Accessibility links

logo-print

გარევაჭრობა – მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც, ნაწილობრივ, სურსათის ხარისხს განსაზღვრავს


არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის ფონდის“ მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სურსათის უვნებლობის რეგულირების სფეროში ბოლო წლებში გაწეული მუშაობის მიუხედავად, გარევაჭრობა და მალფუჭებადი პროდუქციის არასწორი რეალიზაცია პრობლემად რჩება.

ბოლო წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა გარევაჭრობა ქუთაისშიც. ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გვერდით, ხალხმრავალ ადგილებში, სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე იყიდება სურსათი, მათ შორის რძის ნაწარმი, ხილი და ბოსტნეული. თუ რამდენად სასარგებლოა ზაფხულის მაღალი ტემპერატურისას ღია ცის ქვეშ, ტროტუარებსა და ტრანსპორტის გაჩერებებთან, ჰიგიენური ნორმების დარღვევით გაყიდული საკვები, ერთი შეხედვითაც ცხადია.

პედაგოგთა კავშირ „განათლება და სამყაროს“ წარმომადგენელი ივლიტა გოგუა გარევაჭრობის ხელშემწყობად იმ მომხმარებელს მიიჩნევს, რომელიც საკვებ პროდუქტს არასწორი რეალიზაციის პირობებში ყიდულობს. ივლიტა გოგუა სურსათის უვნებლობის სფეროს დასახვეწად სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასთან ერთად კონკრეტული ქმედებებისა და მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდის აუცილებლობაზე ლაპარაკობს:

პედაგოგთა კავშირმა„განათლება და სამყარომ“ 40-მდე მოსწავლე-ახალგაზრდისთვის ახლახან დაასრულა პროექტი, სახელწოდებით „ქართველი მომხმარებელი – მეტად ინფორმირებული, მეტად დაცული“. პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ფოტო და ვიდეოკონკურსის გამარჯვებულ ანა დვალაშვილის თქმით, თავად მომხმარებელმა უნდა შეუწყოს ხელი სურსათის ხარისხის გაუმჯობესებას და არასწორ პირობებში შენახული და მიწოდებული საკვები არ უნდა შეიძინოს.

სურსათის ხარისხის კონტროლისთვის გარევაჭრობას ხელის შემშლელ პრობლემად მიიჩნევს სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენელი ფიქრია ჭლიკაძე, რომლის განცხადებითაც, შესაბამისი სამსახურის დახმარებით, ბოლო დროს რამდენიმე ადგილზე ამოიღეს ქუჩაში სარეალიზაციოდ შეუსაბამო პირობებში განთავსებული ხორცი და ხორცპროდუქტები.

გარევაჭრობის პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის გაზრდას და მისთვის გარემოვაჭრეთათვის სანქციების დაწესების უფლების მინიჭებას მიიჩნევს მნიშვნელოვნად არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის ფონდის“ პროექტის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე. მისი განცხადებით, აუცილებელია პოლიტიკური ნება, რათა გარევაჭრობა და სურსათის შეუსაბამო პირობებში რეალიზება ქვეყანაში დიდი ქალაქების პრობლემა არ იყოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG