Accessibility links

logo-print

მთავარ პროკურატურასთან მცირემასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას მოითხოვდნენ. ერთი წელი გავიდა 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობიდან. გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, ქალი ქმრის ნათესავებმა ღალატში დაადანაშაულეს და მას ხალხისა და შვილების თვალწინ სცემეს, რის შემდეგაც ხანუმ ჯეირანოვამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, მიუხედავად ფაქტის თვითმხილველების სიმრავლისა, პროკურატურა საქმეს არაეფექტურად იძიებს.

„გამოიძიეთ“, „თვითმკვლელობამდე მიყვანა დანაშაულია“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ხელში, მთავარ პროკურატურასთან ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის, კავშირ „საფარისა“ და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენელთა მცირემასშტაბიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ერთი წლის წინ გარდაცვლილი ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვდნენ.

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას თქმით, თვითმხილველთა სიმრავლის მიუხედავად, პროკურატურა ეფექტურ საგამოძიებო პროცესს არ აწარმოებს. ბაია პატარაიას თქმით, მათ თავად დაკითხეს რამდენიმე თვითმხილველი და პროკურატურას შესაბამისი მასალებიც მიაწოდეს, მაგრამ შემთხევიდან ერთი წლის თავზეც გამოძიებას რეალური დამნაშავეები არ გამოუვლენია:

„მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ დანაშაულს ჰყავს უამრავი თვითმხილველი, პროკურატურა ვერ ახერხებს გამოძიებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა, ეს არის დაუინტერესებლობა და ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა პროკურატურის მხრიდან, ვინაიდან ეს არის განსხვავებული თემი და პროკურატურას არ სურს ზედმეტად ჩაერიოს მათ, ასე ვთქვათ, მავნე ტრადიციებში, რომელიც გულისხმობს ქალების შეურაცხყოფას რიგ შემთხვევბში, და ეს არის მიზეზი, რის გამოც ისინი „ვერ ახერხებენ“ გამოძიებას. ჩვენ ერთი წლის თავზე მოვითხოვთ, რომ უფრო ეფექტურად წარიმართოს გამოძიება. ჩვენ არ გვჯერა, რომ პროკურატურა ვერ ახერხებს გამოიძიოს საქმე, რომელსაც ჰყავს ათეულობით მოწმე“.

ერთი წლის წინ 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას, მისი ოჯახის წევრების მტკიცებით, სოფლის თანდასწრებით სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოგვიანებით მისი მეუღლე აჯი გასანოვი დააკავეს, გაასამართლეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მან ფეხში დაჭრა ერთი პირი, ვისაც მეუღლის შეურაცხყოფაში დამნაშავედ მიიჩნევდა. ხანუმ ჯეირანოვას მეუღლეს ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი საქმეს აქტიურად აშუქებდა. მისი თქმით, პროკურატურის არაქმედითი გამოძიების გამო, ხანუმ ჯეირანოვას ქმარს ახლა სასჯელის მოხდა უწევს:

„ხანუმ ჯეირანოვას ცემის ფაქტს შეესწრო ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ თუ ცოლი ღალატობს ქმარს, მეუღლის ნათესავებმა რამე უნდა მოიმოქმედონ, მათ შორის, შეიძლება იძალადონ კიდეც, ისინი ამას ამართლებენ ტრადიციით, რაც აბსოლუტურად არასწორია და, ვფქრობ, პროკურატურას უნდა მოეხდინა ეფექტური გამოძიება სწორედ იმიტომ, რომ მომავლისთვის ყოფილიყო აქტიური პრევენცია. თვითმხილველები პროკურატურას აძლევენ ჩვენებებს, სადაც ისინი უარყოფენ ძალადობის ფაქტს“.

მთავარ პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება არ შეწყვეტილა არც ერთ ეტაპზე, ის აქტიურად მიმდინარეობს საქმის წარმოების პროცედურებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოწმეთა დაკითხვას, მთავარ პროკურატურაში დამატებითი განმარტებების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

​საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დეპუტატ გუგული მაღრაძის თქმით, მსგავს საქმეებთან მიმართებით საგამოძიებო ორგანოები მეტ აქტიურობას უნდა იჩენდნენ:

„ეს არის ისეთი დანაშაული, რომელიც მთელი სიმკაცრით უნდა ისჯებოდეს, იმიტომ რომ სასჯელი არის პრევენციის უკიდურესი ზომა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენს, მას არავითარი შეღავათი არ ექნება არც კუტურული ნორმების, არც ოჯახური და არც პიროვნული ღირსების გამო“.

ბაია პატარაიას თქმით, საგამოძიებო ორგანოები ზოგადად გულგრილობას იჩენენ მსგავს საქმეებთან მიმართებით და ამას მოწმობს კიდევ ერთი - მაკა წივწივაძის - საქმეც:

„მაკამ არაეთხელ დარეკა ცხელ ხაზზე, გამოიძახა პატრული, თვითონაც იყო მისული უბნის ინსპექციაში და ძალიან აქტიურად ითხოვდა დაცვას და დახმარებას პოლიციის მხრიდან, მაგრამ პოლიციას არანაირი დახმარება არ განუხორციელებია და მას შემდეგ ერთი თვის თავზე, რაც მაკა აქტიურად ითხოვდა შველას და დახმარებას, ის მოკლეს ილიას უნივერსიტეტში. ჩვენ ორჯერ მივმართეთ პროკურატურას წერილობით, რომ დაიწყოს გამოძიება იმ პოლიციელების გულგრილობის საკითხზე, რომლებმაც იცოდნენ მაკას ძალიან მძიმე ოჯახური ძალადობის შესახებ, მაგრამ არანაირი დაცვითი ან სხვა ღონისძიება არ გაატარეს“.

ფემიციდის ფაქტების გამოძიების მონიტორინგს აწარმოებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. რადიო თავისუფლების ეთერში ორგანიზაციის იურისტის თამარ დეკანოსიძის განმარტებით, მათ სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სარჩელიც კი მოიგეს სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებს დაეკისრათ სალომე ჯორბენაძის ოჯახის წევრებისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება:

„სალომე ჯორბენაძემ, სანამ მას ყოფილი მეუღლე იმსხვერპლებდა, მიმართა პოლიციას, პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დასახმარებლად, თუმცა ამ ორგანოებმა არავითარი რეაგირება არ მოახდინეს. მაგალითად, როგორ მოიქვა პოლიცია? პოლიციამ სალომე ჯორბენაძესთან მხოლოდ გასაუბრების ოქმი შეადგინა, იქ ჩაწერა ფაქტები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და არ გამოუყენებია კანონით გათვალისწინებული არც ერთი ზომა, არ გამოუწერია შემაკავებელი ორდერი, არ გამოუკითხავს შემთხვევის მოწმეები და მოძალადე“.

კავშირი „საფარი“ კი, რომელიც ხანუმ ჯეირანოვას უფლებებს იცავს, აპირებს, საქართველოში სამართლებრივი პროცედურების ამოწურვის შემდეგ, საქმე საეთაშორისო სასამართლოში წაიღოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG