Accessibility links

გათავისუფლებული პედაგოგები საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვიან


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლაში დირექტორსა და მასწავლებლებს შორის დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. ამის მიზეზი გახდა სკოლის დირექტორის, ბესარიონ ცერცვაძის, გადაწყვეტილება ოთხი სერტიფიცირებული მასწავლებლის გათავისუფლების თაობაზე. ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შემდეგ მან თეა ნონიკაშვილს, თამარ მაისურაძეს, მანანა დაღელაშვილსა და მერი კაკაშვილს ახალი ხელშეკრულებები აღარ გაუფორმა. ეს მასწავლებლები დიდი ხანია სკოლაში მუშაობენ და შენიშვნაც კი არა აქვთ მიღებული. თეა ნონიკაშვილი არის მენტორი მასწავლებელი, ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმის გამარჯვებული, მასწავლებელთა მსოფლიო ფორუმის მონაწილე. მისი თქმით, გათავისუფლებულმა პედაგოგებმა სკოლას არაერთი საინტერესო პროექტი მოუმზადეს და მოულოდნელი იყო დირექტორის გადაწყვეტილება. ნონიკაშვილის აზრით, დირექტორი პირადი მოტივებით ხელმძღვანელობდა, როცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

გათავისუფლებულმა მასწავლებლებმა უკვე მიმართეს განათლების სამინისტროს, ადგილობრივ რესურსცენტრს და ამზადებენ სარჩელს სასამართლოში წარსადგენად. სოციალურ ქსელში არ წყდება დისკუსია ხიდისთავის სკოლის გარშემო. დათხოვნილ პედაგოგებს არაერთმა ადამიანმა გამოუცხადა სოლიდარობა.

სკოლის დირექტორი ბესარიონ ცერცვაძე აცხადებს, რომ კანონით ამ ნაბიჯის გადადგმის უფლება ჰქონდა. ჩვენს კითხვაზე, პედაგოგთა კვალიფიკაციის თაობაზე ჰქონდა თუ არა პრეტენზია, გვპასუხობს, რომ მათი პროფესიონალიზმით კმაყოფილი იყო, მაგრამ კონფლიქტურები იყვნენ და ჩემ წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდნენო. თვითონ დირექტორი სკოლას მალე დატოვებს, რადგან შესაბამისი გამოცდები ვერ ჩააბარა.

პედაგოგებმა კონსულტაციისთვის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიმართეს. ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ დამქირავებელს უფლება ჰქონდა ის აღარ გაეგრძელებინა და არც გათავისუფლების მოტივი დაესაბუთებინა, თუმცა იურისტების კითხვას იწვევს დირექტორის ქცევა: მან პედაგოგებს გათავისუფლებამდე შესაბამის საგნებში საათები გაუნაწილა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში გათავისუფლებული პედაგოგების უფლებების დაცვას აპირებენ. ორგანიზაციის პრეზიდენტი მაია კობახიძე აცხადებს, რომ დირექტორმა დაარღვია კანონი, როცა მასწავლებლები სამსახურიდან დაითხოვა, რადგან, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ორჯერ ან მეტჯერ თანმიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ეს ცვლილება შრომის კოდექსში 4 ივლისიდან შევიდა ძალაში.

გათავისუფლებული პედაგოგები საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას აგრძელებენ. ხიდისთავის სკოლაში რამდენიმე დღეში სასწავლო პროცესი იწყება. სამსახურიდან დათხოვნილი მასწავლებლები არ გამორიცხავენ, რომ მათ კონფლიქტში უკვე მოსწავლეები და მშობლებიც აღმოჩნდნენ ჩართული, რამაც შესაძლოა სასწავლო პროცესის პარალიზება გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG