Accessibility links

logo-print

რამდენად იცავს გარემოს სისუფთავეს საქართველოს მოსახლეობა? როგორ არეგულირებს ამ საკითხს კანონი და რამდენად ეფექტურად? 5 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრებაზე ისაუბრა. რა ცვლილებებს გეგმავს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა სანქციების გამკაცრების შესახებ?

პირველი სანქცია თავიდან უნდა მოდიოდეს. ადამიანს იმის კულტურა უნდა ჰქონდეს, რომ უხეშად არ მოექცეს იმ ადგილს, სადაც ცხოვრობს. რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს ჯარიმა, მაგრამ 200-500 ლარი ძვირია...

გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელი გამკაცრდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შესაბამის კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენს. როგორც მინისტრის მოადგილე მაია ბიტაძე ამბობს, კანონპროექტი მხოლოდ სასჯელის გამკაცრებას არ გულისხმობს. მისი თქმით, კანონი ნარჩენების მართვისა და გადამუშავების საკითხსაც დაარეგულირებს:

„ჩადენილი სამართალდარღვევისთვის მეტად დივერსიფიცირებულია, ანუ ერთმანეთისგან გამიჯნულია ნარჩენების მოცულობა, რომელიც გარემოში დაიყრება. განმეორებითი სამართალდარღვევისთვის მეტი სანქციაა. ასევე სანქციებია შემოტანილი ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც ჯერ არ ყოფილა დარეგულირებული საქართველოში. მაგალითად, საბურავების გარემოში დაყრა - საბურავები ნარჩენების კუთხით ერთ-ერთი სენსიტიური თემაა“.

გარემოს დაბინძურებაზე ადმინისტრაციული სასჯელი კანონმდებლობით დღემდეც იყო განსაზღვრული. ადმინისტრაციულ კოდექსში 2010 წელს შესული ცვლილებების მიხედვით, გარემოს დაბინძურებისთვის ფიზიკური პირები 200, ხოლო იურიდიული პირები 1000 ლარით ჯარიმდებოდნენ, დანაშაულის გამეორება კი ჯარიმას პირველ შემთხვევაში 500, ხოლო მეორე შემთხვევაში 3000 ლარამდე ზრდიდა. თუმცა დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ სანქციების მიუხედავად, მაინც ყოველდღე უწევს ქუჩებისა და პარკების გაწმენდა დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან:

„ყველანაირი სიბინძურე, რაც არსებობს, აბსოლუტურად, ბოდიში და, ძაღლის ექსკრემენტებით დაწყებული, ყველაფერი. თვითონ საზოგადოების 80 პროცენტია ბინძური“.

მაია ბიტაძე ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი ერთმანეთისგან გამიჯნავს ნარჩენებს იმის მიხედვითაც, თუ რამდენად საზიანოა იგი ბუნებისთვის:

მაია ბიტაძე

მაია ბიტაძე

„ზიანი გარემოს დაბინძურებისთვის თუ სერიოზულია, უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. ეს ახლაც ასეა. ახალი კანონპროექტით სანქციების ახალი მოდელია შემოთავაზებული და სანქციები გამიჯნულია ლოგიკის და ადეკვატურობის მიხედვით. არ შეიძლება გარემოში აკუმულატორის ზეთის დაღვრისა და ასანთის კოლოფის დაგდებისთვის ერთი და იგივე სანქცია იყოს, იმიტომ რომ ისინი გარემოს აბსოლუტურად სხვადასხვა ზიანს აყენებს“.

რადიო თავისუფლებამ ამ თემაზე ქუჩაში გამოკითხვა ჩაატარა და შემთხვევით შერჩეულ გამვლელებს ერთი კითხვით მიმართა: „რა სასჯელი უნდა იყოს განსაზღვრული გარემოს დაბინძურებისთვის?“ გამოკითხულთა უმრავლესობა დაეთანხმა იმას, რომ ადამიანი, ვინც გარემოს აბინძურებს, უნდა დაჯარიმდეს.

გულიკო მესხი - 77 წლის: „პირველი სანქცია თავიდან უნდა მოდიოდეს. ადამიანს იმის კულტურა უნდა ჰქონდეს, რომ უხეშად არ მოექცეს იმ ადგილს, სადაც ცხოვრობს. რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს ჯარიმა, მაგრამ 200-500 ლარი ძვირია“.

საშა კვინიხიძე, 68 წლის: „თუ ფულადი იქნება ეფექტური, ფულადი ჯარიმა უნდა იყოს - ამის გამო ციხეში ვერ ჩააჯენ, ხომ სწორია?“

სოფო წიქარაძე, 27 წლის: „გარკვეულწილად რაღაც პატარა ჯარიმა უნდა იყოს, რასაც გასწვდებიან, რომ მიხვდნენ და მეორედ აღარ ქნან“.

ილია ხოსიტაშვილი, 25 წლის: სანქციები და ჯარიმები ამას არ შველის. ერში თვითშეგნება უნდა დამკვიდრდეს, რომ არ დავაბინძუროთ ჩვენი ქალაქი, გარემო, ქვეყანა..."

ნატა ფერაძე

ნატა ფერაძე

სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაზე ლაპარაკობს პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძეც. მისი თქმით, ჯარიმების გამკაცრებამ შესაძლოა მოქალაქეებს უბიძგოს იმისკენ, რომ გარემო აღარ დააბინძურონ:

„გარემო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ ნამდვილად უნდა გამკაცრდეს სანქციები. სამწუხაროდ, სამოქალაქო თვითშეგნება არ სჯის და მთავარი დამნაშავე მოსახლეობაა. ღვედებისა არ იყოს: სანამ სანქციები არ გამკაცრდა, ჩემი ჩათვლით, არავინ იკეთებდა მანქანაში ღვედებს. ჩემი აზრით, გარდა ფინანსური სანქციისა, უნდა იყოს იძულებითი შრომაც, რომ დაალაგონ... ამას უნდა მოჰყვეს აგიტაციაც, პოზიტიურად დანახვება, თუ რამდენად კარგია სუფთა გარემო“.

იმას, თუ რამდენად შესრულდება კანონი, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად უწინდებურად გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ამბობენ, კანონპროექტი მთავრობას განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG