Accessibility links

logo-print

პრემიერი ბრიუსელში და შეკითხვები თბილისში


ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

26 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების უმაღლეს პირებთან შეხვედრებს მართავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს მთავრობა, ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის ფარგლებში, ბრიუსელისგან მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს იმისათვის, რომ ქვეყანამ შედეგიც მაქსიმალური მიიღოს მაისში დაგეგმილ რიგის სამიტზე. რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები?

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს შორის საქართველოს ლიდერი უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს და იქვე დასძინა, რომ რიგის სამიტი „ძალიან კონკრეტულ შედეგებს“ მოუტანს საქართველოს. ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმაც გამოხატა საქართველოს სურვილი, რომ იყოს „წარმატების მაგალითი“ რიგის სამიტზე, სადაც ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების მიმართულებით ელოდება მნიშვნელოვან შედეგს. ოფიციალური წყაროს ცნობით, შეხვედრაზე „ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებად“ შეფასდა რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განხილულ იქნა ასევე რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები და ამ ჭრილში ხაზი გაესვა სამხრეთის დერეფნის ფუნქციონირების მნიშვნელობას.

ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილის ერთდღიანი განრიგით დაგეგმილი იყო შეხვედრები: ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან.

რა თქმა უნდა, განხილულ იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, ის ე.წ. ხელშეკრულებები, რაც მოსკოვმა გააფორმა ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებთან. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორუმს...

ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემაზე ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ:

„რა თქმა უნდა, განხილულ იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, ის ე.წ. ხელშეკრულებები, რაც მოსკოვმა გააფორმა ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებთან. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორუმს, რათა მოვახდინოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსოლიდაცია ამ საკითხის ირგვლივ“.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აქცენტი დაისვა ირაკლი ღარიბაშვილისა და დონალდ ტუსკის შეხვედრის დროს, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაიმართა. ოფიციალური წყაროს ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის კრიზისის გამო, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება და „აღნიშნა, რომ ეს წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ ომით დაიწყო“.

მუდმივად აპელირებენ, რომ, მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილება სატელევიზიო რეკლამის შესახებ ანდა ლუდის აქციზთან დაკავშირებით არის ევროკავშირის მოთხოვნა, მაგრამ იმ ფორმით, როგორც კეთდება, ეს არ არის ევროკავშირის მოთხოვნა. კიდევ ერთი საკითხია, შეუძლია თუ არა ამ ხელისუფლებას იმ ძალიან ბევრი და კომპლექსური რეფორმების განხორციელება...

26 მაისს ასევე გაიმართა შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკთან, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი აქტიური ლიდერია და რომელიც ხშირად აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. პრემიერის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ელმარ ბროკი საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი იქნებოდა „კარგი შესაძლებლობა“ იმის სანახავად, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს „დემოკრატიული განვითარების პროცესსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში“.

გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ასოცირების შეთანხმების ჭრილში ევროკავშირი მოერიდება, რომ საქართველოსთან მიმართებით უარყოფითი შეფასებები გაახმაუროს, თუმცა ამით არ უნდა ისარგებლოს ხელისუფლებამ, – უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ, რომლის დაკვირვებითაც, აშკარად უგულებელყოფილია საქართველოს ევროპელი პარტნიორების შენიშვნები შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. აქვეა კიდევ ერთი რისკფაქტორი, რაც რეფორმირების პროცესში არასწორ მიდგომებს უკავშირდება:

„მუდმივად აპელირებენ, რომ, მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილება სატელევიზიო რეკლამის შესახებ ანდა ლუდის აქციზთან დაკავშირებით არის ევროკავშირის მოთხოვნა, მაგრამ იმ ფორმით, როგორც კეთდება, ეს არ არის ევროკავშირის მოთხოვნა. კიდევ ერთი საკითხია, შეუძლია თუ არა ამ ხელისუფლებას იმ ძალიან ბევრი და კომპლექსური რეფორმების განხორციელება, მაგალითად, რაც უკავშირდება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან (DCFTA). არის საშიშროება, რომ ხელისუფლებამ ვერ განახორციელოს ეფექტიანად ეს რეფორმები, ვერ შეამზადოს საზოგადოება გარკვეული ცვლილებებისთვის და ამით დააგროვოს გარკვეული ფლუსტრაცია საზოგადოებაში“.

რაც შეხება რუსეთის ქმედებების დაგმობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, როგორც 26 თებერვალს უთხრა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, ამ აქცენტს ჩვენ ვიხილავთ ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციებში თუ ევროკავშირის ლიდერების განცხადებებში. მინისტრის თქმით, ეს ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებად ფასდება.

ელენე ხოშტარიას მსგავსად, ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კუთხით დააგვიანა ევროკავშირის მხრიდან სათანადო ყურადღების მოზიდვისთვის ზრუნვა და რომ სწორედ ამიტომ, პროცესი მხოლოდ დაგმობით შემოიფარგლება. „პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვცდილობთ თან ევროკავშირისგან მეტი მხარდაჭერის მოპოვებას და თან რუსეთის არგაღიზიანებას, რაც პრაქტიკულად შეუთავსებელია, რადგანაც, თუ არ ისაუბრე ხმამაღლა იმ პრობლემებზე, რაც მოდის რუსეთისგან, ასე ვერ მოიპოვებ სათანადო მხარდაჭერას. ასე საუბარი კი უჭირს საქართველოს ხელისუფლებას, რადგან მიაჩნია, რომ თუკი ბევრს ილაპარაკებ უარყოფითად რუსეთზე, ის გაღიზიანდება. ამ დროს კი რუსეთი არა გაღიზიანებაზე რეაგირებს, არამედ სტრატეგიული ინტერესების მიხედვით მოქმედებს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე ხოშტარიამ.

XS
SM
MD
LG