Accessibility links

logo-print

განათლების სისტემის ციფრობრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის კვალიფიკაციის დონე მნიშვნელოვნად განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, განათლების სისტემის უდავო ცენტრად კი, ისევე როგორც ბიზნესისა და წარმოების ცენტრად, ისევ და ისევ თბილისი გვევლინება.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თბილისში 49 უმაღლესი (10 საჯარო და 39 კერძო) და 5 საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ანუ უფრო მეტი, ვიდრე მთლანად ქვეყნის დანარჩენ ნაწილში. ქალაქ თბილისში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა რაოდენობა ასევე მნიშვნელოვნად აღემატება სხვა რეგიონების ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთანავე, თბილისში ყოველ 1000 მოსწავლეზე მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები რაოდენობის სკოლაა, ვიდრე სხვაგან. უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თვალსაზრისით, ქალაქ თბილისის შემდეგ, მეორე, ყველაზე მნიშვნელოვან, ადგილს იმერეთი იკავებს. მესამე ადგილზე აჭარაა. მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში არ არის უნივერსიტეტები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა რეგიონი უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის წილით ქალაქ თბილისს ბევრად ჩამორჩება, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებში მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს აქვს უმაღლესი განათლება, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის ორ რეგიონში, მათ შორის, მთელ რიგ ურბანულ ცენტრებში და სამცხე-ჯავახეთის ყველა სოფლის ტიპის დასახლებაში განათლების დონე საშუალოზე დაბალია. როგორც ჩანს, ეს ამ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების მაღალი კონცენტრაციით აიხსნება. მოსახლეობის ეს ნაწილი კარგად არ არის ინტეგრირებული არც საგანმანათლებლო სისტემაში და არც შრომის ბაზარზე. ეს დაკავშირებულია ასევე ამ რეგიონების ზოგიერთ პატარა და დიდ ქალაქში მოსახლეობის თანდათანობით შემცირებასთან (მაგ.: წალკა და ნინოწმინდა).

უმაღლესი განათლების ალტერნატივაა პროფესიული განათლება. პროფესიული განათლების სფეროს მოდერნიზაციის მიზნით, ბოლო ათწლეულში განხორციელებული რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის პირობებში, მიღებული იქნა არაერთი კანონი და დოკუმენტი პროფესიული განათლების შესახებ.

მიუხედავად ამისა, დღეს, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 18 სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯი ფუნქციონირებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კოლეჯების ხარისხის გასაუმჯობესებლად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის შემცირების ხარჯზე,გარკვეული ინვესტიციები ჩადო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მაგრამ ეს ზომები საკმარისი არ არის იმ კრიტიკული ვითარების გამოსასწორებლად, რომელიც, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რეგიონებში არსებობს.

ამ ფონზე, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, განათლების ხარისხის გაზრდაზე ზრუნვის პარალელურად, ხელი შეუწყოს ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულებათა განვითარებასა და დაფუძნებას რეგიონებში. ჯერჯერობით ასეთი მწყობრი მიდგომა არ ჩანს. არადა, ადგილებზე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია.

XS
SM
MD
LG