Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

2015 წლის შეფასება კახეთში


თელავი
თელავი

როგორი იყო 2015 წელი? - ამ კითხვაზე პასუხები განსხვავებულია. ხელისუფლება განვლილ წელს კმაყოფილი ეგებება, ოპოზიცია კი - უკმაყოფილო. როგორ აფასებს 2015 წელს მესამე სექტორი და ხალხი?

გაუფასურებული ლარი, გაძვირებული მედიკამენტები, ჩინოვნიკთა გაზრდილი პრემიები, ქვეყანაში გაუარესებული სოციალური ფონი და შეტევა ოპონენტებზე - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, შაქრო ტერტერაშვილს, 2015 წელი დაამახსოვრდა. ტერტერაშვილი ამბობს, რომ „წელს ქვეყნის განვითარების პროცესი რამდენიმე წლით უკან დაბრუნდა“ და მასზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს:

„სეტყვის საწინააღმდეგო რადარებს გვამადლიან, თითქოს მაგარი რამე გაუკეთებიათ. ამ დროს, კახეთში წელს რომ სეტყვა იყო, ამდენი არასოდეს ყოფილა. სესხების მოცულობა იმატებს კატასტროფულად. მე ვფიქრობ და ყველა ობიექტურად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული გაჭირვება“.

2015 წლის დადებით და უარყოფით შედეგებზე საუბრობს გიორგი მოსიაშვილი, დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“. მოსიაშვილი წლის მთავარ მიღწევად ვიზალიბერალიზაციის პროცესს მიიჩნევს, უარყოფით შეფასებას კი აძლევს მოსახლეობასთან ადგილობრივი ჩინოვნიკების დაბალ კომუნიკაციას.

„გარკვეული მიმართულებებით არის სწორი ნაბიჯები. შემდეგი საკითხია საჯარო მოხელეებთან მიმართებაში მიდგომები. მაგალითად, ერთი მხრივ, ქალაქის მერი არის გახსნილი, მაგრამ იგივე არ შეიძლება ითქვას საკრებულოზე“.

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, სეტყვის საწინააღმდეგო რადარების მოწყობა და მშენებარე ობიექტები კახეთში - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალია, რომლითაც კახეთის გუბერნატორი ამაყობს. ირაკლი შიოლაშვილი ირწმუნება, რომ, პრობლემების მიუხედავად, წელმა ნაყოფიერად ჩაიარა არა მხოლოდ კახეთის რეგიონისთვის, არამედ საქართველოსთვის:

„იუსტიციის სახლი აუცილებლად აშენდებოდა და დამერწმუნებით, ალბათ, რომ შენდება ეს იუსტიციის სახლი. ჩვენ დაგპირდით, რომ აუცილებლად იქნებოდა საბავშო ბაღები გარემონტებული და ეს პირობაც შევასრულეთ. ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი რესურსი დავხარჯეთ, თუმცა მომავალში უფრო მეტ რესურსს დავხარჯავთ“.

რით დაამახსოვრდებათ და რა შეიცვალა 2015 წელს კახეთში მცხოვრები ადამიანების ყოფა-ცხოვრებაში? გთავაზობთ ჩვენს მცირე გამოკითხვას:

„რა უნდა შევაფასოთ, ყველა გაჭირვებულია. ბანკთან მიდით და გეტყვიან, როგორ უნდა შეაფასონ“.

„დავიღუპეთ უარესად, ველოდებით - სახლებს დაგვიყიდიან და დაგვტოვებენ ასე“.

„სწორ არჩევანს გავაკეთებთ მომდევნო არჩევნებზე, რადგან არ იყო ჩვენთვის სახარბიელო წელი“.

„ყველაფერი გაძვირებულია და ყველაფერი გართულებულია. სამედიცინო დახმარების მიმართულებით ძალიან რთულია, ყველაფერზე გადასახადებია საშინელი, არანაირი დაზღვევა ნორმალურ პირობებში არ იყო. სოციალური სამსახურიდანაც ძალიან შეგვზღუდეს“.

„ჩემთვის ძალიან კარგი და სასიამოვნო წელი იყო“.

„როგორი იყო? ჩვეულებრივი“.

ევროპასთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, 10 ლარით გაზრდილი პენსია და წლის ბოლო დღეებში თანამდებობიდან წასული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - ასეთია 2015 წლის მოკლე ისტორია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG