Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო პოლიტიკური განცხადებები არჩევნების წინადღეს


8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური პარტიების ლიდერები შემაჯამებელ განცხადებებს აკეთებენ და საარჩევნო კამპანიების შეფასებას იძლევიან. არჩევნებზე წასვლისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს მოსახლეობას ქვეყნის პრემიერი. არჩევნებისთვის მზადაა ცენტრალური საარჩევნო კომისიაც, რომლის თავმჯდომარემ უკვე შეაჯამა არჩევნებისთვის მზადების პროცესი.

გადმოწერა

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. 3 513 884 ამომრჩეველმა 150 პარლამენტარი (77 - პროპორციული სიით, 73 -მაჟორიტარული სიით) უნდა აირჩიოს, არჩევანი კი 3 645 საარჩევნო უბანზე 25 საარჩევნო სუბიექტს, 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გაკეთდეს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო შეფასებებს აკეთებენ. 7 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა შს მინისტრს მისი უწყების როლი და სთხოვა, იზრუნოს ქვეყანაში მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე, მოსახლეობას კი არჩევნებზე წასვლისაკენ მოუწოდა:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„ეს არჩევნები ნამდვილად არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის და, პირველ რიგში, მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს ევროპულ მომავალს და დარწუნებული ვარ, რომ 9 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა უკეთეს საქართველოში იცხოვრებს“.

„ხვალ სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ქართველს ხალხს, იმისათვის რომ ქართველმა ხალხმა სახელმწიფო ძალაუფლება თავის ახალ რჩეულებს მიანდოს“, - ასე დაიწყო თავისი შემაჯამებელი სიტყვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და განაცხადა, რომ პარლამენტიც და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიც მზად არიან ახალი ხელისუფლების მისაღებად და მუშაობის გასაგრძელებლად. უსუფაშვილმა თქვა ისიც, რომ ყველა სახელმწიფო მოხელე - პოლიციელი იქნება ეს, გამგებელი თუ სხვა მოხელე - თავისუფალია თავის არჩევანში. ილაპარაკა მომავალი არჩევნების თავისებურებების შესახებ, მათ შორის იმაზეც, რომ ეს არჩევნები არ დასრულდება 8 ოქტომბერს, რადგან, მისი პროგნოზით, როგორც ჩანს, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაინიშნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ პერიოდის მშვიდად და სპეკულაციების გარეშე გავლა, თქვა უსუფაშვილმა:

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„ეს არჩევნები იმიტომაც არის გამორჩეული, რომ ჩვენ 26 წლის განმავლობაში პირველად მივდივართ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც წყდება არა მხოლოდ ის საკითხი, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არამედ ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებისთვისაც. ჩვენ მანამდე ვცხოვრობდით საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში და, შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ბედი წყდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხოლო პრეზიდენტი არ იყო ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. დღეს კი ჩვენ პირველად მივდივართ ისეთ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება და საით წავა ეს ქვეყანა“.

საარჩევნო კამპანია შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგების აღიარებისთვის მზად არის, ხოლო შეკითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს ”ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მათთვის არასასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, ბაქრაძემ განაცხადა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელიც არჩევნების შედეგებს ყოველთვის აღიარებდა, მათ შორის, დამარცხების შემთხვევაშიც:

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„ჩვენი კამპანია წელს აწყობილი იყო კონკრეტულ გეგმებზე, შეთავაზებასა და პოზიტივზე. მთელმა ჩვენმა კამპანიამ გაიარა იმაზე საუბარში, თუ რას გავაკეთებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხისთვის. ამით ჩვენი კამპანია რადიკალურად განსხვავდებოდა ხელისუფლების კამპანიისგან, რომელმაც მთელი ეს თვეები გაატარა მოსახლეობის დაშინებაში, სისხლისღვრებსა და გადატრიალებებზე ლაპარაკში. ამიტომ ხვალ თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რას ირჩევს“.

7 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმაც. მისი თქმით, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამხარეო პოლიცია და, ასევე, სამხარეო ადმინისტრაცია აქტიურად ერევა საარჩევნო პროცესებში, რაც ხელს უშლის არჩევნების ნორმალურ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. ჩიქოვანი ამაზე დროულ რეაგირებას მოითხოვს.

არჩევნების წინადღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, რომლის განცხადებით, არჩევნების ჩასატარებლად უკვე ყველა უბანი სრულ მზადყოფნაშია. უბნებზე ხმის მიცემას ამომრჩევლები დილის 8 საათიდან შეძლებენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG