Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ გადასახადების ირიბად გაზრდა გადაწყვიტა


კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი (მარცხნივ) და კახა ბენდუქიძე, ”თავისუფალი უნივერსიტეტის” წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე. საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვა, 22 ივნისი 2010 წ.
კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი (მარცხნივ) და კახა ბენდუქიძე, ”თავისუფალი უნივერსიტეტის” წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე. საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვა, 22 ივნისი 2010 წ.
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, რომლის საპარლამენტო განხილვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ალკოჰოლურ პროდუქციაზე აქციზური გადასახადი ორმაგდება. ასევე აქციზური გადასახადი უწესდება სატელეკომუნიკაციო ბიზნესს, დამატებული ღირებულების გადასახადით იბეგრება უმაღლესი განათლება და სხვა. ამ ნაბიჯით მთავრობა იმ დეფიციტის შევსებას ცდილობს, რომელსაც ბიუჯეტში ხარჯების გაზრდა იწვევს.

ჩვენ, პირველ რიგში, დავიწყეთ ფიქრი ისეთი გადასახადის განაკვეთის გაზრდაზე, რაც პირდაპირ შეიძლება გამოისახოს პროდუქციის ფასში ...
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის პარლამენტში თუ ბიზნესმენებთან პრეზენტაციისას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ახალი კოდექსი საგრძნობლად ამსუბუქებს საგადასახადო ადმინისტრირებას. შემოღებულია მიკრობიზნესის ცნება, რომელიც საერთოდ თავისუფალია გადასახადებისგან. ასევე დამატებული ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება კომპანია, რომლის წლიური ბრუნვა 200 ათას ლარს არ აღემატება. მაგრამ ეს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის ერთი მხარეა. მეორე მხარეს კი ცალკეული ბიზნესისთვის საგადასახადო განაკვეთების ზრდა, ახალი გადასახადების დაწესება და არსებული შეღავათების ნაწილის გაუქმება იმალება. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ”თავისუფალ უნივერსიტეტში” 22 ივნისს გამოსვლისას განაცხადა, რომ საგადასახადო განაკვეთების ზრდა ბიუჯეტის დაბალანსების მიზნით გადაწყვიტეს:

კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი.
”ხარჯების ამ დონეზე შესანარჩუნებლად სხვა გზა იმის გარდა, რომ საგადასახადო ტვირთი გადაგვენაწილებინა, არ გვქონდა. პირველი ჩვენი ამოცანა იყო არ მოგვეგონებინა ახალი გადასახადი და არ გაგვეზარდა საყოველთაო განაკვეთები, ვინაიდან არსებობს ჩვენს კოდექსში ძალიან ბევრი შეღავათი. დღგ-ში რაც ჩვენთან შეღავათებია, ამდენი არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს და სწორედ ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, დავიწყეთ ფიქრი ისეთი გადასახადის განაკვეთის გაზრდაზე, რაც პირდაპირ შეიძლება გამოისახოს პროდუქციის ფასში. ასეთი გახლავთ აქციზი და შემდეგ სხვადასხვა გადასახადების დაბეგვრისგან განთავისუფლებული ბაზები.”

დაბეგვრისგან განთავისუფლებულ ბაზებში ფინანსთა მინისტრი იმ ბიზნესებს გულისხმობდა, რომლებიც დამატებული ღირებულების გადასახადით არ იბეგრება. ესენია: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, ბეჭდვითი პრესა, მისი გავრცელება და სხვა. ამ სფეროებიდან საქართველოს მთავრობამ დამატებული ღირებულების გადასახადით სრულფასოვნად მხოლოდ განათლების სფეროს დაბეგვრა გადაწყვიტა.

უმაღლესი განათლება დღგ-ის 18-პროცენტიანი გადასახადით დაიბეგრება

განათლების 18 პროცენტით დაბეგვრას მწვავედ გამოეხმაურნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლები. ”საქართველოს უნივერსიტეტის” რექტორი მანანა სანაძე განმარტავს, თუ რატომ არ მოსწონს განათლებაზე ახალი გადასახადის დაწესება:

მანანა სანაძე, ”საქართველოს უნივერსიტეტის” რექტორი.
”ჩვენ რომ დავთვალეთ რას ნიშნავს დღგ-ს შემოღება ჩვენთვის, უნივერსიტეტისთვის, ეს არის მინუს მილიონი ლარი, რითაც უნდა გაგვევითარებინა უნივერსიტეტი, დაგვეფარა კრედიტები, რომლითაც ვმოძრაობდით, ვაფართოებდით ჩვენს ბაზას და ასე შემდგომ.”

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ამგვარი ჩივილის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მათთვის დაწესებული შეღავათი უსასრულო ვერ იქნებოდა და ის ოდესღაც უნდა დასრულებულიყო. ამგვარად მთავრობა ბიუჯეტში 60 მილიონი ლარის მობილიზებას ვარაუდობს. განათლების სფეროს წარმომადგენელთა შენიშვნას, თუ რატომ არ იცვლება სხვა სფეროების შეღავათების რეჟიმი, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ხუმრობით უპასუხა, თქვენს შენიშვნას გავითვალისწინებთ და მათაც უსათოდ დავბეგრავთო.

რატომ იბეგრება ტელეკომუნიკაციები და არა პრესა?

”დაბეგვრაზე არც გვიფიქრია. რა უნდა დაბეგრო? პოლიტიკური ნეგატივის გარდა, მას არაფერი არ მოაქვს, იმიტომ რომ საუბარია სექტორზე, რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ იხდიან. ანუ გადასახადისგან გათავისუფლება პირდაპირ პროპორციულად არ ნიშნავს სექტორის წარმატებულობას.”

ეს არგუმენტები არ მიესადაგება სატელეკომუნიკაციო სფეროს. ის საქართველში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან დარგად ითვლება. ამიტომ ფინანსთა მინისტრმა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაზე ზრუნავს, კავშირგაბმულობის აქციზური გადასახადით დაბეგვრა გადაწყვიტა. რა მოცულობის იქნება ეს გადასახადი, ჯერჯერობით უცნობია და საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის 10 პროცენტის ფარგლებში იქნება და პირდაპირ აისახება მომსახურების საფასურზე.

ლუდი 10 თეთრით გაძვირდება, არაყი კი - 50-ით

საქართველოში ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზი არის უკიდურესად დაბალი და მსგავსი პრეცედენტი საერთოდ ვერ ვიპოვეთ.
სააქციზო გადასახადს უკვე იხდიან, მაგრამ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიღების შემთხვევაში ორჯერ მეტის გადახდა მოუწევთ ალკოჰოლის შემცველი პროდუქციის იმპორტიორებს და მწარმოებლებს. ეს მოთხოვნა არ შეეხება ღვინოს, რომელიც საერთოდ განთავისუფლებულია აქციზური გადასახადისგან. ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აქციზის გაორმაგების შემდეგ ალკოჰოლური სასმელის გაძვირებას ვარაუდობს.

”ლუდის შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის მაქსიმუმ 10 თეთრიანი მატება. მეტს, უბრალოდ, ვერ გამოიწვევს. აქციზის გამოხატულება ნომინალურია, პროცენტული არ არის და, შესაბამისად, ფასთან ერთად ის არ იზრდება. საშუალო ღირებულების ნახევარლიტრიანი არყის ფასი გაიზრდება 50 თეთრით. ერთს ხაზს გავუსვამ, რომ საქართველოში ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზი არის უკიდურესად დაბალი და მსგავსი პრეცედენტი საერთოდ ვერ ვიპოვეთ.”

ამ დარგების გარდა, ახლებურად იბეგრება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და სამედიცინო აპარატურის მიწოდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა აღნიშნა, დასაბეგრი ბაზის ზრდა ბიუჯეტის ხარჯებითაა ნაკარნახევი. ხარჯები კი, მიუხედავად ეკონომიკური თავისუფლების აქტის მოთხოვნებისა, კლების ტენდენციით არ ხასიათდება.

გადასახადების გაზრდის ნაცვლად - ხარჯების შემცირება


არსებულ ვითარებაში სწორედ ხარჯების შემცირებას ურჩევს მთავრობას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ახლა კი ”თავისუფალი უნივერსიტეტის” წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე.

კახა ბენდუქიძე, ”თავისუფალი უნივერისტეტის” წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე.
”იმედია, მომავალ წელს კიდევ უფრო მცირე იქნება ბიუჯეტი, ვიდრე წელს არის. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ მაშინ მოხდება საბერძნეთიზაცია. ზოგადად მე ვთვლი, რომ შეიძლება მოიძებნოს პატარა ეკონომიის ადგილი. გარდა ამისა, ბიუჯეტში არის მრავალი წვრილმანი ხარჯი, სადაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღწევა.”

ბენდუქიძე თავისუფლების აქტის მიღების აუცილებლობაზეც საუბრობს, თუმცა მთავრობა და პარლამენტი არ ჩქარობენ. აქტის მოთხოვნების დაკმაყოფილება - მაგალითად, ბიუჯეტის დეფიციტის 3 პროცენტამდე შემცირება - მხოლოდ 2013 წლისთვის იგეგმება.
XS
SM
MD
LG