Accessibility links

logo-print

ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა 26 მარტს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია, რომელიც სამთვიანი პაუზის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისათვის გამართა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოკლედ მიმოიხილა მიღწევები და ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ხელისუფლების წინაშე დგას - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამით დაწყებული, ლარის კურსის, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური, საშინაო თუ საგარეო პრობლემებით დამთავრებული. შემდეგ კი ჟურნალისტებს ბოლო სამ თვეში დაგროვილ შეკითხვებზე უპასუხა.

პირველივე შეკითხვა, რომელიც პრემიერს 26 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარებას და ლარის არასტაბილურ კურსს შეეხებოდა - კონკრეტულად კი, ხომ არ გეგმავს მმართველი პოლიტიკური ძალა ეკონომიკური გუნდის შეცვლას და ამ გზით სიტუაციის გამოსწორებას. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლარის დღევანდელი მდგომარეობა შემაწუხებელია მთელი ქვეყნის მოსახლეობისა და პირადად მისთვისაც, თუმცა რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარება და საგარეო შოკიც ახსენა და განმარტა, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა არა მთავრობის შეცდომების, არამედ სწორედ გარე ფაქტორების ბრალია:

„ამ ფონზე კი არც ჩვენი ვალუტაა გამონაკლისი. ლარი გაუფასურდა დაახლოებით 30%-ით. ანალოგიური ვითარებაა მთელ სამეზობლოში. ჩვენი ეკონომიკა კი, სამწუხაროდ, დღეს არ არის იმდენად ძლიერი, რომ ასეთ რყევებს გაუძლოს. ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება ამ მხრივ, საგარეო შოკითაა გამოწვეული და, რაც მთავარია, ეს არ არის მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი. ველოდებით, რომ ლარი ზაფხულში უფრო სტაბილური გახდება“.

ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და მოვახდინეთ კონფლიქტის დეესკალაცია; შევძელით ის, რომ ჩვენი მოსახლეობისათვის გავხსენით ბაზარი, ექსპორტი 468 %-ით გაიზარდა...

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

რუსეთი და საქართველო - მედიის ყურადღების ცენტრში ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა კვლავაც უცვლელი ინტერესის საგანია. რა კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ქვეყანას რუსეთთან ურთიერთობის დათბობა? ღარიბაშვილმა თავის შესავალ სიტყვაშიც თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს პოლიტიკის ჭრილში ადეკვატური ნაბიჯებით არ უპასუხა - წინსვლა, ღარიბაშვილის შეფასებით, მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს დაეტყო. თუმცა სარგებელზე ლაპარაკისას მან მაინც გამოყო რამდენიმე ფაქტორი:

„ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და მოვახდინეთ კონფლიქტის დეესკალაცია; შევძელით ის, რომ ჩვენი მოსახლეობისათვის გავხსენით ბაზარი, ექსპორტი 468 %-ით გაიზარდა. ჩვენმა გონივრულმა და კონსტრუქციულმა მიდგომებმა კი, თავის მხრივ, უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყო ხელი. მე არ მაინტერესებს, მოსწონს თუ არა ჩვენი პოლიტიკა მიხელ სააკაშვილს. მე მაინტერესებს ეს მიდგომები მოსწონდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს მოსწონდეს ეს მიდგომა და მხარს გვიჭერდეს. ეს არის სარგებელი და მნიშვნელოვანი, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია“.

რაც შეეხება გოგი თოფაძის განცხადებებს, ეს მისი პირადი აზრია და ის არ წარმოადგენს კოალიციის აზრს და არც გირჩევდით, რომ დიდი დრო დახარჯოთ ამ თემაზე, რადგან ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ნათელი და ღიად დეკლარირებული საქართველოს პარლამენტის მიერ...

ღარიბაშვილმა შესავალ სიტყვაში თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია. თქვა, რომ ბოლოდროინდელი ხელშეკრულებები რუსეთსა და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის დაგმო მთელმა მსოფლიომ და ისინი ვერასოდეს ჩაითვლება ლეგიტიმურად. საქართველოს საგარეო კურსზე საუბრისას ღარიბაშვილს ჰკითხეს, როგორ უყურებს კოალიცია „ქართული ოცნება“ მისივე წევრი „მრეწველების“ლიდერთა ბოლოდროინდელ ანტიდასავლურ განცხადებებს, ასევე მათ მოსაზრებებს ევრაზიული კავშირის საინტერესოობის შესახებ, რაზეც პრემიერის პასუხი ასეთი იყო:

„რაც შეეხება გოგი თოფაძის განცხადებებს, ეს მისი პირადი აზრია და ის არ წარმოადგენს კოალიციის აზრს და არც გირჩევდით, რომ დიდი დრო დახარჯოთ ამ თემაზე, რადგან ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ნათელი და ღიად დეკლარირებული საქართველოს პარლამენტის მიერ და საქართველოს მთავრობა ეფექტურად მიჰყვება ამ არჩეულ კურსს“.

ის ფაქტი, რომ მათ ამ აქციით მოითხოვეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობის გადადგომა, ეს ჩემთვის სასაცილოა...

პრემიერს ჰკითხეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევის შესახებაც, რომლის თანახმად, მმართველი პარტიის რეიტინგი დაბლაა დაწეული, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „რეიტინგები უსაქმურების საქმეა“ და რომ მას ის უფრო აინტერესებს, როგორ მუშაობს სინამდვილეში საქართველოს მთავრობა. ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ 21 მარტის საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის სასაცილოა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა:

„ის ფაქტი, რომ მათ ამ აქციით მოითხოვეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობის გადადგომა, ეს ჩემთვის სასაცილოა. ჩემთვის ნათელია, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც არ სურს ქვეყნის განვითარება. მე მათ ვუწოდებდი სექტას და მათი ამოცანაა შემოიტანონ არეულობა და შფოთვა. მათ ხელშია ქვეყნის ერთ-ერთი ძლიერი ტელეკომპანია, მაგრამ მათ სახელმწიფო გასცემს ადეკვატურ პასუხს კანონის ფარგლებში“.

პრემიერის გამოსვლას გამოეხმაურნენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, სადაც აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად შორდება მოსახლეობას და არ გააჩნია ქვეყნის განვითარების გეგმა. „ნაციონალების“ ერთ-ერთი წევრის, პავლე კუბლაშვილის, განცხადებით, საქართველოს პრემიერს მხოლოდ ერთი ადამიანის აზრი და შექება ადარდებს და ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია.

26 მარტს ღარიბაშვილს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების შესახებაც ჰკითხეს, კერძოდ კი, როგორ იქნება აღქმული მთავრობის პოლიტიკა დასავლელი მოკავშირეების მიერ, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა“. ჰკითხეს მაისში დაგეგმილი რიგის სამიტის მოლოდინების შესახებაც, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ სამიტზე პრინციპულად პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მოსაგვარებელი დარჩება ტექნიკური საკითხები, რის შემდეგაც ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ერთი ან ორი წელი კიდევ დასჭირდება.

პრემიერის პრესკონფერენციამ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მოძრაობა „თავისუფალი ზონის“ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.

XS
SM
MD
LG