Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს


საპროტესტო აქცია ზუგდიდში
საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დილით მას შემდეგ დაიწყო, რაც გარემოვაჭრეებს დახლები ადგილზე არ დახვდათ. აქციის მონაწილეების თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათი დახლები წუხელ დაუკითხავად აიღო.

„ამ ბოძის აქეთ არ შეიძლებაო, იქ ხალხი არ ეტევა და დაგვტოვეს ასე. წუხელ ყველაფერი წაუღიათ. რატომ არ გვაყენებენ?! ყველგან დაშვებულია გარევაჭრობა, თბილისში ხომ დაშვებულია? ჩვენ რა დავაშავეთ ზუგდიდში“, - ამბობს ნინელა დავითიანი.

„კრიზისული მდგომარეობაა და ჩვენ რატომ არ გვაყენებენ და ასე რატომ გვექცევიან, ის მაინტერესებს. ეს მარტო ჩვენთვის ხომ არ არის?! მთელი საქართველო გარეთ არის გამოსული და მოგვცენ ჩვენც უფლება გარეთ გამოვიდეთ და ლუკმაპური შევიტანოთ სახლში“, - უთხრა ჟურნალისტებს ირმა ინაკავაძემ.

საპროტესტო აქციამ ბაზრის შემდეგ მერიასთან გადაინაცვლა. პროტესტი მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც მოვაჭრეებს ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ნუკრი ესართია, გაესაუბრა.

აქციის მონაწილეების თხოვნის საფუძველზე, ზუგდიდის მერიამ მოვაჭრეებს უფლება მისცა დროებით იმუშაონ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან, მათ უფლება აქვთ დაიკავონ ტროტუარის მხოლოდ ნაწილი, რათა ხელი არ შეუშალონ ტრანსპორტის თუ ქვეითის გადაადგილებას.

„ჩვენ, უბრალოდ, გავითვალისწინეთ ეს დღესასწაულები და რამდენიმე დღით დავრთეთ გარევაჭრობის ნება. ვადა ამოიწურა. გავაფრთხილეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნები და წუხელ უმტკივნეულოდ მოხდა ამ ტერიტორიის გასუფთავება. ესენი არიან, ფაქტიურად, ბაზრიდან გამოსული ქალბატონები, რომლებსაც აქვთ შიგნით ადგილები და ჩვენ მოვუწოდებთ მათ ადგილებს დაუბრუნდნენ. ქალაქი ისედაც გადატვირთულია, ფეხით მოძრაობაც ვერ ხერხდება. სიმართლე გითხრათ, ჩვენ გარევაჭრობას ვერ დავუშვებთ, რადგან ეს კანონდარღვევაა“, - აცხადებს ნუკრი ესართია.

აქციის მონაწილეები ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან გასაუბრების შემდეგ საკუთარ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, თუმცა განაცხადეს, რომ არ იზიარებენ ნუკრი ესართიას პოზიციას. მოვაჭრეების თქმით, დროებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ყველა მოვაჭრეს ადგილი თანაბრად არ ჰყოფნის, რაც მათ შორის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ თუ არ მისცემენ ყველას თანაბრად მუშაობის უფლებას, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციებს დროდადრო გასული წლების მანძილზეც მართავდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდულად მათ ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მუშაობას უკრძალავდა, თუმცა აქციების შემდეგ ისინი იქვე აგრძელებდნენ ვაჭრობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG