Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 წლის წინანდელი „შეცდომა“, რომელმაც ისტორია შეცვალა


პრესკონფერენცია, რომელიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტელევიზიით გადაიცემოდა 1989 წლის 9 ნოემბერს
პრესკონფერენცია, რომელიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტელევიზიით გადაიცემოდა 1989 წლის 9 ნოემბერს

კვირას, 1 ნოემბერს, ბერლინში, მოხუცთა სახლში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა გიუნტერ შაბოვსკი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველი ელიტის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი. იგი გდრ-ის ერთიანი სოციალისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი იყო 1984-89 წლებში, ხოლო ბერლინის კედლის დაცემამდე 5 დღით ადრე ინფორმაციის საკითხებში პარტიის საქმიანობის კურირებაც დაევალა. საკუთარი ადგილი ისტორიაში შაბოვსკიმ 1989 წლის 9 ნოემბრის პირველივე საჯარო გამოჩენით დაიმკვიდრა. პრესკონფერენციაზე, რომელიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტელევიზიით გადაიცემოდა, შაბოვსკიმ წაიკითხა ცნობა გდრ-ის მოქალაქეთა საზღვარგარეთ თავისუფლად გამგზავრების ახალი წესის შესახებ. იტალიელი ჟურნალისტის რიკარდო ერმანის შეკითხვაზე, თუ როდის შევიდოდა ძალაში ეს ახალი წესი, შაბოვსკიმ მოულოდნელად უპასუხა: „ახლავე, დაუყოვნებლივ“. ეს მოხდა 1989 წლის 9 ნოემბერს, საღამოს 18 საათსა და 57 წუთზე.

აი, როგორ იხსენებდა გიუნტერ შაბოვსკი იმდროინდელ მოვლენებს 2009 წელს რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან საუბარში:

„ადამიანები დემონსტრაციებს აწყობდნენ ქუჩებში და მთელი ამ ისტერიკის გამო პოლიტბიურო არ იყო მზად მოვლენათა ასეთი განვითარებისათვის. რა უნდა გვექნა? და მაშინ შედარებით ახალგაზრდა სამი კაცი, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გვქონდა მიღებული სტალინური შტამპი, შევეცადეთ ვითარება შეგვეცვალა. გადავწყვიტეთ, რომ საჭიროა საზღვრის გახსნა, რადგან ბოლო ხანებში გდრ-ისათვის ნიშანდობლივი იყო ის, რომ ხალხი გარბოდა. კარაქი, პური, პალტო - ეს არ იყო მთავარი. ყველაზე მთავარ და მოთხოვნად პროდუქტად იქცა თავისუფლება - შესაძლებლობა წასვლისა, სადაც კი შეიძლება, განსაკუთრებით -დასავლეთ გერმანიაში, რადგან იქ ცხოვრობდნენ ნათესავები და ნაცნობები. და ჩვენ ასე ვიფიქრეთ: თუ გავხსნით საზღვარს, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი გდრ გაიქცევა“.

საუბარია ეგრეთ წოდებულ შეცდომაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა შეცდომა. ეს იყო საზღვრის გაღების გეგმა. რა შეცდომა?! [ეგონ] კრენცმა (გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ბოლო გენერალურმა მდივანმა) და მე გადავწყვიტეთ, რომ იმ დღეს, ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე, წამეკითხა ეს ქაღალდი...
გიუნტერ შაბოვსკი

თუმცა შაბოვსკის ამ იმპროვიზაციამ, რომელიც მთელ მსოფლიოში უმალ იქცა მთავარ ახალ ამბად, რამდენიმე საათში განაპირობა ბერლინის კედლის დაცემა, რადგან ათასობით ბერლინელი გაემართა სასაზღვრო პუნქტებისაკენ და მოითხოვა შლაგბაუმების გაღება. ბრბოს ზეწოლის ქვეშ მესაზღვრეებმა გააღეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები. ამგვარად, ბერლინის კედელმა შეწყვიტა არსებობა, რაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დასასრულსაც მოასწავებდა. ზუსტად ერთი წლის თავზე, 1990 წლის 3 ოქტომბერს, გერმანია ოფიციალურად გაერთიანდა.

თუმცა თავად შაბოვსკი ბოლომდე უარყოფდა ყოველგვარ „შეცდომას“ და „იმპროვიზაციას“ და აცხადებდა, რომ მან შეგნებულად გაახმოვანა პოლიტბიუროს ვიწრო წრეში შედგენილი საზღვრის გაღების გეგმა:

„საუბარია ეგრეთ წოდებულ შეცდომაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა შეცდომა. ეს იყო საზღვრის გაღების გეგმა. რა შეცდომა?! [ეგონ] კრენცმა (გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ბოლო გენერალურმა მდივანმა) და მე გადავწყვიტეთ, რომ იმ დღეს, ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე, წამეკითხა ეს ქაღალდი. მან ის დაახლოებით ხუთ საათზე მაჩვენა და მითხრა: „შენ იქნები პრესკონფერენციაზე - აიღე ეს, რადგან იგი ჩვენ ძალიან დაგვეხმარება“. მე ავიღე ტექსტი და შეგნებულად წავიკითხე ის პრესკონფერენციის დასასრულს. დაახლოებით 19 საათი იყო, ერთ საათში კი ეს ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო“.

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნისტურ ხელისუფლებას არ მოსწონდა სიტყვა „კედელი“ და ამიტომ მას „ანტიფაშისტურ თავდაცვით მიწაყრილს“ უწოდებდა. იმ დროს ასეთი ანეკდოტიც იყო გავრცელებული: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მესაზღვრეს მეორე მხრიდან ეკითხებიან:

- და რამდენ ხანს იდგება ეს თქვენი კედელი?

- ეს კედელი არ არის!

- აბა, რა არის?

- ეს ჩვენი შემოვლითი ავტოსტრადაა და ის წვიმის შემდეგ შრება.

რატომ უწოდეს ბერლინის კედელს ანტიფაშისტური? - ეს იდეოლოგიური კლიშეა, დამკვიდრებული აღმოსავლეთგერმანელი კომუნისტები მიერ, რომლებიც ნებისმიერ მოქმედებას მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ნებისმიერ ოპოზიციას და ნებისმიერ წინააღმდეგობას რეჟიმის მიმართ, ფაშისტურის კვალიფიკაციას ანიჭებდნენ.

თუმცა, როგორც გიუნტერ შაბოვსკი იხსენებდა, 1989 წლის ნოემბრისთვის შეიქმნა ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მისი კლასობრივი მტრის დახმარება დასჭირდა:

ბერლინი, 1989 წლის 11 ნოემბერი
ბერლინი, 1989 წლის 11 ნოემბერი

„როდესაც უნგრელებმა გააღეს საზღვარი [ავსტრიასთან], ჩვენ მოსკოვში გავგზავნეთ საგარეო საქმეთა მინისტრი, რათა გაგვეპროტესტებინა და მოგვეთხოვა უნგრელების ალაგმვა. გვიპასუხეს: „არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია“. ჩვენ გავიგეთ ეს ისე, რომ მოსკოვს აქვს პოზიცია, რომელიც, შესაძლოა, მომავალში არ ითვალისწინებდეს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობას. და მაშინ ჩვენ სამმა ვიფიქრეთ, რომ ერთადერთი, ვისაც შეეძლო ჩვენი დახმარება, ეს იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. პარადოქსია: კლასობრივი მტერი და უცებ - დაგეხმაროს! საქმე ისაა, რომ მათ კონსტიტუციაში პირველ პუნქტად ეწერათ „მუშაობა გაერთიანებისათვის“, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ თუ საზღვარს გავხსნიდით, ეს ამ ადამიანებისათვის იქნებოდა ნიშანი, რომ მზად ვართ საუბრისთვის. ვიმედოვნებდით, რომ დაგვეხმარებოდნენ ფულით და ჩვენი პატარა ოპოზიცია მათთვის პარტნიორი გახდებოდა“.

თუმცა ამ სიტყვების ავტორი დასავლეთ გერმანიაში პარტნიორად არ მიიღეს, ძველებმა კი გიუნტერ შაბოვსკი ერთიანი გერმანიის სოციალისტური პარტიის რიგებიდან გარიცხეს. თანაპარტიელების ვერდიქტი ასეთი იყო: „შაბოვსკიმ მუტაცია განიცადა და 150 %-იანი კომუნისტიდან, 150 %-იან ანტიკომუნისტად გადაიქცა“. მოგვიანებით გიუნტერ შაბოვსკი, რომლის ერთმა განცხადებამ დააჩქარა 1961 წელს აგებული და, მთლიანობაში, 164 კილომეტრის სიგრძის ბერლინის კედლის დაცემა, გაასამართლეს. შაბოვსკის სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, როგორც იმ წესის თანაავტორს, რომელიც მესაზღვრეებს უფლებას აძლევდა ესროლათ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან დასავლეთ ბერლინში გაქცევას შეეცდებოდნენ.

28 წლის მანძილზე, რაც გერმანელი კომუნისტების მიერ აღმართული კედელი არსებობდა, აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში, საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთის გადალახვით, 5 ათასმა კაცმა მოახერხა გაქცევა. ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა ინფორმაციით, აღმოსავლეთგერმანელმა მესაზღვრეებმა 200-დან 600-მდე საზღვრის დამრღვევი მოკლეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG