Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ედავებიან განათლების მინისტრს მეცნიერები


თამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე

მეცნიერებს განათლების მინისტრის და, ზოგადად, ქვეყანაში განათლების პოლიტიკის მიმართ არაერთი შეკითხვა და პრეტენზია დაუგროვდათ. მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების გამო ქართველ მეცნიერთა ერთმა ნაწილმა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს წერილითაც მიმართა, რომელშიც ისინი სერიოზულ პროტესტს გამოთქვამდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. 13 ოქტომბერს კი პარლამენტის განათლების კომიტეტში მეცნიერები განათლების მინისტრს შეხვდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ სფეროში დღემდე არსებულ პრობლემებს, რომლებიც ჯერჯერობით ვერც ახალმა ხელისუფლებამ მოაგვარა.

„მეცნიერება სულს ღაფავს“ - ასეთი იყო საქართველოს განათლების მინისტრ თამარ სანიკიძისათვის 13 ოქტომბერს პარლამენტის განათლების კომიტეტში შეკრებილი მეცნიერების მთავარი სათქმელი. „ის, რომ დღეს საქართველოში მეცნიერება ჯერ კიდევ არსებობს, მხოლოდ რომანტიკოსი მეცნიერების დამსახურებაა და არა მთავრობის“, - უთხრა სანიკიძეს კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ.

დაბალი ხელფასები, კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსების პრობლემა, სამეცნიერო ინსტიტუტების თითქმის განადგურებული ინფრასტრუქტურა, ინსტიტუტების გაურკვეველი სტატუსი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელზეც განათლების კომიტეტში რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. თამარ სანიკიძემ საქართველოს მეცნიერებისგან მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი არაერთი საჩივარი და პრეტენზია მოისმინა. მათ შორის იყო თავად კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძეც, რომელმაც მოკლედ დაახასიათა სამეცნიერო სფეროში არსებული ვითარება:

ეს სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმეა! მეცნიერები, ბოდიში და, სულს ღაფავენ! ხელფასი - 150 ლარი! მოდით, ყველამ თქვენს თავზე წარმოიდგინეთ, რომ 150 ლარი გაქვთ ხელფასი და გქვიათ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი!...
თეიმურაზ ნანეიშვილი

„კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც 2006 წელს აკადემიას გამოეყვნენ და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად იქცნენ, 2010 წლის ბოლოს გაურკვეველი სტატუსის მქონე სტრუქტურულ ერთეულებად უნივერსიტეტებს მიუერთეს. ამ ინსტიტუტების თანამშრომლებს დღეს არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი დაცვა. თუ ვინმე იკადრებს, რომ ისინი ქუჩაში გაუშვან, ეს სრულიად შესაძლებელი იქნება, რადგან მათ უკვე კარგა ხანია კონკურსის ვადები ამოეწურათ. დღემდე არ არსებობს შესაბამისი დებულება, რაც მათ სტატუსს და მდგომარეობას განსაზღვრავდა. არადა, ორი წელი გავიდა. სადამდე უნდა იყვნენ ეს ადამიანები ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში? ბოლოს და ბოლოს, საქმე მათ საარსებო ხელფასს ეხება. განათლების სამინისტრო აგრძელებს ლომაიასა და შაშკინის კურსს, რადგან როგორ მდგომარეობაშიც იყო ეს კვლევითი ინსტიტუტები, იმავე მდგომარეობაში არიან დღეს“.

მეცნიერების გადარჩენა ხელისუფლებამ მომავლისთვის აღარ უნდა გადადოს, განაცხადა შეხვედრის დამსწრე კიდევ ერთმა მეცნიერმა, თეიმურაზ ნანეიშვილმა, რომელსაც, თავისი კოლეგების მსგავსად, ემოციური გამოსვლა ჰქონდა:

„ეს სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმეა! მეცნიერები, ბოდიში და, სულს ღაფავენ! ხელფასი - 150 ლარი! მოდით, ყველამ თქვენს თავზე წარმოიდგინეთ, რომ 150 ლარი გაქვთ ხელფასი და გქვიათ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი! ამას უკვე ირონიასაც ვეღარ ვუწოდებ. მოდით, ვიზრუნოთ ერთად, რომ როგორმე შევცვალოთ ეს პათოლოგიური მდგომარეობა“.

თეიმურაზ ნანეიშვილის მსგავსად, მისი კოლეგებიც ფიქრობენ, რომ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, მათივე სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, „არ უნდა ჩაიკარგონ უნივერსიტეტების კუნჭულებში“, ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელი სუბიექტები, საკუთარი დაფინანსებით, და მათ მეცნიერ-თანამშრომლებს სახელმწიფომ ღირსეული მუშაობისა და კვლევის პირობები უნდა შეუქმნას.

გამოიკვეთა ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც პირდაპირ გვეუბნება ანგარიში, თუ სად გვაქვს უფრო მეტი პოტენციალი დარჩენილი; ასევე არსებობს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც მეცნიერების მართვასა და მექანიზმებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ინფორმაციით წარვდექი მე ეკონომიკური საბჭოს წინაშე ...
თამარ სანიკიძე

კრიტიკა დღემდე არაერთხელ წამოწყებულ და შემდეგ შეჩერებულ განათლებისა და მეცნიერების კონცეფციასაც შეეხო. მეცნიერების აზრით, წლების განმავლობაში, სხვადასხვა მინისტრის დროს, ამ კონცეფციაზე მუშაობა ათას ერთი ღამის ზღაპარს დაემსგავსა, თუმცა საბოლოო კონცეფცია, მათი თქმით, არავის უნახავს.

მეცნიერებს აინტერესებდათ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა მთავრობამ მეცნიერების გადასარჩენად, რაზეც თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ მათ შეისწავლეს სფეროში არსებული ვითარება და ჩატარდა მეცნიერების აუდიტი:

„გამოიკვეთა ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც პირდაპირ გვეუბნება ანგარიში, თუ სად გვაქვს უფრო მეტი პოტენციალი დარჩენილი; ასევე არსებობს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც მეცნიერების მართვასა და მექანიზმებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ინფორმაციით წარვდექი მე ეკონომიკური საბჭოს წინაშე, სადაც გადაწყდა, რომ შექმნილიყო ახალი სტრუქტურა, საბჭოს სახით, რომელიც განსაზღვრავდა სტრატეგიულ მიმართულებებს. ამ საბჭოს უხელძღვანელებს პრემიერ-მინისტრი, ეს საბჭო ეკონომიკის სამინისტროსა და ინოვაციის სააგენტოსთან შეიქმნა“.

ერთ-ერთმა მეცნიერმა, შოთა სამსონიამ, განათლების მინისტრს პირდაპირ ჰკითხა - მომდევნო ორ თვეში გაიზრდება თუ არა კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლების ხელფასი, რაზეც განათლების მინისტრისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„კვლევითი დაწესებულებები კვარტალური დაფინანსების ფარგლებში მიიღებენ იმ დაფინანსებას, რომელსაც ისინი ითხოვენ. თუ, ვთქვათ, ბოლო კვარტალში იქნება მოთხოვნა დამატებით სამუშაოზე, ასევე გამოვყოფთ შესაბამის დაფინანსებას. ასევე გვინდა, რომ წლის ბოლომდე მოვასწროთ რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კვლევითი დაწესებულების დაფინანსება. კერძოდ, ეს ფინანსები მოხმარდება მისი მატერიალურ-ტექბიკური ბაზის გაუმჯობესებას“.

სამეცნიერო საბჭოს წევრმა ავთანდილ არაბულმა კი განათლების მინისტრს მეცნიერების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჩაუკითხა, რომლებიც დღემდე რჩება ხელისუფლების გამოწვევად:

„პირველ ეტაპზე სამეცნიერო ერთეულების იურიდიული სტატუსი უნდა განისაზღვროს, მოგვარდეს მეცნიერ-მუშაკთა სახელფასო ანაზღაურების საკითხი, უნდა მოხდეს ასევე სამეცნიერო თანამდებობების კონკურსის წესით განსაზღვრა, შესაბამისი სამუშაო სივრცისა და კვლევითი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს იმ ინსტიტუტების განთავსების საკითხი, რომლებიც თავიანთი შენობებიდან გამოასახლეს“...

კომიტეტის სხდომის ბოლოს ივანე კიღურაძემ განათლების მინისტრს წელიწადში სამჯერ შეხვედრა და საშუალო და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების თუ უკვე გაკეთებული საქმის შესახებ მსჯელობა შესთავაზა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG