Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო vs. ხელნაწერთა ცენტრი


30 აპრილს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ხელისუფლებას გაუგზავნეს საჯარო მიმართვა და მოითხოვეს შეფასდეს ბოლო დროს ცენტრთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხისტი და შეუსაბამო მიდგომა ეწინააღმდეგება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი დაწესებულების, საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებლობის პრინციპს. საქმე ისაა, რომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის არსებული უთანხმოების ფონზე, სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.

პროფესორმა მზექალა შანიძემ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მუშაობა 1953 წელს დაიწყო, 1969 წლიდან 2006 წლამდე კი ხელმძღვანელობდა ქართული ფილოლოგიის განყოფილებას. ღვაწლმოსილ მეცნიერს აშფოთებს გულგრილი დამოკიდებულება ქვეყნის მთავარი საგანძურისადმი, რომელიც რამდენიმე ათეული წელია შეუსაბამო შენობასა და პირობებში ინახება:

„მსოფლიომ იცის ასეთ რამეს როგორ მოუაროს. ამერიკაში, იზრაელში და სხვა ბევრ ქვეყანაში ხელნაწერთა დაცვა ძალიან მაღალ დონეზეა. ჩემი თვალით მინახავს. სულ ფოლადის საცავები აქვთ. თუ ამის საშუალება არ გვაქვს, იმას მაინც ნუ იზამენ, რომ სადმე უარეს ადგილზე გადაგვყარონ. ამის საშიშროება არსებობს. რა დაშავდება, რომ უფრო მეტი ყურადღება მოგვაქციოს მთავრობაში მყოფმა ხალხმა?“

მზექალა შანიძე
მზექალა შანიძე

მზექალა შანიძესთან ერთად მთავრობას დახმარების მოთხოვნით მიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა, რომელთა თქმითაც, შეშფოთებას იწვევს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის როგორც სამომავლო ადგილსამყოფელი, ასევე ცენტრის არაადეკვატურად მცირე ბიუჯეტი და თანამშრომელთა დაბალი ანაზღაურება. ზაზა სიამაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობარი, ამბობს:

„ეს ცენტრი თავისი მნიშვნელობით არის სვეტიცხოვლის, გელათის, ალავერდის თანასწორი! გაიარეთ ქუჩაში და ნახეთ, ნებისმიერ რესტორანსა და პროფილაქტიკას უკეთესი პირობები აქვს, ვიდრე ამ ცენტრის თანამშრომლებს. აქ რომ ხელფასებია, იმას ხელფასი არ ჰქვია. ესაა საწყალობლად გადაგდებული გროშები. შეგიძლიათ მონახოთ 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც აქ მოვა და 200 ლარზე იმუშავებს? აქ კი ხალხია, რომელიც 60-70 წელია ამ პირობებში მუშაობს“.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხისტი და შეუსაბამო მიდგომა ეწინააღმდეგება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი დაწესებულების, საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებლობის პრინციპებს...

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მოელოდნენ, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დიალოგითა და ურთიერთშეთანხმებით გადაწყდებოდა, მაგრამ, როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, განათლების მინისტრმა სულ სხვა გზა აირჩია: გამოაცხადა კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხისტი და შეუსაბამო მიდგომა ეწინააღმდეგება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი დაწესებულების, საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებლობის პრინციპებს“, ვკითხულობთ განცხადებაში. მიმართვის თანახმად, „პრობლემის გადაწყვეტის ამგვარი არაადეკვატური მიდგომა საფრთხის შემცველია ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც შტატით გათვალისწინებულია 113 თანამშრომელი, მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო (დირექტორის ანაზღაურება) შეადგენს 490 ლარს (ხელზე 392 ლარს), ხოლო საშუალო ხელფასი- 300 ლარს. ამასთან, ცენტრის წლიური ბიუჯეტი 875 ათასი ლარია, რაც თითქმის ათჯერ ნაკლებია საჯარო ბიბლიოთეკის ბიუჯეტზე, თუმცა პასუხად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა დაპრობლემაა არა თანხის სიმცირე, არამედ მისი კანონის შეუსაბამოდ განაწილება:

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც 2011 წელს შეიცვალა, ცენტრის დირექტორს ნიშნავს მინისტრი, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. ასე არიან სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელებიც (იგულისხმება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირები) და მათ პრობლემა არ ექმნებათ...
თამარ სანიკიძე

„ამ ნამატით მას უნდა დაეწყო სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება და არა, თავის გადაწვეტილებისამებრ, კანონდარღვევით დანამატების განაწილება თანამშრომლებზე. რატომ მოხდა ისე, რომ მის მძღოლს და რამდენიმე ფავორიტ თანამშრომელს ორი და სამი ხელფასისოდენი დანამატი ეძლევა, როდესაც ის მეცნიერ-თანამშრომლები, რომლებზეც დგას ეს დაწესებულება, იღებენ 100-ლარიან დანამატს ან საერთოდ ვერ იღებენ? ვფიქრობ, რომ ეს არის დისკრიმინაციული, ამიტომ ამის გაგრძელების უფლებას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა“.

რაც შეეხება დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებას, თამარ სანიკიძის თქმით, ბუბა კუდავა 16 თებერვლიდან ასრულებს დირექტორის მოვალეობას და, კანონის შესაბამისად, თუ სურს კვლავ გახდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ხელმძღვანელი, უნდა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. თამარ სანიკიძე ასევე ამბობს, რომ ლოგიკას მოკლებულია საუბარი ცენტრის დამოუკიდებლობის ხელყოფაზე:

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც 2011 წელს შეიცვალა, ცენტრის დირექტორს ნიშნავს მინისტრი, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. ასე არიან სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელებიც (იგულისხმება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირები) და მათ პრობლემა არ ექმნებათ და მათ ავტონომიაშიც არავინ არ ერევა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ ამ დაწესებულების ფუნქციას და მასში განთავსებულ სიმდიდრეს, მაშინ აშკარაა, რომ პასუხისმგებლობის დიდი წილი მოდის სახელმწიფოზე და არა სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ დირექტორზე“.

ბუბა კუდავა
ბუბა კუდავა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა კუდავა კი დარწმუნებულია, რომ სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთ მიზანს ემსახურება: ცენტრმა ვერ დაიცვას თავისი და, შესაბამისად, საერთო ეროვნული ინტერესები.

„ეს არის ნაცადი ხერხი: ადამიანს ან კოლექტივს უნდა დააბრალო ის, რის წინააღმდეგაც ეს ადამიანები მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იბრძოდნენ. ეს პროცესები უკავშირდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთელი კოლექტივისა და, მათ შორის, პირადად ჩემს ძალიან პრინციპულ პოზიციას რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. ესაა ჩვენი კოლექციის ერთიანობა, რაზეც საკმაოდ პრინციპული განცხადება გავაკეთეთ. ესაა ცენტრის დღევანდელი ტერიტორიისა და სამომავლო ტერიტორიის საკითხები, რომლებიც ძალიან პრინციპულია ჩვენთვის, და ეს არის ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანების დაურიდებლად და ღიად დაყენება“, უთხრა ბუბა კუდავამ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG