Accessibility links

logo-print

განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია და ახალი მინისტრი


გიორგი მარგველაშვილი და თამარ სანიკიძე

გიორგი მარგველაშვილი და თამარ სანიკიძე

კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა, საზოგადოებას საკუთარი შემცვლელი, თავისი ყოფილი პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე წარუდგინა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მუშაობის რვათვიანი შედეგები გააცნო. გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრად თავისი მუშაობის მთავარ შედეგად სისტემის დეპოლიტიზაციას და პედაგოგთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მიიჩნევს. როგორ აფასებენ სპეციალისტები განათლების სამინისტროს 8-თვიან მუშაობას?

პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის ის, რომ მოვახდინეთ განათლების სამინისტროს დეპოლიტიზაცია, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მისი მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რომელზეც საზოგადოებას ახალი მინისტრი თამარ სანიკიძეც წარუდგინა. 8-თვიანი მუშაობის შედეგებზე საუბრისას მარგველაშვილმა კიდევ რამდენიმე პუნქტი ჩამოთვალა:

„გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები დაახლოებით 25%-დან 60%-მდე; გაიზარდა სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები; დაფუძნდა სასკოლო ავტობუსების პროგრამა, როდესაც ბავშვები დაჰყავთ შორეული დისტანციებიდან, სხვადასხვა სოფლებიდან და 16 ათასი ბავშვი სარგებლობს ამ მომსახურებით. შეიქმნა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა - სექტემბერში ყველა ბავშვს მერხზე დახვდება წიგნები“.

ერთადერთი გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ნიშნავს, რომ პედაგოგების გადამზადებაში უნდა დავხარჯოთ მეტი რესურსი და მეტი დრო...
ამას გარდა, გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა უნივერსიტეტების სტატუსის შეცვლა. გაიზარდა სტუდენტების დაფინანსება. განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების დასრულებას და ხარისხობრივად სისტემის გაუმჯობესებას გეგმავს განათლების ახალი მინისტრი თამარ სანიკიძეც, რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა ყველა რეფორმის მთავარი მხარდამჭერი და მამოძრავებელი ძალა უწოდა. თამარ სანიკიძე, რომელიც განათლების მინისტრის პირველ მოადგილეობამდე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მუშაობდა, ამბობს, რომ მინისტრობის დროს მისთვის მთავარი სწორედ განათლების სფეროში არსებული გამოწვევებისთვის სათანადო პასუხის გაცემა იქნება, მათ შორის, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, ვინაიდან სასერტიფიკაციო გამოცდები უჩვენებს ამის აუცილებლობას:

„ერთადერთი გადაწყვეტილებაა მისაღები, რაც ნიშნავს, რომ პედაგოგების გადამზადებაში უნდა დავხარჯოთ მეტი რესურსი და მეტი დრო“.

თამარ სანიკიძის სიტყვებით, გადაიხედება სახელმძღვანელოების შინაარსი, გადაიხედება ეროვნული სასწავლო გეგმაც და აუცილებლად გადაიხედება სკოლების ინფრასტრუქტურა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ რემონტდება 600-მდე სკოლა და დაწყებულია 8 ახალი სკოლის მშენებლობაც.

განათლების სამინისტროში გიორგი მარგველაშვილის 8-თვიანი მუშაობის შეფასებისას, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ორ მთავარ თვალშისაცემ ფაქტორს გამოყოფს. მისი სიტყვებით, პოზიტიური იყო ის, რომ განათლების სფერო უკანასკნელ წლებში არსებული მკაცრი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა ისე, რომ ამას არ მოჰყოლია მენეჯმენტის პრობლემები თვითრეგულაციის პროცესში. თუმცა, თამარ მოსიაშვილის სიტყვებით, სამინისტრო, განათლების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას:

სამწუხაროდ, უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ საკითხს არ ჩაუღრმავდა, ნაჩქარევად, ზერელედ, რაც პერსპექტივაში სერიოზულად დააზარალებს არა მარტო გამომცემლობებს, არამედ განათლების სისტემას მთლიანად...
„ამ ეტაპზე არ ხდება სკოლებზე პოლიტიკური ზეწოლა, არ ხდება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მონაცემების შეგროვება, თუმცა დეკლარირებული დეცენტრალიზაციის მიმართებით, სამწუხაროდ, ჯერჯერობით საკანონმდებლო ნაბიჯები არ გადადგმულა. ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა. ამ პროცესის აქილევსის ქუსლი არის მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და პროფესიული ზრდა და, სამწუხაროდ, ეს სასწავლო წელიც ისე მიიწურა, რომ ამ მიმართულებითაც არაფერი ახალი არ გაკეთებულა“.

თამარ მოსიაშვილის სიტყვებით, განათლების ახალ მინისტრს განათლების სისტემაში ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდისათვის სერიოზული მუშაობა მოუწევს.

ახალი მინისტრის დანიშვნას ელოდებიან წიგნის გამომცემლებიც. როგორც გამომცემლობა „დიოგენეს“ ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე ამბობს, გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებულმა გადაწყეტილებამ სახელმძღვანელოების ბეჭდვის ახალი წესის გამო სერიოზული პრობლემები შეუქმნა გამომცემლებს და შესაძლოა გამომცემლობა „დიოგენე“ წლის ბოლოსთვის გაკოტრების პირასაც მივიდეს:

„სამწუხაროდ, უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ საკითხს არ ჩაუღრმავდა, ნაჩქარევად, ზერელედ, რაც პერსპექტივაში სერიოზულად დააზარალებს არა მარტო გამომცემლობებს, არამედ განათლების სისტემას მთლიანად. ავტორებმა დაკარგეს წიგნების წერის მოტივაცია. შეიძლება ითქვას, რომ წელს ისინი ჰონორარის სახით აბსოლუტურ კაპიკებს მიიღებენ“.

და ეს ყველაფერი, მთლიანობაში, განათლების ხარისხს აზარალებს, ამბობს თამარ ლებანიძე, რომელიც ახალი მინისტრის სახელზე მიმართვის წერილს ამზადებს. განათლების ახლად წარდგენილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ რადიო თავისუფლების შეკითხვას, აპირებთ თუ არა გამომცემლობებთან ურთიერთობის გადახედვასო, აღნიშნა, რომ გამომცემლებთან ურთიერთობა ისე დარეგულირდება, რომ პრობლემა წარსულში დარჩება.
XS
SM
MD
LG