Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი გაეროში და წინასაარჩევნო კამპანია „მშვიდობის მემორანდუმის“ ფონზე


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

გასულ კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საერთაშორისო თანამეგობრობისადმი გაკეთებულ მიმართვაში მან ისეთ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა რუსეთის ოკუპაციის შედეგები, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული რეფორმები, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და 8 ოქტომბრის არჩევნები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისასდათბობისა და კონსტრუქციული ურთიერთობების პოლიტიკაზეც ილაპარაკა, თუმცა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკასა და ოკუპაციის სავალალო შედეგებსაც შეეხო:

„ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს. ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად განიცდის ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას. შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ. მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარების ბოლოდროინდელ ფაქტს. ეს არის მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება“.

გაეროში გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა „რეფორმებით ტრაბახად“ შეაფასაოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ: „ძალიან სამწუხაროდ, ეს გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება საერთოდ აცდენილია იმ მდგომარეობას, რომელშიც არის ხალხი. ქვეყანაში არის გაჭირვება, ქვეყანაში არის ბევრი პრობლემა... ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ინვესტიციების მოზიდვაზე და არა ასეთი არარეალისტური შეფასებების გაკეთებაზე რეფორმებთან მიმართებით“.

„ქართული ოცნება“ გვთავაზობს ფარატინა ქაღალდს, რომ შეფუთოს ის ძალადობრივი გარემო, რომელიც მათვე შექმნეს წინასაარჩევნოდ, ასეთი ტიპის მემორანდუმზე შეერთების აზრს კი ჩვენ ვერ ვხედავთ...
თინათინ ბოკუჩავა

21 სექტემბერს მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის ტექსტი, რომლითაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ მათი პარტიული აქტივისტები ხელს არ შეუშლიან სხვა პარტიების მიერ გამართულ ღონისძიებებს - არ მივლენ ოპონენტების მიერ გამართულ აქციებზე პროვოკაციული მიზნებით და ამით ხელს შეუწყობენ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს. როგორც 21 სექტემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, თუ ვინმე ამ მემორანდუმს არ შეუერთდება, ეს იქნება მკაფიო მინიშნება იმაზე, ვის რა ზრახვები ამოძრავებს.

„მშვიდობის მემორანდუმის“ ხელმოწერისაკენ პოლიტიკურ პარტიებს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც მოუწოდა: „კარგი იქნება, თუ ყველა ხელს მოაწერს, თუმცა ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო. ის ფაქტი, რომ ასეთი დოკუმენტის მოთხოვნილება ჩნდება, ძალიან ცუდია. მომავალში ასეთი რამ საჭირო აღარ უნდა გახდეს“. „,მშვიდობის მემორანდუმი“ ფარატინა ქაღალდია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ასე უპასუხა 21 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ინიციატივას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ: „ქართული ოცნება“ გვთავაზობს ფარატინა ქაღალდს, რომ შეფუთოს ის ძალადობრივი გარემო, რომელიც მათვე შექმნეს წინასაარჩევნოდ, ასეთი ტიპის მემორანდუმზე შეერთების აზრს კი ჩვენ ვერ ვხედავთ“. საარჩევნო მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს. ის პოლიტიკური დატვირთვის მქონე დოკუმენტია და მასზე ხელმოწერა პარტიების პოლიტიკურ ნებაზე იყო დამოკიდებული.

20 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრების უმრავლესობამ, 14-მა მოსამართლემ, ერთხმად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის პოსტზე თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურას, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ წარადგინა. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პლენუმის წევრებმა ტუღუშისგან „მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხი“.

ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ თათბირზე, სადაც იყო მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, სააკაშვილმა უშუალოდ მას დაავალა, რომ ანგარიშსწორება მოეხდინათ გელაშვილზე და ამ დროს ივანე მერაბიშვილი მას აქეზებდა და აგულიანებდა...
არჩილ ტყეშელაშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურის წარდგენას პლენუმისათვის წინ არაერთი კონსულტაცია უძღოდა, თუმცა მან უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტუღუში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის, კადრია. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს საკონსტიტუციო სამართალწარმოება:

​„თეიმურაზ ტუღუში არის ერთ-ერთი ის სერიოზული კანდიდატურა, რომელმაც ბრწყინვალედ იცის შიდა სამზარეულო. ის ჩემი კანდიდატურაა და, ბუნებრივია, მის შერჩევას წინ უძღოდა კონსულტაციები, რომლის დროსაც უამრავ ადამიანს მოვუსმინეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მისი კანდიდატურა წარდგენილია კანონის სრული დაცვით და ამ პროცესში ინდივიდუალურად, გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, არავინ ჩარეულა“.

გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა შინაგან საქმეთა ყოფილ მინიტსტრს, ვანო მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ერეკლე კოდუას, და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს, გია სირაძეს, რომლებმაც, განაჩენის მიხედვით, დაგეგმეს და ორგანიზება გაუკეთეს დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმას 2005 წლის 14 ივლისს.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სახელმწიფო ბრალმდებელმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ დამაჯერებლად ჩათვალა ბრალდების მთავარი მოწმეების, ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის, ჩვენებები: „ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ თათბირზე, სადაც იყო მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, სააკაშვილმა უშუალოდ მას დაავალა, რომ ანგარიშსწორება მოეხდინათ გელაშვილზე და ამ დროს ივანე მერაბიშვილი მას აქეზებდა და აგულიანებდა, რომ ეს არავის არ უნდა შერჩენოდა. ასევე საქმეში არის სპეცრაზმის ჩვენება, რომელიც პირდაპირ ამხელს ივანე მერაბიშვილს დანაშაულის ორგანიზებაში. საუბარია იმ პირზე, რომელიც ხელმძღვანელობდა თავდასხმას“.

განსასჯელთა ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. მათი თქმით, პატიმრობის საბოლოო ვადას განსაზღვრავს სასამართლო ყველა პროცესის დასრულების შემდეგ. მოსამართლე გადაწყვეტს, შეკრებს სასჯელებს თუ შთანთქმის პრინციპს გამოიყენებს. ვანო მერაბიშვილს უკვე მისჯლი აქვს პატიმრობა რამდენიმე საქმეზე.

გასული კვირის ბოლოს დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და ლევილის მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს, დაუბრუნდა. 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს, რომლის თანახმად, პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამული საქართველოს საკუთრება გახდა.აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მოაწერა, ხოლო ფრანგული მხარიდან აქტზე ხელმომწერნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ. როგორც საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მამულის კეთილმოწყობისათვის, იქ ქართული აკადემიის, სამუზეუმო სივრცის შექმნის, პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის დაარსებისათვის საქართველოს მთავრობამ ხუთი მილიონ ექვსასი ათასი ევრო გამოყო. ლევილის მამულის რეაბილიტაცია შემდგომი 10 წლის ვადაში უნდა დასრულდეს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG