Accessibility links

logo-print

გამოფენა-გაყიდვა კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა ხელშეწყობისთვის


გამოფენა ზუგდიდში

გამოფენა ზუგდიდში

ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნებს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით შეუერთდნენ დევნილი ქალები ზუგდიდში. მათ სხვადასხვა მასალისგან შექმნილი აქსესუარები ქალაქის არტგალერეაში გამოფინეს.

თექისგან დამზადებული სამოსი და აქსესუარები, სხვადასხვა ძვირფასი თვლებით აწყობილი ქალის სამკაულები ერთი დღის განმავლობაში იყო გამოფენილი გალერეაში. მსურველებს დათვალიერების პარალელურად შესაძლებლობა ჰქონდათ ხელნაკეთი ნივთები ავტორებისგან შეეძინათ და მიეღოთ ინფორმაცია მისი დამზადების პროცესისა თუ მასალის შესახებ.

გამოფენა ზუგდიდში

გამოფენა ზუგდიდში

გამოფენა-გაყიდვა ასოციაცია „იმედის“ ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ლეილა ქურსუას თქმით, მსგავსი ღონისძიებებით ცდილობენ ხელი შეუწყონ დევნილ ქალებს საკუთარი ნამუშევრების რეალიზებაში:

„ჯერ ერთი, რომ ეს ხელს უწყობს დევნილი ქალების გააქტიურებას. ჩანს, რომ ისინი აქტიურები არიან, მონაწილეობენ ასეთ ღონისძიებებში, სურთ მსგავსი გამოფენების მოწყობა. მეორე მხრივ, ეს ხელს უწყობს მათი შემოსავლების ცოტათი გაზრდასაც“.

აქციის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ბაია ემუხვარი ამბობს, რომ ნამუშევრები რამდენიმე გამოფენაზე უკვე ჰქონდათ გატანილი და მყიდველიც მიიზიდეს.

„სამკაულების კეთებით წელიწად-ნახევარია, რაც დაკავებული ვარ. ამაში ჩემი მეგობარიც არის ჩართული და მასთან ერთად ვაკეთებ ნივთებს. ძირითადად დღეს წარვადგინეთ სამკაულები, მაგრამ ასევე ვაკეთებთ ბროშებს, ვიღებთ შეკვეთებს.“

გამოფენა ზუგდიდში

გამოფენა ზუგდიდში

აქსესუარების შესაძენად გალერეას ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებიც ესტუმრნენ. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ზამირა ღადუას განცხადებით, ხელნაკეთ ნივთებს ბევრად მეტი მყიდველი და დამთვალიერებელი უნდა ჰყავდეს:

„დარბაზში ქალები ჭარბობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი ჯერ კიდევ დაუფასებელია, ჯერ კიდევ დაუფასებელია მისი შრომა და ღვაწლი. მე მინდა, რომ ჩვენმა მეუღლეებმა, შვილებმა ჩვენს ნაშრომს შეფასება მისცენ და ჩვენ, ქალები, გაგვაძლიერონ. მე სათქმელს ამ ქალების სახელითაც ვამბობ“.

აქციის ორგანიზატორ ასოციაცია „იმედში“ აცხადებენ, რომ დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ნაწილი, რეალიზებას მძიმე სოციალური პრობლემების გამო ვერ ახერხებს. მათ დასახმარებლად ორგანიზაცია, გამოფენა-გაყიდვების პარალელურად, პერიოდულად სხვადასხვა სახის სასწავლო ლექციებსაც ატარებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG