Accessibility links

logo-print

გასული კვირა და მომავლის გეგმები


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სამხედროებს ესაუბრება ერთობლივი წვრთნის გახსნაზე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სამხედროებს ესაუბრება ერთობლივი წვრთნის გახსნაზე.

გასული სამუშაო კვირის ძირითადი პოლიტიკური მოვლენები, შეიძლება ითქვას, ორი უმთავრესი მიმართულებით განვითარდა. ეს მიმართულებებია მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები და ქვეყნის საგარეო კურსი და უსაფრთხოება.

გასული სამუშაო კვირის დასაწყისშივე ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მარათონი 8 ივნისიდან დაიწყება, ანუ არჩევნებამდე ზუსტად ოთხი თვით ადრე. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. შესაბამისად, შეიძლება იმის თქმაც, რომ საქართველოს თავისუფალი არჩევნების ისტორიაში მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჯერჯერობით ყველაზე ხანგრძლივი წინასაარჩევნო პერიოდით იქნება გამორჩეული. საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს;

“ჩვენ თუ შევხედავთ გამოკითხვებს, ჩვენ ვნახავთ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა არის ფრიად დაბალი. ვერ გადაწყვიტა ამომრჩეველმა რომელ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა. ეს ჩემთვის პრობლემაა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება უფრო ლეგიტიმური და რაც შეიძლება უფრო აქტიური არჩევნები“.

გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ პროგნოზირებადი საარჩევნო გარემო ხელსაყრელია როგორც ამომრჩევლის, ისე პოლიტიკური პარტიებისთვის. საარჩევნო მიზნების სრულფასოვნად განხორციელებისთვის საქართველოს პრეზიდენტი ოპტიმალურ დროდ 5 თვეს მიიჩნევდა, პრემიერ-მინისტრი კი - 3-ს. საბოლოო ჯამში, მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება და, პროცედურების თანახმად, არჩევნების თარიღის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილების კონტრასიგნაციას პრემიერ-მინისტრი 8 ივნისს მოახდენს. იმ დროისათვის მას უკვე კარგად ექნება მორგებული ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის, კერძოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, თავმჯდომარის სტატუსიც.

როგორც საზოგადოება, ასევე დასავლელი მეგობრებიც ეძებენ იმ საყრდენს, რომელიც შეძლებს ქვეყანა წაიყვანოს არა მხოლოდ განვითარებისკენ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოს სტაბილურობა...

საქმე ისაა, რომ 14 მაისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეოთხე ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩია. ამ პოსტზე იგი ერთადერთი კანდიდატი იყო. ყრილობამ დაამტკიცა ასევე პარტიის განახლებული პოლიტიკური საბჭო. თავის სიტყვაში გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ერთიანი ხედვა უნდა ჰქონდეს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ყველამ პატივი უნდა სცეს და დაემორჩილოს გუნდის გადაწყვეტილებებს. ეს იყო გასულ სამუშაო კვირაში უკვე მეორე მესიჯი პრემიერ-მინისტრისგან დეპუტატ თამაზ მეჭიაურისა და მათ მიმართ, ვინც ქვეყნის დასავლურ კურსს ეჭვქვეშ აყენებს. მეჭიაური ყრილობას არ დასწრებია და გასულ კვირაშივე გააკეთა განცხადება მის მიერ „ქართული ოცნების“ რიგების შესაძლო დატოვების შესახებ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, 14 მაისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გამოსვლისას მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პარტიის მიერ აღებული საგარეო პოლიტიკური ვექტორის - ქვეყნის ევროპული ორიენტაციის - ერთგულების შესახებ:

„ჩვენი პარტიის საგარეო პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან. ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობისკენ თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისათვის. სწორედ ამიტომ გვაქვს გეზი აღებული ევროკავშირისა და ნატოსკენ და ამ გეზს არ გადავუხვევთ“.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილს სჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა სათანადოდ აფასებს „ქართული ოცნების“ საქმიანობას, გეგმებს და ამოცანებს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც მას დაუჭერს მხარს. მომღერალი პაატა ბურჭულაძე კი ფიქრობს, რომ ცვლილებების დროა, რომ საქართველო ეკონომიკურად ძლიერი, ღირსეული და საკუთარი ტრადიციების მქონე დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა იყოს - ქვეყანა, რომელსაც არ უნდა ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და ამ ბატონის გემოვნებით არ უნდა ცხოვრობდეს. „სახელმწიფო ხალხისთვის“ - ამ სახელწოდებით დაფუძნდება ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც სწორედ სახელოვანი საოპერო მომღერალი, „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე ჩაუდგება სათავეში. 12 მაისს მან განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახალი პოლიტიკური მოძრაობის მიზნებსა და გეგმებზეა საუბარი. ამ მოძრაობის დამფუძნებელთა შორისაა პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც ამბობს, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ გაამართლებს საზოგადოების მაღალ მოლოდინს ახალ იდეებსა და ლიდერებთან, მათ შორის, პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით:

“ინტერესი პაატა ბურჭულაძის მიმართ თანაბრად დიდია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს დასავლელ პარტნიორებში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არსებულმა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ამოწურა საკუთარი რესურსი და ეს ქვეყნის დესტაბილიზაციის მაპროვოცირებელი ძალიან სერიოზული ფაქტორია. შესაბამისად, როგორც საზოგადოება, ასევე დასავლელი მეგობრებიც ეძებენ იმ საყრდენს, რომელიც შეძლებს ქვეყანა წაიყვანოს არა მხოლოდ განვითარებისკენ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოს სტაბილურობა“.

„სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი ყრილობა, რომელმაც თავმჯდომარე და პოლიტსაბჭო უნდა აირჩიოს, ორიოდ კვირაში გაიმართება.

გასულ კვირაში ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ოფიციალურად გაიხსნა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო მონაწილეობს. ერთობლივი წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე ქართული ქვეითი ასეულის თავსებადობის გაზრდას ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება ნატოს რეაგირების ძალების სერტიფიცირებული შენაერთი. მისივე თქმით, დიდი მონდომების მქონე პატარა ქვეყანა, საქართველო, მტერსა და მოყვარეს ნათელ მესიჯებს უგზავნის:

თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

“რომ აქ, ამ მიწაზე, არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება; აქ, ჩვენს სამშობლოში, არასოდეს დახვდებიან აგრესორს გაშლილი დროშებით; აქ, საქართველოში, სწორედ ეს თაობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი არჩევანი, ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანი, ურყევი და შეუცვლელი იყოს. თაობებს გაჰყვება ეს შემართება, თაობებს გაჰყვება ეს მცდელობა და საქართველო აუცილებლად გახდება ამ ოჯახის წევრი“.

გასულ კვირას გამართული საკანონმდებლო ბრძოლებიდან კი ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა ცვლილებების დამტკიცება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, რომელიც ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს, მათ შორის, კვორუმის გაზრდას გადაწყვეტილების მიღებისას. კანონში ცვლილებას ოპონენტები სადამსჯელო ღონისძიებას უწოდებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებისთვის არასასურველი რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ერთკვირიანი დაძაბული დებატების დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადების თხოვნით მიმართავს.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებისას გამოიყენებენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს, „აბრამსს“. ერთობლივ წვრთნაში მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი და საქართველოს არმიის შეიარაღებაში არსებული ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ საჩვენებელი წვრთნით 24 მაისს დაიხურება.

„საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში კანონის, სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის გარანტი, უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში და მე მინდა მას თხოვნით და მოწოდებით მივმართო, გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და ვეტო დაადოს ამ კანონს“, აცხადებს დეპუტატი დავით ბაქრაძე.

კანონში ცვლილებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელთა ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილება არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აზიანებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ინტერესებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG