Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვების სროლისა და დაყადაღების კვირა


დაპირისპირება კარალეთში
დაპირისპირება კარალეთში
გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო საქართველოსთან დაკავშირებული პირველი რეზოლუცია, რომელშიც ტერმინი ”ოკუპაციაა” ნახსენები. ”ქართუ ჯგუფს” იძულებითი მმართველი დაუნიშნეს და ტელეკომპანია ”მაესტროს” სატელიტური ანტენები დაუყადაღეს. ქონების დაყადაღება მთელი კვირის განმავლობაში აქტუალური თემა იყო.

9 ივლისს, მონაკოში მიმდინარე 21-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა პოლონელი დეპუტატის, მიხალ შჩერბას მიერ ინიცირებული საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. ბოლო წლების განმავლობაში ეს არის ეუთოს მიერ დამტკიცებული პირველი საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელშიც ტერმინი ”ოკუპაციაა” ნახსენები. 7 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში გამართულ დებატებზე ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც პოლონელი დეპუტატის, მიხალ შჩერბას მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით ”სიტუაცია საქართველოში”, მხარი არ დაუჭირა, რუსეთი იყო. თუმცა 9 ივლისს რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მოხსენიებულია როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, დამტკიცდა. რეზოლუციაში წერია, რომ ასამბლეა ”დაჟინებით მოუწოდებს“ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და პარლამენტს და ასევე საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დე ფაქტო ხელისუფლებებს, რომ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას ნება დართონ თავისუფლად შევიდნენ ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.” საქართველოს დელეგაციის წევრი, უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დებატების რამდენიმე საინტერესო ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

”საკმაო გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა დაიწყეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კრიტიკა, - რატომღაც რეზოლუციის საწინააღმდეგოდ ეს ფოკუსი აირჩიეს, - რამაც არც ერთი ქვეყნის დელეგაციაზე არ მოახდინა შთაბეჭდილება. პირიქით, ერთიმეორის მიყოლებით გამოდიოდნენ ამ დელეგაციების წარმომადგენლები საქართველოს მხარდასაჭერად. ჩეხეთის წარმომადგენელმა, მაგალითად, თქვა, რომ, როგორც იქნა, ეუთოს ფორმატშიც ყველაფერს თავისი სახელი ეწოდა..."

გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის დამტკიცების მნიშვნელობაზე საუბრისას ორ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეუთო აფიქსირებს ამ პოზიციას და სწორედ ეუთოს ფორმატში ხდება საქართველოს მხარდაჭერა. მით უმეტეს, რომ ასეთი დონის რეზოლუციაში პირველად ფიქსირდება ტერმინი „ოკუპაცია“ და „ოკუპირებული“, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ეუთოს წევრი სახელმწიფოები არა მხოლოდ აფიქსირებენ თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას, არამედ აფიქსირებენ მკვეთრ პოზიციას, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, და რადგან ეს ასეა, ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს დეოკუპაციის საკითხის განხილვა.”
ლამბერტო ძანიერი
ლამბერტო ძანიერი

10 ივლისს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აქტუალური იყო წინა დღით საქართველოში სიტუაციის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებადაა მოხსენიებული. ამ ფაქტის კომენტირებისას ძანიერიმ თქვა, რომ ეს რეზოლუცია შეიძლება შეფასდეს როგორც ”პოლიტიკური სიგნალი და მისი ღირებულებაც სწორედ ესაა”.

”ეს რეზოლუცია არ არის ეუთოს, როგორც ორგანიზაციის, ოფიციალური რეზოლუცია, გადაწყვეტილება. ეს არის პარლამენტართა ჯგუფის მოსაზრებების გამოხატულება და მეც აუცილებლად ჩავხედავ, კონკრეტულად რა წინადადებები აქვთ ამ პარლამენტარებს.”

ამავე პრესკონფერენციაზე ეუთოს გენერალური მდივნის ყურადღების არეალში მოექცა მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც, საქართველოს თხოვნით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეთვალყურეები დააკვირდებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ეუთო ცდილობს სრულყოფილად იყოს ჩართული საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში და ეძიებს გზებს საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის გასაძლიერებლად.
NDI-ის გამოკვლევის პრეზენტაცია
NDI-ის გამოკვლევის პრეზენტაცია

10 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ რიგით მეხუთე გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სათაურით ”საზოგადოების განწყობა საქართველოში”. საველე სამუშაოები განხორციელდა 4 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით. კვლევა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და 6 ათასზე მეტი ადამიანის გამოკითხვას ეყრდნობა. მნიშვნელოვანია, რომ, კვლევის მიხედვით, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საზოგადოების აზრი დემოკრატიისა და მათი ოჯახების მდგომარეობის შესახებ უარესობისკენ შეიცვალა. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ 10 ივლისს გამოკვლევის პრეზენტაციისას განაცხადა, ქვეყანაში არსებული დემოკრატიისა ახლა უკვე 11 პროცენტით ნაკლებ ადამიანს სჯერა:

”კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, წინა გამოკვლევასთან შედარებით, არის ის, რომ კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიაა, 49 პროცენტიდან 38 პროცენტამდე დაიწია. ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 34 პროცენტიდან 43 პროცენტამდე გაიზარდა.”

გასულ კვირას, - მას შემდეგ, რაც „ქართუ ჯგუფის“ დაყადაღებულ ქონებას აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდა, - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ კომპანიაში იძულებითი მმართველის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. მმართველად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, „პრივატბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ უგულავა დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100 პროცენტი იძულებით აუქციონზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის 74
„ქართუ ჯგუფის“ უცხოელი მეწილეების ადვოკატები
„ქართუ ჯგუფის“ უცხოელი მეწილეების ადვოკატები
მილიონიანი ჯარიმის დასაფარავად იყო გატანილი. თუმცა 9 ივლისს „ქართუ ჯგუფის“ უცხოელი აქციონერების ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი კომპანიის აქციების მფლობელი მხოლოდ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე იყო და დღეს კომპანია 16 უცხოელ მეწილეს უკეთვნის. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის ჯარიმის გადახდის დაკისრება სხვა მფლობელებისათვის „ქართუ ჯგუფის“ უცხოელი აქციონერების ადვოკატმა კრისტოდოლუს ვასილიდესმა შეაფასა, როგორც ინვესტორების ქონების ექსპროპრიაცია.

ქონების დაყადაღება აქტუალური იყო მთელი გასული კვირის განმავლობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების მოთხოვნასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა 11 ივლისს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა კიდეც. როგორც 12 ივლისს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა ქაჩიბაიამ უთხრა ჟურნალისტებს, „მაესტროს“ ანტენები დაყადაღდა გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე:

”უდავოდ დადასტურებულია, რომ შპს ”სტუდია მაესტროს” მიერ საჯაროდ გაცხადებული პროექტი სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგების შესახებ სინამდვილეში თვალთმაქცობაა და იგი წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის გაგრძელებას. ეს სქემა შემუშავებული იყო კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ შპს „გლობალ კონსალტინგის“ გამოყენებით.”
მამუკა ღლონტი
მამუკა ღლონტი

პრომოაქცია, რომელიც ტელეკომპანია ”მაესტროს” ასობით ათასი სატელიტური ანტენის რეგიონეში დამონტაჟებას ითვალისწინებდა, ერთი კვირის წინ დაიწყო. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ აქციას კომპანიისთვის მოგება უნდა მოეტანა. „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი პროკურატურის მტკიცებულებებს აბსურდულს უწოდებს და ”ქართულ ოცნებასთან”კავშირს გამორიცხავს.

12 ივლისს კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდნენ კახი კალაძე, გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი და კოალიცია "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლები. სოფელში იმყოფებოდა გიორგი ყარყარაშვილიც. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქეების ჯგუფმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს ქვები ესროლა და ჯოხებით დაიწყო ჩხუბი. დაახლოებით 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან საინფორმაციო სააგენტო “ინფო-9”- ის და ადგილობრივი ტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტები და ინტერნეტგამოცემა “ქართლი.გეს” რედაქტორი საბა წიწიკაშვილი. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის შესწავლის შემდეგ პოლიციამ 5 პირი დააკავა, მათ შორის - კალაძის დაცვის წევრიც. გორის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG