Accessibility links

logo-print

სირიაში ახალგაზრდების წასვლიდან პოლიციელთა მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებამდე


შალვა აბულაძე სასამართლო პროცესზე

შალვა აბულაძე სასამართლო პროცესზე

პანკისის ხეობიდან კიდევ ორი ახალგაზრდის სირიაში წასვლის გამო, ხეობის უხუცესებმა გასული კვირის ორშაბათს ხელისუფლებას მიმართეს და იმ პირთა გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს, რომელთა ხელშეწყობითაც ადგილობრივი ახალგაზრდები სირიაში მიდიან. ამჯერად თურქეთის გავლით სირიისკენ გაემგზავრნენ სოფელ დუმასტურის მკვიდრი 18 და 16 წლის ვაჟები. როგორ მოახერხა 16 წლის არასრულწლოვანმა მუსლიმ კუშტანაშვილმა საქართველოს საზღვრის გადალახვა მშობლების ნებართვის გარეშე, თუკი მას ხელისუფლების წარმომადგენლები არ ეხმარებოდნენ? – ეს შეკითხვა ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ დაისვა პანკისის ხეობაში. შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური ორშაბათსვე გამოეხმაურა პანკისის ხეობაში მომხდარ ფაქტს და განაცხადა, რომ ახალგაზრდების დაბრუნების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა თურქეთის სპეცსამსახურებთან და იმედიც არის.რაც შეეხება არასრულწლოვნის მიერ საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის საკითხს, მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერი მესაზღვრის ბრალია:

„მოგეხსენებათ, თურქეთში გასვლა ხდება ID ბარათებით და არა საზღვარგარეთის პასპორტებით. მისი ვიზუალური შეხედულებით, – ამ ადამიანმა (მესაზღვრემ) როგორც ახსნა, – ის არ ჰგავდა არასრულწლოვანს და მან ეჭვი არ შეიტანა... თუმცა ეს არ ამართლებს, რა თქმა უნდა. მოკვლევა დაიწყო და მოკვლევის შემდეგ დაიდება, ბოლოს რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. საპატიებელი ნამდვილად არ არის...“

უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პანკისის ხეობაში მოძლიერდნენ რადიკალური ისლამის მიმდევრები და სწორედ ისინი ურევენ ტვინს ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომლებიც ეკონომიკური პრობლემების გამოც მიდიან სირიაში საბრძოლველად. პრობლემის სიმძიმეს აღიარებენ ხელისუფლებაში, მაგრამ, როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი აღნიშნავს, ახალგაზრდების სირიაში წაყვანა და ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერ ბრძოლაში ჩართვა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პრობლემაა.

თუკი მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვებით, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ 7 აპრილი, სამშაბათი დღე. ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. წელს ეს დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სურსათის უვნებლობას მიუძღვნა. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, დაბინძურებული საკვებით ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. რა მდგომარეობაა სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით საქართველოში? ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა ძნელია, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტის გამო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ორი ვეტექიმი დააკავა. ისინი მწვანე შუქს უნთებდნენ სასაკლაოს გვერდის ავლით ბაზარში გასაყიდად შეტანილ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცს.

თუკი ქვეყანაში აიკრძალება ე.წ. გარე ვაჭრობა და აიკრძალება რეალიზაცია განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისა, როგორიც არის ნამცხვრები, ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი, მე ვთვლი, რომ ბევრად დადებით შედეგს მივიღებთ...

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის თქმით, სურსათის უვნებლობის კუთხით კონტროლი ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია და ამ მხრივ ყველაზე დიდი პრობლემების წყაროს გარე ვაჭრობა წარმოადგენს:

„თუკი ქვეყანაში აიკრძალება ე.წ. გარე ვაჭრობა და აიკრძალება რეალიზაცია განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისა, როგორიც არის ნამცხვრები, ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი, მე ვთვლი, რომ ბევრად დადებით შედეგს მივიღებთ და მომხმარებელი ბევრად უფრო დაცული იქნება“.

პოლიტიკურად დატვირთული აღმოჩნდა თბილისისთვის 8 აპრილი. ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვის მინისტრი სტუმრობდა, საკრებულოს კი - ქალაქის მერი. დავით ნარმანია საკრებულოში წარდგა პირველად, რვათიანი მუშაობის ანგარიშით, თუმცა, სანამ საკრებულოს შენობაში შევიდოდა, მას გავლა მოუხდა გარემოსდამცველებსა და ცხოველთა უფლებების დამცველებს შორის, რომლებიც აქციას აწყობდნენ და ქალაქის მერს საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ.

დავით ნარმანიას მოხსენება ძირითადად პოზიტიურ აქცენტებზე იყო აგებული და განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებს ეძღვნებოდა. დედაქალაქის ბიუჯეტი, გზების რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, გარეგანათება, მყარი ნარჩენების თანამედროვე სისტემების დანერგვა, მრავალსართულიანი პარკინგები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპტიმიზაცია, ეკოლოგიური მდგომარეობა და გამწვანება, მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც დედაქალაქის მერმა საკრებულოში შეხვედრისას ისაუბრა. დავით ნარმანიას სიტყვებით, ყველა ამ პროექტისა თუ პროგრამის განსახორციელებლად მერიამ ბიუჯეტი ქალაქის შესაბამისად გადაგეგმა.

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

„თუ 2013 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილი იყო 135 მილიონი ლარი, შესრულებამ შეადგინა 103 მილიონი ლარი. თუკი 2014 წელს 159 მილიონი ლარი იყო დაგეგმილი, შესრულდა 131 მილიონი ლარი. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ საბიუჯეტო დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით. დაიგეგმა 230 მილიონი, საიდანაც 186 მილიონი ლარი უკვე შესრულებულია, ანუ სხვადასხვა სახის სოციალურ, კაპიტალურ, ადმინისტრაციულ და ა.შ. ხარჯებზე არის გათვლილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სწორედ ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა დაუწუნა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემ დავით ნარმანიას. მას მიაჩნია, რომ მერიამ არამართებულად გადაანაწილა ბიუჯეტი, ის კითხვები კი, რომლებიც მას თბილისის მერთან ჰქონდა, პასუხგაუცემელი დარჩა:

„მაგალითად, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას ფული წაართვეს და მისცეს რაღაც პროექტს „იურიდიულ კლინიკაში“ თითქოსდა მენეჯმენტისა და ცნობიერების ამაღლებისთვის. ეს არის წმინდა პარტიულად დასახარჯი ფული. ამის გამო გვაკრიტიკებდნენ ისინი და ციხეში სვამდნენ გიგი უგულავას, როდესაც ჩვენ ვახორციელებდით პროექტს ‘დაგეგმე ბიუჯეტი თბილისის მთავრობასთან‘“.

თუმცა მხოლოდ ეს პრეტენზია არ გამოუთქვამს სევდია უგრეხელიძეს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ შეიქმნა მერიაში “თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“, რომელსაც ყოფილი ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ჩაუდგა სათავეში.

როგორც დავით ნარმანია საკრებულოს წევრებს დაჰპირდა, მერი დედაქალაქის მთავრობას ანგარიშს, სავარაუდოდ, წელიწადში ორჯერ ჩააბარებს.

8 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ვრცელი საანგარიშო მოხსენებით წარდგა თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. მოხსენება, რომელიც სამინისტროს ფუნქციონირების პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავდა, მინისტრმა ქვეყნის საგარეო საფრთხეებზე საუბრით დაიწყო:

მინდია ჯანელიძე

მინდია ჯანელიძე

“ამ ეტაპზე საქართველოს უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად განპირობებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესებით, ამ ფონზე ოფიციალური მოსკოვისა და დასავლური სამყაროს მზარდი დაპირისპირებით და დაპირისპირების პროცესში კიდევ უფრო ახალი რეალობების წინაშე დავდექით, კიდევ უფრო ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით, რაც თავისთავად ზეგავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოზე“.

ქვეყნის საგარეო ვექტორი, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, არსებითი პაკეტის დანერგვა, სამედიცინო სამსახურის განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების სოციალური შემწეობები, დაღუპულთა ხსოვნისათვის სათანადო პატივის მიგება, საფრანგეთში საჰაერო თავდაცვითი სისტემების საკითხზე გაფორმებული მემორანდუმის დეტალები და ასე შემდეგ. შეკითხვები მრავლად დაისვა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მათში სწორედ ამ უკანასკნელის, საჰაერო უსაფრთხოების მემორანდუმის, გაფორმებისა და მის შემდგომ არსებული ვითარებისადმი ინტერესი ჭარბობდა.

“მე მაინტერესებს, თავდაცვასთან დაკავშირებით თქვენ ბრძანეთ, რომ არაფერი არ დარღვეულა და ყველაფერი გეგმის მიხედვით გრძელდება. ვგულისხმობ საფრანგეთთან ხელშეკრულებას. თუ გეგმის მიხედვით გრძელდება, მაშინ მაინტერესებს, მემორანდუმის ვადის ამოწურვის პერიოდში რატომ არ დადგა ხელშეკრულება, რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება?“

დეპუტატ ნინო გოგუაძის შეკითხვის პასუხად, მინისტრმა განმარტა, რომ თავისთავად მემორანდუმი არ ითვალისწინებდა რაიმე ხელშეკრულების გაფორმებას. მემორანდუმისა და მის შემდგომ ხელშეკრულების გაფორმების შეფერხების მიზეზების კომენტირებისას კი მინდია ჯანელიძემ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საფრანგეთთან ყველა მოლაპარაკება ძველ რეჟიმში შეუფერხებლად გრძელდება.

გასულ კვირაში, 9 აპრილს, 26 წლის წინათ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის ხელით განგმირული ადამიანების ხსოვნას მიაგეს პატივი საქართველოში. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ტრადიციულად სანთლები დაანთეს, ლექსები წაიკითხეს და ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი. 26 წლის წინანდელი სისხლისმღვრელი სპეცოპერაცია, რომელსაც გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა და რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, წელსაც დიდი ტკივილით გაიხსენეს განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც იმ ავბედით ღამეს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. მათ შორის არის ნინო მარსაგიშვილი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა რიგებში თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად იდგა. ისინი გადაურჩნენ რუსი სამხედროების ალესილ ნიჩბებს, მაგრამ, სხვა ასეულობით ადამიანთან ერთად, გაზით მოიწამლნენ:

ხალხი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას, 2015 წლის 9 აპრილი

ხალხი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას, 2015 წლის 9 აპრილი

„ჯერ ხმა ისმოდა – ფარებზე ურტყამდნენ ნიჩბებს... მერე დაიწყო საშინელება, ეს სასაკლაო იყო... არავინ იცოდა, ვინ საით წაიყვანა ხალხის ტალღამ, ვინ დაიხოცა... უკვე შემდეგ დღეებში ერთმანეთს ვეძებდით – ვინ გადავრჩით. მერე 40 დღე ვიდექით კიდევ აქ, გარდაცვლილების სულის პატივსაცემად და ბევრი ხალხი მაშინ მოიწამლა. ყვავილები რომ იყო აქ, ის ყვავილები გაიჟღინთა მომწამვლელი გაზით. ოთხნაირი ძალიან ძლიერი გაზი იყო გაშვებული და მათი კომბინაცია გამანადგურებლად მოქმედებდა. გვაქვს ქრონიკული დაავადებები, ვინც ცოცხალი გადავრჩით“.

9 აპრილი არის თარიღი, რომელმაც გააერთიანა მთელი ქვეყანა და გააძლიერა დამოუკიდებლობის სურვილი – ეს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებაა. ის თვლის, რომ შესაძლოა კონკრეტულად იმ დღეს მართლაც მოხერხებულიყო სისხლისღვრის თავიდან აშორება, მაგრამ თუკი იმავე პერიოდის ვილნიუსისა და ბაქოს მაგალითებს გავითვალისწინებთ, რუსეთის აგრესიას საქართველო მაინც ვერ გადაურჩებოდა.

გასული კვირის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ორი პოლიციელის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი შალვა აბულაძის დაკავების ფაქტი. ის 10 აპრილს, გამთენიისას, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ძებნილის დაკავება პრემიერ-მინისტრმა „ხელისუფლების ღირსების საქმედ“ მოიხსენია.

პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად 9 აპრილს წაუყენა. ის ძებნილად 5 აპრილს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც მან წინა ღამით ვარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ისან-სამგორის შს სამმართველოს თანამშრომელი ბექა მარგიშვილი, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი მძიმედ დაჭრა. მასვე ედება ბრალად ბორჯომში პოლიციელებზე თავდასხმა და ერთი პოლიციელის მკვლელობა. როგორც შსს-მ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დაადასტურა, შალვა აბულაძემ დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. საპირისპიროს ამბობდა შალვა აბულაძის მეგობარი და ბორჯომის საკრებულოს წევრი დავით როკეტიშვილი. როგორც მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ახალციხეში უთხრა, შალვა აბულაძე სამართალდამცავებს ჩაბარდა, რადგან, როკეტიშვილის სიტყვებით, ბრალდებულმა შეიტყო, რომ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე სამართალდამცავები ზეწოლას ახდენდნენ მისი ადგილსამყოფლის დასადგენად.

შალვა აბულაძეს 11 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი შონიამ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებას არ შესწინააღმდეგებია ბრალდებულის ადვოკატი, ისევე როგორც თავად აბულაძე. მათ პროცესზე განაცხადეს, რომ პატიმრობას ეთანხმებიან, რადგან თავისუფლების შემთხვევაში აბულაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე არსებობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG