Accessibility links

logo-print

200-ზე მეტი მუშა ქსნის მინის ქარხანასა და 1000-მდე მაღაროელი ტყიბულში - ეს ის ხალხია, ვინც მთელი წინა კვირის განმავლობაში განაგრძობდა გაფიცვას ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება არ მიღწეულა. გასულ კვირაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი.

ტყიბულში უკვე ორი კვირაა გრძელდება მაღაროელების გაფიცვა. ქვანახშირის მაღაროს მუშების მოთხოვნა უცვლელია: ისინი მმართველი კომპანია „საქნახშირ - ჯი-აი-ჯი“-სგან ხელფასის 40 %-ით მომატებას მოითხოვენ. უცვლელია დამსაქმებლის პოზიციაც: ხელფასი ამ ეტაპზე ამ რაოდენობით ვერ მოიმატებს. აქციის მეცამეტე დღეს კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ მაღაროელებს ხელფასის 5 %-ით მომატებას სთავაზობდა, რაზეც მეშახტეები არ დათანხმდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ პროცესში ხელისუფლების უფრო აქტიურად ჩართვას.

„მყარად ვდგავართ, მოთხოვნებს არ შევცვლით“, - გვითხრა ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვის მეცამეტე დღეს გაფიცულმა რუსლან ბუცხრიკიძემ და დახმარებისთვის ისევ ხელისუფლებას მიმართა: „სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომა, რომ ეს ურთიერთობები მოაწესრიგოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ვითარება არ გამწვავდეს“.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ 26 თებერვალს განაცხადა, რომ ხელფასები ამ ეტაპზე არ გაიზრდება და მეშახტეებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისაკენ მოუწოდა: „გარკვეულ პირობებზე, რომელზეც ჩამოვყალიბდით, სრული ურთიერთგაგება გვექნება და მეშახტეები სამუშაოს დაუბრუნდებიან, მაგრამ მათ შორისაც არიან დესტრუქციული ძალები, რომლებიც უაღრესად უარყოფით როლს თამაშობენ დღეს მიმდინარე პროცესში“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ ტყიბულში ვითარება კრიზისულია და იქ მიმდინარე მოვლენები დიდი ხანია გასცდა შრომით დავას. ლინა ღვინიანიძე სახელმწიფოს მოუწოდებს ამ საკითხს სერიოზულად შეხედოს და მოძებნოს მისი გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმი:

ლინა ღვინიანიძე

ლინა ღვინიანიძე

„სახელმწიფომ უნდა დაინახოს და აღიაროს, რომ ტყიბულში განვითარებული პროცესი არ არის რიგითი შრომითი დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ეს არის ძალიან დიდი სოციალური პროტესტი, რომელსაც სჭირდება შრომის პოლიტიკით და, საერთოდ, ადეკვატური სოციალური პოლიტიკით პასუხი“.

გაფიცვა უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება დაბა ქსნის მინის ქარხანაშიც, სადაც ქარხნის თანამშრომლები ხელფასის 30 %-ით მომატებას მოითხოვენ. სააქციო საზოგადოება „მინაში“ აცხადებენ, რომ ხელფასს ამ ეტაპზე 30 %-ით ვერ გაზრდიან. გაფიცულების განცხადებით, მათი დაბალი ხელფასი მათ გაორმაგებულ შრომას არ შეესაბამება.

როგორც ქსნის მინის ქარხნის თანამშრომელმა, პროფკავშირის თავმჯდომარემ თემურ სურამელაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ადმინისტრაცია ვერაფრით დაარწმუნეს, რომ ქარხანაში მეორე ღუმლის ამოქმედებამ მუშებს შრომა მოუმატა. ადმინისტრაცია მუშებს უპასუხებს, რომ ქარხანაში ძირითადი დატვირთვა მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე მოდის და რომ რეალურად მუშებს საქმე არ მომატებიათ. თუმცა თემურ სურამელაშვილს მოჰყავს მაგალითი ენერგეტიკის განყოფილებიდან, სადაც თავადაც მუშაობს:

„აი, მაგალითისათვის, თუ ელექტრიკოსს ებარა, პირობითად რომ ვთქვათ, 20 ელექტროძრავა და 10 000-ვოლტიანი ქვესადგურის ყურადღება ჰქონდა დავალებული, მეორე ღუმელი რომ გაუშვეს, შესაბამისად, ძრავების რაოდენობამაც მოიმატა. ჩემს სამსახურში თუ ერთ ღუმელზე, სიტყვაზე, სამი კომპრესორი მუშაობდა, ახლა მუშაობს რვა და ამას დატვირთვად არანაირად არ აღიქვამენ, ანუ ეს დამატებითი ყურადღება საქმედ არ ითვლება. მაინცდამაინც რაღაც ტვირთი უნდა იყოს მუშაზე აკიდებული, რომ დამატებით რაღაც აუნაზღაურონ. ასეთი მიდგომა აქვთ“.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ქსნის მინის ქარხანაში მეორე ღუმლის ამოქმედების შემდეგ, რამაც, დოლაბერიძის თქმით, წარმოება ორჯერ გაზარდა, ქარხანას მხოლოდ 40 თანამშრომელი დაემატა, დანარჩენებს კი მხოლოდ დატვირთვა მოემატათ. ხელფასის მომატების მოთხოვნაც მას შემდეგ გაჩნდა:

„რა გამოდის? საწარმოს სიმძლავრის ზრდით მარტო კომპანია ნახულობს სარგებელს და არანაირი სიკეთე ხალხზე არ ნაწილდება. და ეს მაშინ, როდესაც ამ ხალხის შრომაა გაზრდილი და მათი შრომის ხარჯზე ორმაგდება წარმოებაც“.

სააქციო საზოგადოება "მინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტმა თეონა ბაღდავაძემ კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თანამშრომლების გაფიცვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა კომპანიის საოპერაციო საქმიანობა და ამ ეტაპზე ეჭვქვეშ დგას მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობებიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, აცხადებენ „მინაში“, კომპანია მზად არის დაიწყოს საუბარი მუშებთან კოლექტიურ მოლაპარაკებაზე და პროფკავშირს გამოუყოს ფართი, რაც იყო კიდეც გაფიცულების სამიდან ორი მოთხოვნა. რაც შეეხება მათ უპირველეს და მთავარ მოთხოვნას, ხელფასების 30 %-ით გაზრდას, თეონა ბაღდავაძემ დაადასტურა, რაც მუშებმა და პროფკავშირმაც გვითხრეს, რომ ისინი მზად არიან ხელფასი გაზარდონ ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არა 30 %-ით. ხელმძღვანელობის ბოლო სიტყვა ხელფასის 4,9 %-ით გაზრდაა და, თუ აქციის მონაწილეები ამ პირობაზე დათანხმდებიან, მინის ქარხანა მუშაობას ჩვეული დატვირთვით განაგრძობს.

იქნება, ალბათ, ხმაურიანი, ცხელი განხილვა, მაგრამ განხილვა საჭიროა... ვინაიდან მრეწველები ამბობენ, რომ ეს არ ეხება მათ კურსს და, საერთოდ, შეხედულებას საგარეო კურსთან დაკავშირებით, – შიდა პრობლემები აქვთ მეორე გუნდთან და ეს მეორე გუნდთან პრობლემების საკითხი უნდა გაირჩეს...

სანამ საქართველოს ამ ორ რეგიონში მუშათა მღელვარება გრძელდება, თბილისში არეულობა შეინიშნება სახელისუფლებო კოალიცია „ქართულ ოცნებაში“. კერძოდ, საუბარია რესპუბლიკური პარტიის წევრებისა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის გოგი თოფაძის დაპირისპირებაზე. რესპუბლიკელების გადაწყვეტილებით, ისინი საჯაროდ აღარ უპასუხებენ საპარლამენტო ბრალდებებს, რომლებსაც ისინი „ანტიდასავლური კამპანიის“ ფარგლებში, მიზანმიმართული შეტევის ნაწილად მიიჩნევენ, - ვკითხულობთ პარტიის თავმჯდომარის მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში. შეგახსენებთ: „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე თანაკოალიციელებს ბოლო კვირების განმავლობაში მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში ხშირად აკრიტიკებდა, ბოლოს კი თინა ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაც დააბრალა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კოალიციის დაშლას არ მოელიან, თუმცა ელიან მწვავე დებატებს. ამის შესახებ 22 თებერვალს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმაც:

„იქნება, ალბათ, ხმაურიანი, ცხელი განხილვა, მაგრამ განხილვა საჭიროა... ვინაიდან მრეწველები ამბობენ, რომ ეს არ ეხება მათ კურსს და, საერთოდ, შეხედულებას საგარეო კურსთან დაკავშირებით, – შიდა პრობლემები აქვთ მეორე გუნდთან და ეს მეორე გუნდთან პრობლემების საკითხი უნდა გაირჩეს... რაც შეეხება დამოკიდებულებას, რომელიც გამოხატა ბატონმა გოგიმ, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც არ შეესაბამება მთლიანად კოალიციას და მთავრობის პოლიტიკას. დამთავრდა. ამის იქით არაფერი არ არსებობს. მე, მაგალითად, მხარს არ დავუჭერდი კოალიციის დაშლას, არც ერთ შემთხვევაში“.

გასული კვირის ბოლოს შეიარაღებული ადამიანები თავს დაესხნენ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღით სამგან დაჭრეს - ფეხებისა და ზურგის არეში. პეტრიაშვილის თანაგუნდელები თავდასხმის სავარაუდო მოტივებზე არაფერს ამბობენ და საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ. შსს-ს მიმართავს პრემიერ-მინისტრიც. ის ითხოვს საქმის გამოძიებას „მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში“. ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა, ექიმების თქმით, სტაბილურია. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ ქალაქის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანზე:

„ერთადერთი, მე მაქვს იმედი, რომ ოპერატიულად და ობიექტურად წარიმართება გამოძიება და იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც თქვენც გაწუხებთ და ჩვენც, თავისუფალ დემოკრატებს, მალე გავიგებთ. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსზე შეიარაღებულ თავდასხმას ვერ წარმოვიდგენდი.​ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. განა რა წინაპირობა უნდა ჰქონდეს იმას, რომ ასეთი რამ მოხდეს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ეს ყველაფერი“.

სამწუხაროდ, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ნებადართულია ასეთი სახის გარჩევები, განსაკუთრებით, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ...

ამ მკვლელობის მცდელობით პრაქტიკულად სააშკარაოზე გამოვიდა ის, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "TV პირველთან" საუბარში, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას. მისი თქმით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ქვეყანაში დარღვეულია. "ის ინფორმაცია ჩვენამდეც მოვიდა, რომ მიმდინარეობდა ფარული მიყურადება და ჩანაწერების გაკეთება“.

საპარლამენტო უმცირესობა ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი თვლის, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შესაფერისი გარემო მმართველი გუნდის მიერაა შექმნილი. ის იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება დროულად დასრულდება:

„სამწუხაროდ, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ნებადართულია ასეთი სახის გარჩევები, განსაკუთრებით, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ამნესტი ინტერნეშნლმა” 24 თებერვალს გამოაქვეყნა 2015/2016 წლების ანგარიში, რომელშიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობას მსოფლიოში 160 ქვეყნის მაგალითზე განიხილავს. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკური დევნა, შერჩევითი სამართალი, უმცირესობათა უფლებების ხელყოფა თუ სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არასათანადო გამოძიება – ეს ის საკითხებია, რომლებიც ანგარიშშია შესული საქართველოსთან მიმართებით.

ანგარიში ადეკვატურად ასახავს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი თამარ ავალიანი:

„(ანგარიშში ლაპარაკია) სამართალდამცავთა დაუსჯელობაზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და დღემდე პასუხგაუცემელ შეკითხვაზე – რატომ არ იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ გადაცდომებს გამოიძიებს... ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორი დაჟინებით მიმართავდნენ სახელმწიფოს და ერთობლივი კანონპროექტიც კი შეიმუშავეს ასეთი მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით... ის, რომ გენერალური ინსპექციები მოკვლევას სათანადოდ ვერ ახორციელებენ და მიკერძოებულები არიან, ეს მეტად მნიშვნელოვანი და სიმპტომატურია... სახელმწიფოში არ არის პოლიტიკური ნება – არ არის მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ გადაცდომებს. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე საგანგაშო, რაც კი მითითებულია ამ ანგარიშში“.

95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა საბჭოთა იმპერიასთან. 70 წლის შემდეგ ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ...

„ამნესტი ინტერნეშნლი​“ აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში კვლავაც მეტად გართულებული იყო გადაადგილება საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – მიმართულებებით და რომ უსაფრთხოების პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებდა დამატებითი ტერიტორიების მიტაცება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული ის ფაქტიც, რომ საქართველოს სტუმრობდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი, რომელიც დაინტერესებულია 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებით.

25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღნიშნეს. 95 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ რამდენიმეკვირიანი ბრძოლების შემდეგ თბილისი დაიკავა და საქართველო საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადა. თბილისის აღებას წინ უძღოდა ფილიპე მახარაძის მიერ შულავერის რევოლუციური კომიტეტის შექმნა, საერთო-სახალხო აჯანყების იმიტაცია და მიმართვა რუსეთისადმი სამხედრო დახმარების თხოვნით. წითელი არმიის მიერ თბილისის აღებას მოჰყვა მთლიანად საქართველოს ოკუპაცია, რომელიც მომდევნო სამოცდაათი წელი გაგრძელდა. საქართველოს პარლამენტმა, 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა.

თბილისზე შეტევისას ბოლშევიკებმა დიდი ზარალი განიცადეს. მარტო ტყვეების სახით 2 400-მდე ჯარისკაცი დაკარგეს. დედაქალაქის მისადგომებთან, კოჯორ-ტაბახმელაში, მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს იუნკერთა ქართული სასწავლებლის კურსანტებმა, რომელთა გმირობის ადგილზე გახსნილი მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა 25 თებერვალს გვირგვინებით შეამკეს.

„95 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბრძოლა საბჭოთა იმპერიასთან. 70 წლის შემდეგ ჩვენმა თაობამ შეძლო ამ ბრძოლის მოგება და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა. დღეს ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG