Accessibility links

logo-print

30 მარტს სრულდება აუქციონი, სადაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 34 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ყიდის სოფელ განმუხურის სანაპიროსთან. აუქციონის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიწაზე, რომელიც 2 263 500 ლარად არის შეფასებული, მყიდველმა სასტუმრო უნდა ააშენოს და 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ინფორმაციამ მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკმაყოფილება გამოიწვია, რომელსაც მოგვიანებით განმუხურელების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ოპოზიციური პარტიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლების განცხადებით, განმუხურის სანაპირო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებს ეწირება და პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობა ბულვარის გარეშე დარჩება.

„მე მინდა კატეგორიულად გავაფრთხილო დღევანდელი ხელისუფლება, თუ ისინი ხელს არ აიღებენ განმუხურის სანაპირო ზოლის გაყიდვაზე, მიიღებენ უწყვეტ საპროტესტო აქციებს. ჩვენ, ზუგდიდელები, არ დავუშვებთ რუსი ოლიგარქის პარპაშს ზუგდიდში“, - განაცხადა პარტიის წევრმა ლაშა დამენიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამ განცხადებას განმუხურში საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მიესალმებიან სანაპიროს მიმდებარე ტეროტორიის გაყიდვას ინვესტიციების განხორციელების მიზნით. „მთავრობამ გააჩუმოს ჩვენი მტრები“, „განმუხურის მტრებო, ნუ აჩერებთ განვითარებას“ - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ აქციაზე მოსულებს:

„მე არ მაინტერესებს არც ივანიშვილი, არც სააკაშვილი, არც “ოცნება”, არც არავინ. ჩვენ, ხალხს, ახალგაზრდები რომ არიან აქ შეკრებილი, ყველას დასაქმება უნდა. ხო გაიძახოდნენ ნაციონალები, სამუშაო არ არისო, ინვესტიციები არ არისო. ახლა, როცა ინვესტიციები იქნება, რატომ აპროტესტებენ და ხალხს მთავრობის წინააღმდეგ რატომ განაწყობენ, ეს ვერ გავიგე“, - ამბობს განმუხურში მცხოვრები ეკა შამახია.

ამ აქციას ცოტა ხანში მეორე მოჰყვა, თუმცა ამჯერად ბულვარში შეკრებილი სოფლის მცხოვრებლები განსხვავებული მოთხოვნებით გამოვიდნენ. მიწის ნაკვეთის გაყიდვის მოწინააღმდეგეებთან აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ:

„არ გვინდა ამის გაყიდვა. ჯერ ეს ერთი, მაგათი გაკეთებული არ არის. მეორე, რომ ინგრევა ყველაფერი, რომ ლპება, ამისთვის არავის მიუხედია. არ შეიძლება ამის გაყიდვა“, - ამბობს ზურაბ სვანიძე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას განცხადებით, სამართლებრივად ტერიტორიის გაყიდვას ხელს არაფერი უშლის:

„არ იყიდება ზღვისპირა ზოლი, იყიდება სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია. მისი გასხვისება კანონმდებლობით დაშვებულია, იმიტომ რომ არ განეკუთვნება და არ შედის რეკრეაციულ ზონაში, მას არ ჰქონდა არც ბულვარის სტატუსი. არც სიმბოლურ ფასად ხდება მიწის ნაკვეთის გასხვისება. არის აუქციონზე და ნებისმიერ ინვესტორს შეუძლია დაინტერესდეს, მიიღოს მონაწილეობა და დააკმაყოფილოს საინვესტიციო პირობები“.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, ხვალ გაიმართება მიწის გაყიდვის მოწინააღმდეგეთა უფრო ფართომასშტაბიანი აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG