Accessibility links

ანალიტიკოსები: პრემიერმა ღარიბაშვილმა გაეროში რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციაზე უნდა ილაპარაკოს


ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი უკმაყოფილო დატოვა საქართველოს პრემიერ–მინისტრის გამოსვლამ გაეროს სამშვიდობო მისიების სამიტზე, რომელიც 28 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა და რომელსაც აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავმჯდომარეობდა. ანალიტიკოსების აზრით, სამიტზე მეტი ყურადღება უნდა დასთმობოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პრობლემასა და ამჟამად არსებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, პრობლემად მიიჩნევა ისიც, რომ მსოფლიო ლიდერები, როცა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე ლაპარაკობენ, საქართველოს არ ახსენებენ. რა აქცენტები დასვა თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და რას ფიქრობენ ანალიტიკოსები – რა წაადგება საქართველოს ინტერესებს?

პატარა საქართველო, რომელსაც „დიდი გული“ აქვს, მუდმივად დგას გლობალური მშვიდობის სადარაჯოზე და მუდამ მზად არის, რომ მოკავშირეების მხარდამხარ დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოება – ასეთი იყო საქართველო სპრემიერ–მინისტრის მთავარი მესიჯი გაეროს გენასამბლეის ფარგლებში ორშაბათს

გამართულ სამიტზე. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოხატა საქართველოს მზადყოფნა შეუერთდეს გაეროს სამშვიდობო მისიის კონტინგენტის გაზრდის პროცესს და შეახსენა „გაეროს სამშვიდობო მისიების“ სამიტის მონაწილეებს, რომ საქართველო, არაწევრ სახელმწიფოებს შორის, ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო ნატოს ISAF-ის მისიის ფარგლებში ავღანეთში და რომ თითქმის 900 სამხედრო დღესაც -ავღანეთშია - „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში. ხაზი გაესვა ურთიერთობების გაღრმავებას ნატოსა და ევროკავშირთან:

"ჩვენ ვიქნებით მეოთხე ნატოს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც მიუთითებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქართული შეიარაღებული ძალების შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეზე. დღეს სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლია ჩართული. გარდა ამისა, საქართველო ჩაერთო კრიზისის მართვის ოპერაციებში ევროკავშირის ხელმძღვანელობით. 2014 წელს ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და, საფრანგეთის შემდეგ, საქართველო იყო ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ამ მისიაში, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონალური და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენის პროცესში და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობას. საქართველო 2015 წელსაც განაგრძობს მონაწილეობას ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში".

გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილის შესახებ ლაპარაკს მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ანალიტიკოსები, თუმცა მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყენებდეს თითოეულ, თუნდაც ძალიან მცირე, შანსს საქართველოს ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის პრობლემების წინ წამოსაწევად. ამ კონტექსტში პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილიწარუმატებლად მიიჩნევს ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას 26 სექტემბერს გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე. ცისკარიშვილი იმედოვნებს, რომ შეცდომა გამოსწორებული იქნება 1 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს პრემიერი გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას:

„გაეროს ინსტიტუტები იმიტომ არ შექმნილან, რომ მოისმინონ ხოლმე კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოხსენებები საკუთარი წარმატებების შესახებ. პირიქით, ამ დროს ყველა თავის სატკივარს ხდის ყველაზე უფრო აქტუალურად, რაც შემდგომი წარმატების წინაპირობაა... სათქმელი თუ არ ითქვა, მაშინ ჩვენ თვითონ გადავყლაპავთ იმ წყენას და უბედურებას, რაც მოგვაყენეს, რაც მიუღებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და მეგობრებისთვის, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ სიტყვა რუსეთი გამოყენებული და შეფასებული უნდა იყოს სწორედ ისეთი გამოსვლებისას, რომელსაც ველით ჩვენ ბატონი ღარიბაშვილისგან“.

მთავრობის დეპოლიტიზებული დღის წესრიგიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის თემების არასათანადოდ წამოწევა სულაც არ უკვირს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტს ირაკლი ფორჩხიძეს და, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ასეთი პოლიტიკა არ წაადგება საქართველოს ინტერესებს:

„ეს, ზოგადად, გამომდინარეობს იმ ხედვიდან, რომელიც, ზოგადად, ამ მთავრობას, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს – ისინი ფიქრობენ, რომ ნეიტრალური საკითხების წამოწევა, ნაკლებად პოლიტიზებული და ნაკლებად გამაღიზიანებელი საკითხების წინ წამოწევა დაეხმარება, ზოგადად, საქართველოს და იმ პოლიტიკას, რომელსაც ის აწარმოებს. ჩემი აზრით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ასე არ იქნება, რადგანაც შენ თვითონ თუ არ ლაპარაკობ პოლიტიკურად იმ პრობლემებზე, რომლებიც შენთვის არის მნიშვნელოვანი, შენი მეგობრები - და არა მხოლოდ შენი მეგობრები, ნეიტრალურად განწყობილებიც - ნაკლებად ილაპარაკებენ (ამ პრობლემებზე) და ნაკლებ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კაპიტალს დახარჯავენ“.

ამ კონტექსტში ანალიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ის ფაქტი, რომ საქართველოს პრობლემატიკა საერთოდ არ უხსენებია შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას, როცა ის 28 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე უკრაინის პრობლემატიკასა და რუსეთის აგრესიაზე ლაპარაკობდა. მაგალითად, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ამას დღევანდელი მთავრობის რეალურ მარცხად აღიქვამს, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შორენა ლორთქიფანიძე ასეთ შედეგს „ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად“ მოიხსენიებს:

„ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება, ბუნებრივია, გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველო მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრში იყოს და აქტუალობა არ დაკარგოს... ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პრობლემები პირდაპირ მიბმულია უკრაინის საკითხთან და პოსტსაბჭოთა სივრცესთან რუსეთის დამოკიდებულებასთან“.

მიუხედავად ამისა, შორენა ლორთქიფანიძე არ თვლის, რომ გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში ასე გულმოდგინედ ჩართული საქართველო და მისი პრობლემები ნაკლებად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ექსპერტი ფიქრობს, რომ უკრაინის მიმართ მეტ ყურადღებას, შესაძლოა, პრობლემის მწვავე ფაზა განაპირობებდეს.

ასეა თუ ისე, ანალიტიკოსები დიდი ინტერესით ელოდებიან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხუთშაბათის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის

70–ე სესიის ტრიბუნაზე. მათი აზრით, მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა აქცენტებს დასვამსპრემიერი და რამდენად ადეკვატურად წარმოაჩენს ისრუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს პრობლემებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG