Accessibility links

logo-print

განვითარების ახალი ბანკი


BRICS-ის სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერები

BRICS-ის სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერები

მსოფლიოს ხუთმა წამყვანმა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ საფუძველი ჩაუყარა განვითარების ახალ ბანკს და საგანგებო სარეზერვო ფონდს. 5 მონაწილე ქვეყანაა ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა (BRICS). ბანკის შტაბბინა შანხაიში იქნება და პირველი პრეზიდენტი ინდოეთიდან აირჩევა. ბანკის თავდაპირველი კაპიტალი 50 მილიარდი აშშ დოლარით შემოიფარგლება, რომელიც მონაწილე ქვეყნებს შორის თანაბრად გადანაწილდება. საგანგებო სარეზერვო ფონდი 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის იქნება, ის განვითარებად ქვეყნებს მოკლევადიანი ლიკვიდურობის პრობლემათა აღმოფხვრაში დაეხმარება და გლობალური ფინანსური სტაბილურობის გარანტი იქნება. მაგალითისთვის: ლაპარაკობენ იმაზე, რომ ბანკი შეიძლება დაეხმაროს არგენტინას, რომელიც 1,3 მილიარდი აშშ დოლარიანი სესხის დეფოლტის წინაშეა. ამასთან, განვითარების ბანკის ძირითადი ამოცანაა განვითარებად ქვეყნებს მიაწოდოს საკრედიტო რესურსი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ბანკის შექმნის იდეა 2012 წელს გაჩნდა, თუმცა, ორგანიზაციის დაფინანსებისა და მენეჯმენტის საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, დაფუძნება მხოლოდ 2014 წლის ივლისში მოხერხდა. მობილიზებული თანხები ხელმისაწვდომი იქნება 2015 წლიდან. ქვეყნებს შეეძლებათ ბანკში შეტანილი თანხების პროპორციული ოდენობა გამოიყენონ. გამონაკლისია ჩინეთი და სამრხეთ აფრიკა, როგორც ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა კონტრიბუტორები. მაგალითად, ჩინეთის შენატანი 41 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება და ამ თანხის ნახევრის გამოყენება შეეძლება, სამხრეთ აფრიკას შეტანილი 5 მილიარდიდან ორჯერ მეტის გამოტანა შეეძლება. რუსეთი, ინდოეთი და ბრაზილია 18-18 მილიარდ დოლარს შეიტანენ ბანკში საკუთარი უცხოური ვალუტის რეზერვებიდან და მთლიანად შეეძლებათ ამ თანხის უკან გამოტანა.

განვითარების ახალი ბანკი, სავარაუდოდ, კონკურენციას გაუწევს 1944 წელს აშშ-ში დაარსებულ გაეროს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს - მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ახალი ბანკის შექმნაში მონაწილე ერებმა მსოფლიო ბანკი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ განვითარებად ქვეყნებს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში არ ეძლევათ ხმის მიცემის უფლება. ამასთან, აშშ ნიშნავს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ხოლო ევროპული ქვეყნები -საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარეს. სწორედ ამიტომ, განვითარებადი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, შეიქმნა აღნიშნული ბანკი. 2014 წლის მონაცემებით, განვითარების ბანკის შექმნაში მონაწილე ეს ხუთი ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკის 14 პროცენტს შეადგენს. შესაძლოა განვითარების ახალ ბანკში გაწევრიანდნენ ასევე სხვა ქვეყნებიც - სავარაუდოდ, თურქეთი, ინდონეზია და მექსიკა.

XS
SM
MD
LG