქალაქ თბილისს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG