Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლებულები, მაგრამ არასაკმარისად


მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო სისტემის (PISA) ბოლო, 2015 წლის, მონაცემებით, საქართველოს ამ კუთხით 2009 წლის შემდეგ პროგრესი აქვს, თუმცა ქართველი მოსწავლეების შედეგები, კვლევის საშუალო მონაცემებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია, ის ჩამორჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების - ლატვიის, ლიტვის, ესტონეთისა და რუსეთის - მაჩვენებლებსაც. ეს კვლევა, რომელსაც ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OCED) ატარებს, მიზნად ისახავს გამოავლინოს მოსწავლეთა უნარ-ჩვევები დონე განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. 2015 წელს საუკეთესო შედეგი სინგაპურელმა მოსწავლეებმა აჩვენეს.

განათლებულები, მაგრამ არასაკმარისად
please wait

No media source currently available

0:00 0:04:07 0:00
გადმოწერა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო სისტემის ფარგლებში, 72 ქვეყანასა და პროვინციაში 15 წლის ასაკის ნახევარ მილიონზე მეტი მოსწავლე გამოიცადა სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში. საუკეთესო შედეგები სინგაპურელმა მოსწავლეებმა აჩვენეს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნებს შორის კი შედეგებით იაპონია, ესტონეთი, ფინეთი და კანადა ლიდერობენ.

ამიტომაც ვგეგმავთ რეფორმებს ყველა მიმართულებით, რომ როგორც მათემატიკის, ასევე გააზრების უნარ-ჩვევებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა წინ წავიდეთ...
ალექსანდრე ჯიჯელავა

საქართველოს მაჩვენებელი, ამ კვლევის თანახმად. საშუალოზე დაბალია, თუმცა 2009 წლის შემდეგ შედეგები გაუმჯობესდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის კოორდინატორი თამუნა ბრეგაძე ამბობს, ამ შემთხვევაში ყურადღება პროგრესზე უნდა გავამახვილოთ,და არა საშუალო შედეგზე:

„მნიშვნელოვანია, რომ ამოვიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება შედეგების გაუმჯობესებაში. საერთაშორისო და ეროვნულ შეფასებებს, მოსწავლის შედეგების გარდა, ახლავს კიდევ ძალიან მდიდარი, კონტექსტუალური ინფორმაცია, რომელიც გროვდება მასწავლებლებისგან, დირექტორებისგან, მოსწავლეებისგან, მათი მშობლებისგან, რომლებიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევაფასოთ სხვადასხვა ფაქტორები სკოლაში და ისინი დავუკავშიროთ მოსწავლეების შედეგებს“.

ქართველმა მოსწავლეებმა, კვლევის მიხედვით, 2009 წლის შემდეგ, მართლაც, გააუმჯობესეს შედეგი საბუნებისმეტყველო საგნებში 23, წაკითხულის გააზრებაში - 16, ხოლო მათემატიკაში 15 ქულით.

ილიას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი კონსულტანტი, გიორგი გახელაძე ყურადღებას სწორედ ამ მონაცემებზე ამახვილებს:

„იმავე ბუნებისმეტყველებაში ვხედავთ, რომ ეს 23-ქულიანი ნახტომი ხშირი არ არის მონაწილე ქვეყნებში. მაგალითად, ისრაელი საერთო სიაში ჩვენზე წინ არის, მაგრამ მისი პროგრესი არის პლუს 5“.

იგივეა ესტონეთის შემთხვევაშიც, რომელიც მონაცემებით სიის პირველ ხუთეულშია, თუმცა, კვლევის მიხედვით, მისი პროგრესი სტაბილურია, მაშინ როდესაც საქართველოს მაჩვენებელი, ამავე მონაცემებით, იზრდება.

თუმცა როგორც სამინისტროს წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები აღნიშნავენ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა და განათლების დონე საქართველოში დამაკმაყოფილებელია. ეს 7 დეკემბერს აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯიჯელავამაც. მისი თქმით, განათლების სისტემა საქართველოში გადასახედია:

„ამიტომაც ვგეგმავთ რეფორმებს ყველა მიმართულებით, რომ როგორც მათემატიკის, ასევე გააზრების უნარ-ჩვევებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა წინ წავიდეთ“.

გიორგი გახელაძე
გიორგი გახელაძე

რეფორმების აუცილებლობაზე ლაპარაკობს გიორგი გახელაძეც. მისი თქმით, განათლების შეფასების ბევრი საერთაშორისო სისტემა არსებობს, რომელთაგან ზოგში საქართველო მონაწილეობას იღებს, ზოგში კი არა. საერთაშორისო შეფასების სისტემების გარდა, აუცილებელია შეფასების ეროვნული სისტემაც:

„ერთი მხრივ, საგანმანათლებლო სტატისტიკის სისტემის გამართვა, მეორე მხრივ კი, ასეთი მონაცემების მაქსიმალური ღიაობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას შევისწავლოთ ეს მონაცემები და ვიმუშაოთ რეკომენდაციებზე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ“.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო სისტემის მიხედვით, საქართველოში შედარებით კარგი მდგომარეობაა სხვადასხვა სოციალურ ფენაში საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობის მხრივ. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ქართველი მოსწავლე გოგოები ისეთსავე წარმატებას აღწევენ საბუნებისმეტყველო საგნებში, როგორსაც ბიჭები, რაც, როგორც გიორგი გახელაძე ამბობს, დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება და ფეხს უწყობს მსოფლიო ტენდენციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG