Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს ლუდის ქურდობისთვის წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 15 წლის მოზარდს საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა ერთი ბოთლი ლუდის ქურდობისათვის შეუფარდა. სანდრო სარდარიანი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. სახაზინო ადვოკატი, რომელიც სასამართლოში მის ინტერესებს იცავდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში თითქმის ვერც ერთ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევა. მას ამ დრომდე მოზარდი არ უნახავს და არაფერი იცის მისი ჯანმრთელობის შესახებ. მოზარდი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 30 მაისს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა და სასჯელაღსრულების მინისტრს რეკომენდაციით მიმართა. 31 მაისიდან მოზარდს იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია ”ემპათია” გაუწევს.

სანდრო სარდარიანის მამას, გრიშა სარდარიანს, სახალხო დამცველის ოფისში შევხვდით. როგორც ის გვიყვება, მისი 15 წლის შვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, 17 მაისს კოსტავას ქუჩაზე ერთი ბოთლი ლუდის ქურდობისთვის დააკავეს. სასამართლომ მას მეორე დღესვე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა:

პივა მოიპარა მაღაზიიდანო, ასე ამბობენ. ბავშვს მკურნალობა სჭირდება ...
გრიშა სარდარიანი

”პივა მოიპარა მაღაზიიდანო, ასე ამბობენ. ბავშვს მკურნალობა სჭირდება, ვერ აცნობიერებს რას აკეთებს. ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ და არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვუმკურნალოთ. და ასეთი ბავშვი გაუშვეს ციხის საავადმყოფოში. მერე ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს სხვაგან და ახლა არც ვიცი, ბავშვი როგორ არის.”

გრიშა სარდარიანის თქმით, სასამართლო სხდომა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სახაზინო ადვოკატმა დავით ბოჭორიშვილმა, რომელმაც ვერ გაიხსენა ზუსტად როდის ჩატარდა სასამართლო სხდომა, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მშობლის ზედამხედველობაში მისი გადაცემა მოითხოვა, მაგრამ, როგორც ის გვეუბნება, მოსამართლემ მაინც დააკმაყოფილა პროკურორის დაჟინებული მოთხოვნა, მოზარდი საპატიმროში დაეტოვებინათ. როგორც სანდრო სარდარიანის სახაზინო ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მშობლების თანხმობით, მან ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა. სხვათა შორის, სახაზინო ადვოკატმა ზუსტად ვერ გვითხრა, თუ სად და ვის მიერ ჩატარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მან მხოლოდ მიახლოებითი მისამართი დაგვისახელა. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, მოზარდი სოფელ დიღომში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის მიუხედავად, ის გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სახაზინო ადვოკატს მოზარდი ამ დრომდე არ მოუნახულებია და არაფერი იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

- მოზარდს შეეფარდა პატიმრობა, წაიყვანეს გლდანის მერვე საპყრობილეში და მეორე თუ მესამე დღეს გადაიყვანეს ექსპერტიზის ჩასატარებლად.
- მაგრამ ექსპერტიზის პასუხამდე ბავშვი გლდანის მერვე საპყრობილეში მოხვდა, ხომ?
- დიახ. ეს სასამართლოს პრეროგატივა იყო და სასამართლომ ასე გადაწყვიტა.

ამჟამად ის იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ზრდასრულ პატიმრებთან ერთად, რაც სრულიად დაუშვებელია. გვითხრეს, მარტო ვერ მოვათავსებთო. გასაგებია. თუ მარტო ვერ ათავსებენ, მაშინ გადაიყვანონ ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში ...
ნათია იმნაძე

როგორც დავით ბოჭორიშვილი გვიხნის, ექსპერტიზის დასკვნას რამდენიმე დღე სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუკი ექპსერტიზა დაადგენს, რომ მოზარდს ნამდვილად აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ძარცვასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, შეწყდება.

რადიო თავისუფლება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკავშირდა. ექსპერტიზის პრესსამსახური კითხვებზე, თუ რამდენ ხანს იმყოფებოდა მოზარდი სტაციონარში და როდის იქნება ექსპერტიზის შედეგები, ძალიან მოკლედ გვპასუხობს:

”გამოძიებას მოჰკითხეთ და ისინი გაგცემენ პასუხს.”

თუმცა, სანამ 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში იკვლევენ, მისი მშობლები გოცირიძის სახელობის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის საექიმო კომისიის დასკვნას გვაჩვენებენ. დასკვნა 2010 წელს არის გაცემული. კომისიის დასკვნაში ნათლად არის მითითებული, რომ მოზარდს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მას შემდეგ, რაც მედიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა 15 წლის მოზარდი გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა. რადიო თავისუფლება პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს ნათია იმნაძეს ესაუბრა.

”ამჟამად ის იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ზრდასრულ პატიმრებთან ერთად, რაც სრულიად დაუშვებელია. გვითხრეს, მარტო ვერ მოვათავსებთო. გასაგებია. თუ მარტო ვერ ათავსებენ, მაშინ გადაიყვანონ ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში”, - ამბობს ნათია იმნაძე.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს უზრუნველყოს მოზარდის შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში განთავსება, სრულწლოვანი პატიმრებისგან განცალკევებით. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ოფისმა მოზარდის მშობლებს უკვე შესთავაზა პარტნიორი ორგანიზაციის - წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, “ემპათიის” - მომსახურება. როგორც ”ემპათიაში” გვითხრეს, ორგანიზაციის იურიდიულმა დეპარტამენტმა უკვე დაუნიშნა მოზარს ადვოკატი, რომელიც მას უახლოეს დღეებში მოინახულებს.
XS
SM
MD
LG