Accessibility links

logo-print

განახლებული მთავრობის პროგრამა და კამათი პარლამენტში


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

102 ხმით 7-ის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით გამოუცხადა პარლამენტმა ნდობა საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და ახალ სამთავრობო პროგრამას - ”მეტი სარგებელი ხალხს”, რომელიც 4 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა წარუდგინა. განახლებული სამთავრობო გუნდისა და მისი 4-წლიანი სამოქმედო პროგრამის შეფასების პროცესი საკმაოდ მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ოპონენტებმა ხელისუფლება ამომრჩევლებისთვის ტყუილი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულეს.

ვანო მერაბიშვილის ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, უახლოეს წლებში საქართველოში სულ ცოტა 273 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ეს მაშინ, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ტურისტების რაოდენობა 7 მილიონს გაუტოლდება და, პარალელურად, 5 ათასი კილომეტრი სიგრძის გზის გაყვანისა და 24 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესი წარიმართება.

მერაბიშვილი ამბობს, რომ დამქირავებლებსა და პოტენციურ დაქირავებულებს შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეასრულებს, თუმცა დასაქმებაზე მხოლოდ ეს უწყება არ იქნება პასუხისმგებელი და დასაქმება საყოველთაო საზრუნავად იქცევა:

”თითოეული მინისტრის, თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თითოეული დანაყოფის ხელმძღვანელის ყოველდღიური საქმიანობის მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე ზრუნვა.თითოეული პროექტის, თითოეული მოზიდული ინვესტიციის, თითოეული ინოვაციის შეფასების მთავარი კრიტერიუმი იქნება ის, თუ რამდენ ადამიანს დაასაქმებს.”
მინდა მოვუწოდო ჩვენს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაგებით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ 10 და 15 წლის განმავლობაში დაგროვილი დაავადებების მკურნალობა დაიწყება სექტემბერში და ეს, რა თქმა უნდა, მძიმე ტვირთი იქნება როგორც სადაზღვევო კომპანიებისთვის, ასევე კლინიკებისთვის...

დასაქმების უმთავრესი მიზნის გათვალისწინებით, ვანო მერაბიშვილის განახლებული მთავრობა 4 წლის მანძილზე, პენსიების დაფინანსების მიზნით, 6 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს; ჯანმრთელობის დაზღვევისა და სოციალური დახმარების მიზნებისთვის 3-3 მილიარდი ლარი დაიხარჯება; სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, 4 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი და ასევე 4 მილიარდი ლარი გამოიყოფა განათლების სისტემის დაფინანსებისთვის.

მერაბიშვილის მთავრობის ხელში აღსრულდება ჯერ კიდევ ძველი მთავრობის დაპირება, რომ 2013 წლიდან საპენსიო პაკეტი 100 დოლარის ეკვივალენტი გახდება და მასში პენსიონერთა ჯანმრთელობის დაზღვევაც შევა. რაც შეეხება ზოგადად დაზღვევის თემას, მართალია, მერაბიშვილის თქმით, სტატისტიკურ მონაცემებს არ ითვალისწინებს და შედეგების შეფასებისას ის სტატისტიკაზე მეტად ხალხის განწყობას ენდობა, მაგრამ 4 ივლისის სხდომაზე მაინც მიმართა სტატისტიკურ მონაცემებს. მერაბიშვილის თქმით, თუკი 2004 წელს დაზღვეულთა რიცხვი საქართველოში 16 ათასს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ბოლო 8 წლის მანძილზე 100-ჯერ გაიზარდა და 1 სექტემბრისთვის, როცა პენსიონერებისა და 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების დაზღვევის პროცესი დასრულდება, საქართველოში დაზღვეული იქნება დაახლოებით 2 მილიონ 400 ათასი მოქალაქე.

მართალია, საბოლოო მიზნის მიხედვით, ჯანდაცვა, საბაზისო სადაზღვევეო პაკეტის დონეზე მაინც, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მაგრამ ვანო მერაბიშვილი კარგად აცნობიერებს, რომ, უპირველეს ყოვლისა, მზადება სექტემბრისთვისაა საჭირო, რათა ისედაც რთულმა პროცესმა ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიაროს:
ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი


”მინდა მოვუწოდო ჩვენს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაგებით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ 10 და 15 წლის განმავლობაში დაგროვილი დაავადებების მკურნალობა დაიწყება სექტემბერში და ეს, რა თქმა უნდა, მძიმე ტვირთი იქნება როგორც სადაზღვევო კომპანიებისთვის, ასევე კლინიკებისთვის. მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მასზე მონიტორინგის დაწესებით, კონტროლით, მივაღწიოთ იმას, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ შესაბამისი ადეკვატური სერვისი.”

მეტ სარგებელში, რაც ხალხმა მერაბიშვილის ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით უნდა მიიღოს, თითოეული ოჯახისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამიზნული 4-წლიანი 1000-ლარიანი ვაუჩერიც იგულისხმება. თუმცა ამ ფულის დახარჯვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარკვეული მიზნებისთვის, მაგალითად - მედიკამენტების, სახელმძღვანელოებისა თუ შხამქიმიკატების შესაძენად.

განახლებული მთავრობის მრავალმილიარდიან დაპირებებს საეჭვოდ მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც 4 ივლისს საკმაოდ მწვავე შეფასებებით გამოირჩეოდა. მაგალითად, „ქართული დასის“ ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ვანო მერაბიშვილს ”ელიტარული კორუფციის შემქმნელიც” კი უწოდა და სამთავრობო პროგრამა, სახელწოდებით ”მეტი სარგებელი ხალხს”, ხალხის აბუჩად აგდებად მიიჩნია.
იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ უნდა განავითაროს ქვეყანა, თქვენ ტენით მოსახლეობას ტყუილებს, რომლებიც, ყველამ კარგად იცით, რომ არჩევნების მერე გაქრება და არ შესრულდება. თქვენ ნდობის ლიმიტი ამოწურული გაქვთ და ამას აღარ დაიჯერებს მოსახლეობა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი აისახება არჩევნების შედეგებზე...

იმის გარდა, რომ ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას არაერთი უხეში შეცდომის დაშვებაში და, რაც მთავარია, ქვეყანაში უსამართლობის დანერგვაში ადანაშაულებენ, მათთვის წმინდა წყლის პოპულიზმად და ფუჭ წინასაარჩევნო სვლად გამოიყურება არაერთი მილიარდი ლარის დახარჯვასთან დაკავშირებული დაპირება. დეპუტატ გიორგი ახვლედიანის თქმით, ძველი შეუსრულებელი დაპირებების გათვალისწინებით, ამომრჩევლები ფუჭ საარჩევნო დაპირებებს აღარ დაიჯერებენ:

”იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ უნდა განავითაროს ქვეყანა, თქვენ ტენით მოსახლეობას ტყუილებს, რომლებიც, ყველამ კარგად იცით, რომ არჩევნების მერე გაქრება და არ შესრულდება. თქვენ ნდობის ლიმიტი ამოწურული გაქვთ და ამას აღარ დაიჯერებს მოსახლეობა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი აისახება არჩევნების შედეგებზე.”

ოპოზიციის კრიტიკულ და სკეპტიკურ მიდგომას ყოვლად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა და 4 ივლისის სხდომაზე ეს არაერთმა გამომსვლელმა აღნიშნა. კოლეგების მსგავსად, არც დეპუტატ გოკა გაბაშვილს ეპარება ეჭვი, რომ ოპოზიციას აშკარა წინსვლის აღიარება, უბრალოდ, არ სურს და რომ უშედეგო იყო უწინდელი სკეპტიციზმიც:

”ხომ გეგონათ განუხორციელებელი ახალი საავადმყოფოების აშენება?! ხომ გეგონათ განუხორციელებელი დანგრეულ და მინგრეულ ქვეყანაში საუკეთესო გზები?! ხომ გეგონათ განუხორციელებელი 300 ათასი ტურისტიდან 3,5 მილიონ ტურისტამდე ასვლა?! ხომ გეგონათ ყველაფერი განუხორციელებელი?!”

ახალ სამთავრობო პროგრამასთან მიმართებით, საპარლამენტო ოპოზიციას 4 ივლისის სხდომაზე მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური ხასიათის პრეტენზიები არ გამოუმჟღავნებია. როგორც, მაგალითად, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ შენიშნა, ახალ სამთავრობო პროგრამაში არაფერია ნათქვამი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან დაკავშირებით.

დაბოლოს, გადავხედოთ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, რომელსაც, 4-წლიან სამთავრობო პროგრამასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 4 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადა ნდობა.
მთავრობის ახალი წევრები

მთავრობის ახალი წევრები


ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მთავრობაში მისი ყოფილი სავარძელი - შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დაიკავა; თავდაცვის მინისტრად გადაყვანილმა დიმიტრი შაშკინმა განათლების მინისტრის ადგილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძეს დაუთმო; ხოლო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კობა სუბელიანი ჩაანაცვლა დალი ხომერიკმა, რომელიც მანამდე აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად მუშაობდა. სიახლეს წარმოადგენს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც მანამდე კერძო სექტორში დასაქმებული პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG