Accessibility links

logo-print

მაია მიმინოშვილის, ლუდის ქურდობისა და სახიფათო ”ოცნების” კვირა


გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების პრესკონფერენცია

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების პრესკონფერენცია

გასული კვირა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებით დაიწყო და ეს თემა მთელი კვირის განმავლობაში აქტუალური იყო. 28 მაისს ცნობილი გახდა, რომ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ორშაბათს მინისტრის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების ორ სავარაუდო მიზეზზე ლაპარაკობდნენ. ერთი ვერსიით, ეს უნდა ყოფილიყო ერთიანი ეროვნული გამოცდების თაობაზე განათლების სამინისტროსა და მაია მიმინოშვილის პრინციპული შეუთანხმებლობა, მეორე ვერსიით კი - მაია მიმინოშვილის ვაჟის ”ქართული ოცნების” აქციაზე გამოჩენა. ამ ვერსიის კომენტირებისას ორშაბათს მაია მიმინოშვილმა თქვა:

”მერე რა?! ზრდასრული ადამიანია, ოჯახი ჰყავს და შვილი ჰყავს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. თუ ეს იყო მიზეზი, ეს არის კატასტროფა, ეს არის სრული კატასტროფა. მაშინ კარგი იყო, ხომ, ჩემმა შვილმა რომ ვერ ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და გამოაჭენეს ტელევიზიებით. მაშინ ხომ კარგი იყო ჩემი შვილი, გამოსაჭენებლად. და რა, უფლება წავართვა ჩემს შვილს, ზრდასრულ ადამიანს, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ პარტიის მიმართ, თუნდაც?! და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, სიტყვაზე ვამბობ, მეც იგივეს ვფიქრობ, არ ვფიქრობ თუ როგორ ვფიქრობ!”

მოგვიანებით განათლების მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე დაასახელა სამი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას: პირველი - სამინისტროს სურვილი იყო პედაგოგებისთვის შექმნილიყო კომფორტული გარემო როგორც საატესტატო ნაწილში, ისე გამოცდების მიმდინარეობის დროს, რასაც მიმინოშვილი ეწინააღმდეგებოდა; მეორე - სამინისტრო გეგმავდა გამოცდების ამერიკული მოდელის დანერგვას და "8 + 1" მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს საატესტატო გამოცდებს და ერთ გამოცდას უნარებში, რასაც ასევე მოჰყვა მიმინოშვილის წინააღმდეგობა; და მესამე - ასევე აზრთა სხვადასხვაობა იყო საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ატესტატების მიცემის თაობაზე, რაც მათ საშუალებას აძლევდა, სურვილის შემთხვევაში, სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინათ. სამინისტროს ამ ახსნა-განმარტების პასუხად მაია მიმინოშვილმა თქვა, ეს ასეც რომ ყოფილიყო, საბოლოო გადაწყვეტილებას ხომ მინისტრი იღებდაო?!
ჩვენს მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები და, ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მოსწავლე, აბიტურიენტი და პედაგოგი. შესაბამისად, მზად ვართ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, არსებული წესის თანახმად, გადავცეთ მონაცემთა ბაზა და შეფასების კრიტერიუმები ჩვენს შემცვლელებს...

მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მდე თანამშრომლის განცხადება მოჰყვა სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯამბურიამ განაცხადა, რომ სამსახურიდან წასვლა მათი მოქალაქეობრივი ვალია:

„ჩვენს მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები და, ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მოსწავლე, აბიტურიენტი და პედაგოგი. შესაბამისად, მზად ვართ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, არსებული წესის თანახმად, გადავცეთ მონაცემთა ბაზა და შეფასების კრიტერიუმები ჩვენს შემცვლელებს.”

30 მაისს კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ცენტრს წარუდგინა ახალი დირექტორი - პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე:

”ეს არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება და ეს არის ადამიანი, რომელიც, ჩემი აზრით, ახალ ეტაპზე გადაიყვანს განათლების რეფორმას.”

თავის მხრივ, ხატია დეკანოიძემ თანამდებობაზე წარდგენისას პირობა დადო, რომ ისევე პირნათლად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, როგორც აქამდე ასრულებდა წინა სამსახურში. ამავე დღეს, 30 მაისს, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილის მიერ წინა დღით ტელეკომპნია ”მაესტროს” ეთერში გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. მაია მიმინოშვილმა მინისტრი 600 ყალბი ატესტატის გაცემაში დაადანაშაულა, მინისტრის განცხადებით კი, სპეცსერიის ატესტატი 298-მა მოსწავლემ მიიღო. მათი ნაწილი ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში ჩაიჭრნენ ქართული ენის არასრულყოფლი ცოდნის გამო და სწავლის გაგრძელება სომხეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში სურდათ, 14 მათგანი კი განსაკუთრებით ნიჭიერი ქართველი მოსწავლე იყო, რომელთაც უცხოეთში უნდოდათ სწავლის გაგრძელება. ეს არგუმენტი მაია მიმინოშვილმა არ გაიზიარა, ვინაიდან მინისტრმა ატესტატების გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა 17 ივლისს, როცა ატესტატები უკვე გაცემული იყო.
პივა მოიპარა მაღაზიიდანო, ასე ამბობენ. ბავშვს მკურნალობა სჭირდება, ვერ აცნობიერებს რას აკეთებს. ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ და არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვუმკურნალოთ...

გასულ კვირაში რადიო თავისუფლებისა და, ზოგადად, მედიის ყურადღება შეჩერდა 15 წლის უნარშეზღუდული მოზარდის საქმეზე. ის 17 მაისს კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ერთი ბოთლი ლუდის ქურდობისთვის დააკავეს. მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწრი პატიმრობა შეუფარდა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამდე კი მოზარდი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს ზრდასრულ პატიმრებთან ერთად. 31 მაისს სახალხო დამცველის ოფისში მყოფმა 15 წლის სანდრო სარდარიანის მამამ, გრიშა სარდარიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა:

”პივა მოიპარა მაღაზიიდანო, ასე ამბობენ. ბავშვს მკურნალობა სჭირდება, ვერ აცნობიერებს რას აკეთებს. ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ და არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვუმკურნალოთ. და ასეთი ბავშვი გაუშვეს ციხის საავადმყოფოში. მერე ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს სხვაგან და ახლა არც ვიცი, ბავშვი როგორ არის.”

1 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ პროკურორმა საქალაქო სასამართლოს მოზარდის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომ უნარშეზღუდული მოზარდი ორი ნათესავის თავდებობით გაათავისუფლა, ხოლო მისი ფსიქიატრიული მკურნალობის უზრუნველყოფა ჯანდაცვის სამინისტრომ იტვირთა.
ეს არის არჩევნები, რომლის ბედიც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ და არა უცხოელმა სტუმრებმა ან რომელიმე სხვა ერმა. მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ იქნებიან მათი ლიდერები...

გასულ კვირას საქართველოს 2-დღიანი ვიზიტით სტუმრობდა ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რიჩარდ დურბინი. ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩთან ერთად, იმყოფებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე. სენატორმა შეხვედრებისას რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა, დაინტერესდა ქვეყანაში შიდაპოლიტიკური საკითხებით და მედიის პლურალიზმის თემით. ამას გარდა, ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარების მიმართ ინტერესიც გამოიჩინა, რის შესახებაც ჟურნალისტებს 31 მაისს განუცხადა. თუმცა ისიც ცხადია, რომ ვაშინგტონი ქართველი ხალხის საქმეში ჩარევას არ აპირებს.

”ეს არის არჩევნები, რომლის ბედიც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ და არა უცხოელმა სტუმრებმა ან რომელიმე სხვა ერმა. მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ იქნებიან მათი ლიდერები. ჩვენ გვსურს, რომ იმპულსი მივცეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომ ქართველმა ხალხმა ასეთ პროცესზე დაყრდნობით გააკეთოს არჩევანი”, - განაცხადა სენატორმა რიჩარდ დურბინმა 31 მაისს.
საკმაოდ იშვიათად ვაწესებთ ჯილდოს და ეს გავაკეთე იმის გამო, რომ ეს არის დღეს ერთადერთი გამოუძიებელი შემთხვევა, როცა საქმეში ფიგურირებს, დაზარალებულის სახით, პოლიტიკოსი. გვინდა, რომ ეს საქმე გამოუძიებელი არ დარჩეს...

გასულ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწესა ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ნათელს მოჰფენს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტის ცემის ფაქტს. სამინისტროს ცნობით, „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელს მამუკა ქარდავას უცნობმა პირებმა მიმდინარე წლის 20 მაისს სცემეს. თავდაპირველად გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე აღიძრა, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა დანაშაულში მონაწილე პირების დასაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ამ ეჭვებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლის ანალიტიკური დეპარტამენის უფროსმა შოთა უტიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამინისტრო განსაკუთრებულადაა დაინტერესებული ოპოზიციის აქტივისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გახსნით:

„საკმაოდ იშვიათად ვაწესებთ ჯილდოს და ეს გავაკეთე იმის გამო, რომ ეს არის დღეს ერთადერთი გამოუძიებელი შემთხვევა, როცა საქმეში ფიგურირებს, დაზარალებულის სახით, პოლიტიკოსი. გვინდა, რომ ეს საქმე გამოუძიებელი არ დარჩეს, რათა ყველა ეჭვი გაქარწყლდეს. იყო ერთი საქმე ასპინძაში, სადაც ასევე „ქართული ოცნების“ წევრს სცემეს. შსს-მ ეს საქმე გახსნა და დამნაშავეებიც დააკავა. ამ საქმის გახსნაც მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ფონის არდამძიმების მიზნით.“

შოთა უტიაშვილის თქმით, მამუკა ქარდავას სხეულზე მართლაც ემჩნევა ცემისგან მიყენებული დაზიანებები, თუმცა გამოძიებას ჯერ არ მიუღია ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ საქმეს სწავლობს და ყურადღებით აკვირდება სახალხო დამცველიც, რომელიც ასევე ელოდება ექსპერტიზის პასუხს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG