Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიღე და მიიღე


თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, სამხატვრო აკადემიის კედელზე ნახავთ კარადას, წარწერით: „აკადემიის განჯინა - გაიღე და მიიღე“. ეს განჯინაა, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია დატოვოს ან აიღოს ნივთები. ეს საქველმოქმედო ინიციატივაა, რომელიც 30 იანვარს ამუშავდა და უკვე საკმაოდ პოპულარულია. როგორ შეხვდნენ ადამიანები ახალ წამოწყებას და რას ფიქრობენ იდეის ავტორები?

წიგნები, ტანსაცმელი, სათამაშოები, სამაჯურები, სასკოლო სახელმძღვანელოები და ათასგვარი სხვა ნივთი განჯინას ძალიან სწრაფად ემატება და სწრაფადვე ქრება. თაროები სამხატვრო აკადემიის კედელზე სულ ერთი კვირაა, რაც გამოჩნდა და უკვე ერთგვარ საზოგადოებრივ სივრცედ იქცა, სადაც ადამიანები ყოველდღიურად ერთმანეთში ნივთებს ცვლიან.

ლარისა კოსწინა გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობს, განჯინასთან ახლოს. შუადღისას მოდის და თაროზე სათამაშოებს ტოვებს - ყავისფერი დათუნია, ჩექმებიანი კატა და კიდევ რამდენიმე თოჯინა სახლში აღარ სჭირდებათ, ამიტომაც მიიჩნევს, რომ კარგია, თუ ამ სათამაშოებით უკვე სხვა ბავშვები ითამაშებენ:

„ისე ხდება ხოლმე, რომ როცა რაღაც არ გვჭირდება, ნაგავში ვყრით. არადა, შეიძლება ეს ნივთი სხვას რამეში გამოადგეს. ამიტომაც, რატომ უნდა გადავყაროთ ნაგავში, არ ჯობია, აქ მოვიტანოთ და შემდეგ იქნებ ვინმეს მოეწონოს და აიღოს“.

როგორც ლარისა კოსწინა ამბობს, ადრე ჰქონდა იდეა ნაპოვნი ნივთების ბიურო გაეკეთებინა, სადაც ადამიანები ქუჩაში შემთხვევით ნაპოვნ ნივთებს მოიტანდნენ და შეეცდებოდნენ მათი პატრონი ეპოვათ. ამიტომაც ძალიან გაუხარდა, რომ მის ქუჩაზე განჯინა გამოჩნდა.

წამოწყების ავტორები ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე და განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია არიან. როგორც სიმონ ჯანაშია ამბობს, მათი მიზანი იყო შეექმნათ ერთგვარი დემოკრატიული ქველმოქმედება:

„დემოკრატიული იმ თვალსაზრისით არის ეს ფორმა, რომ თუ საქველმოქმედო ფონდები თავიანთ პრიორიტეტებსა და ბენეფიციარებს თვითონ ირჩევენ, აქ ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რით დაეხმარონ სხვებს და ის სხვებიც თავადვე არჩევენ რაღaცას, რაც მათთვის საინტერესოა“.

ავტორებმა პირველი განჯინა საკუთარი ხარჯებით გააკეთეს. კედელში ჩასაშენებელი ხის კონსტრუქციის გაკეთებას დაახლოებით 250 ლარი დასჭირდა, იანვრის ბოლოს კი, როდესაც ყველაფერი უკვე მზად იყო და სამხატვრო აკადემიისგან ნებართვაც მიღებული ჰქონდათ, განჯინამ მუშაობა დაიწყო. როგორც სიმონ ჯანაშია ამბობს, დაწყებისთანავე სოციალურ ქსელში მათ ძალიან ბევრი გამოეხმაურა. ზოგს მოსწონდა, ზოგს შენიშვნები ჰქონდა. ყველაზე უფრო, მისი თქმით, ადამიანებს ის აფიქრებდათ, გაძლებდა თუ არა თაროები დიდხანს დაუზიანებლად. ლევან ღამბაშიძე ამბობს, რომ თავიდან ეგონა განჯინაში უწესრიგობა იქნებოდა და თავადვე მოუწევდა მოტანილი ნივთების დალაგება:

„ვინაიდან ეს ჩემს ქუჩაზეა, მეგონა, რომ, როგორც ერთ-ერთ მონაწილეს, მე მომიწევდა განჯინის დალაგება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლები თავადვე უვლიან მას და ალაგებენ, ანუ სულ წესრიგია. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“.

დღის განმავლობაში განჯინას ყველა ასაკის სტუმარი ჰყავს - სკოლის მოსწავლეებით დაწყებული, ხანშიშესული ადამიანებით დამთავრებული. სტუდენტი გიორგი სინჯარაძე მეგობრებთან ერთად თაროებზე დალაგებულ ნივთებს ათვალიერებს. წინა დღეს უკვე აიღო სამაჯური, რომელიც ახლა ხელზე უკეთია. როგორც ამბობს, როდესაც განჯინა პირველად ნახა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა:

„პირველად რომ გამოვიარე, ბევრი საინტერესო წიგნი ვნახე, თუმცა ახლა აღარ არის. არც ვიცოდი, რას ეხებოდა ეს აქცია. ალბათ, უფრო საინტერესო იქნებოდა, წიგნები წაიკითხო და უკან დააბრუნო და, ალბათ, დააბრუნებენ კიდეც, არ ვიცი“.

განჯინაში ნივთები მისმა მეგობარმა, ანა ზათიაშვილმაც დატოვა. ის ფიქრობს, რომ ეს პროექტი ადამიანებში ქველმოქმედების სურვილს გააღვიძებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მხრიდან სწორი დამოკიდებულება იქნება:

„დადებითი ჟესტია, მაგრამ, ალბათ, უმეტესობას დიდად არ ანაღვლებს, მექანიკურად აგდებენ ნივთებს. მაინც, ალბათ, უფრო განწყობით უნდა აკეთებდნენ“.

ნივთების გაცვლაში პროექტის ავტორებიც აქტიურად არიან ჩართულნი. არქიტექტორი ანუკა თავართქილაძე, რომელმაც განჯინის დიზაინი შექმნა, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობს და თაროებზე ხშირად ტოვებს ნივთებს:

„სკამზე დასადები ბალიში მოვიტანე. მანამდეც მოვიტანე ტანსაცმელი, რომელიც წაიღეს და ძალიან მიხარია“.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა განჯინა თბილისის სხვა უბნებშიც ყოფილიყო, რომ ადამიანებს ნივთების დასატოვებლად დიდი გზის გავლა არ მოუხდეთ:

„ჩემი აზრით, იდეალური იქნება, თუ სხვა უბნების მცხოვრებლებიც ჩაერთვებიან და იარსებებს რუკა, სადაც აღნიშნული იქნება ეს განჯინები და ყველა უბანში ხალხს საშუალება ექნება ნივთები მიიტანონ“.

განჯინაში ნივთებს ძირითადად გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლები ტოვებენ, მაგრამ, როგორც ლევან ღამბაშიძე ამბობს, ხანდახან ადამიანები სხვა უბნებიდანაც მოდიან. თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ამ წამოწყებამ ხალხში სურვილი გააჩინა, თბილისში - და არამარტო თბილისში - უფრო და უფრო მეტი განჯინა არსებობდეს:

„დამიკავშირდნენ, ფეისბუკზეც მოგვწერეს დ ა კითხვებს გვისვამენ. აი, მაგალითად, ზუგდიდიდან მოგვწერეს და გვკითხეს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფლება მოვიპოვოთო. ჩვენ ზუგდიდში ამ პროექტს ვერ განვახორციელებთ, მაგრამ შეგვიძლია რჩევები მივცეთ. თუ განჯინა ზუგდიდშიც გაკეთდება, ეს ერთიანი მოძრაობის ნაწილი იქნება, მაგრამ ეს იქნება ზუგდიდელი ადამიანების მიერ გაკეთებული“.

მას შემდეგ, რაც განჯინა გაკეთდა, მან, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად დაიწყო არსებობა. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ის დამოუკიდებლადვე უნდა გაგრძელდეს, სხვა ადამიანების ინიციატივით: სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ საჭიროა დამოკიდებულებები შეიცვალოს:

„ჩვენ გვინდოდა იმ იდეის პოპულარიზაცია, რომ ჩვენ გარშემო არის სივრცეები, რომლებიც შეიძლება გაცილებით ღირებული იყოს, ვიდრე დღეს არის. ეს ცვლილება კი ჩვენ უნდა გამოვიწვიოთ. ანუ არ არის საჭირო, ვიღაც მდიდარ მეცენატს ან დიდ ორგანიზაციას დაელოდო, რომ ეს ცვლილებები მოხდეს“.

ცვლილებები კი ყველაზე მეტად თვალშისაცემი თვითონ განჯინაშია. წითელი პულოვერი, რომელიც 4 თებერვალს თაროზე იდო, 5-ში უკვე გაქრა. თაროზე ვეღარც ჩექმებიან კატას და ყავისფერ დათუნიას ნახავთ. სამაგიეროდ, მათი ადგილი ტანსაცმლის მოზრდილმა ფუთამ დაიკავა, ინგლისური ენის სახელმძღვანელოსა და ფერად სამაჯურებთან ერთად.

XS
SM
MD
LG