Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი


28 სექტემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი შიმონ პერესი. პერესი აღიარებული იყო ერთ-ერთ გამორჩეულ პოლიტიკურ ლიდერად ისრაელშიც და მის საზღვრებს მიღმაც. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ გაავრცელა საგანგებო ვიდეომიმართვა, რომელშიც გამოხატავს ღრმა მწუხარებას "მთელი ერისათვის ძვირფასი ადამიანის" გარდაცვალების გამო: „ისრაელის ყველა მოქალაქესთან ერთად, მთელ ებრაელ ხალხთან და მსოფლიოში მრავალ სხვა ადამიანთან ერთად ვგლოვობ ჩვენი ერისათვის ძვირფასი შიმონ პერესის გარდაცვალებას. ნათელში განისვენოს“.

შიმონ პერესის სახელი უკავშირდება 1948 წელს ისრაელის დაარსების შემდეგ მისი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს. პერესი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, მოგვიანებით, 2007-2014 წლებში პრეზიდენტიც. 1994 წელს პერესს ისრაელის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, იცხაკ რაბინთან და პალესტინელების ლიდერთან, იასირ არაფატთან ერთად მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისათვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პერესს უწოდა "ერთ-ერთი ადამიანი იმ მცირეთაგან, რომელმაც ისტორია შეცვალა არამარტო მოვლენებში თავისი როლით, არამედ მორალური ღირებულებების შესახებ ჩვენს წარმოდგენაზე გავლენით". გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყურადღება გაამახვილა შიმონ პერესის როლზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელ-გერმანიის რთული ურთიერთობის განვითარებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის, შიმონ პერესის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადა ისრაელის მთავრობას და ხალხს. „შიმონ პერესს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და თანამედროვე ისრაელი სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული“ - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შიმონ პერესმა კარგად იცოდა მშვიდობის ფასი და თავისი მოღვაწეობით შექმნა მყარი საძირკველი მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომი განმტკიცებისთვის ისრაელსა და რეგიონში. „ამ რანგის პოლიტიკური ფიგურების არსებობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე მსოფლიოსთვის და გვჯერა, რომ მისი მემკვიდრეობა იქნება სამაგალითო გამოცდილება მომავალი სახელმწიფო მოღვაწეებისა და ახალი თაობებისთვის“ - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG