Accessibility links

logo-print

რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოში გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურისათვის ორთქლის კონდენსატორი ჩამოიტანეს და მისი ჩატანა გარდაბნამდე, კონდენსატორის განსაკუთრებით დიდი მოცულობის გამო, საკმაოდ სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშრებული. მთელი წლის განმავლობაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაბნის ახალი, კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, შესაძლოა, წინასწარ დაგეგმილ 2015 წლის ბოლოზე ადრე დასრულდეს. ასევე ცნობილია, რომ დღემდე არსებული თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე „General Electric"-ის გაზის ტურბინები უკვე დამონტაჟებულია. შესაბამისად, მინიმუმ ერთ წელიწადში საქართველოში ახალი, კომბინირებული, თბოელექტროსადგურის ამოქმედება იგეგმება.

თბოელექტროსადგურის პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კილოვატსაათი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით ენერგეტიკოსებში არაერთგვაროვანი მიდგომა არსებობდა, რადგან დღეს არსებული თბოელექტროსადგურიც ბოლომდე არ იტვირთება, მისი მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი შემდეგია: ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, იგი უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით მომარაგებას, შესაბამისად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამასთან, მისი ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული ამინდსა და სეზონზე. პროექტის საინვესტიციო
ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია. გარდაბანში მშენებარე 230-მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული 1 კილოვატი ელექტროენერგიის ფასი, კონტრაქტის მიხედვით, 5 ცენტი იქნება.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" კომპანიის 51%-ს, ხოლო საპარტნიორო ფონდი 49% ფლობს. თბოელექტროსადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია „ÇALIK ENERJİ" ახორციელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოს საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმდინარე პროექტია. სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის მანძილზე საუბარი იყო მის საპარტნიორო ბანკად ან სხვა ტიპის სტრუქტურად გარდაქმნის შესახებ, საბოლოო ჯამში, ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი "BB-", რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

„საპარტნიორო ფონდი" შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება, საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).

ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან:

საქართველოს რკინიგზა - 100% წილი;
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი;
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი;
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 100% წილი;
სს თელასი - 24.5% წილი.

საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენენ „საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს.

ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

XS
SM
MD
LG