Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

როგორ და რითი თბებიან სამცხე-ჯავახეთში


ახალციხე
ახალციხე
ზამთრის მოახლოებასთან ერთად სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გათბობის პრობლემის წინაშე დგება. ახალციხეში 2009 წლამდე ადგილობრივები გასათბობად ტრადიციულ ხერხს, შეშით გათბობას მიმართავდნენ. ახალციხელები ყველაზე ცივ სეზონს დაახლოებით 8-10 კუბური მეტრი შეშით ხვდებოდნენ. მესამე წელია შეშასთან ერთად მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირით სარგებლობს. გამოკითხული მოსახლეობა ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მითითებული ადგილიდან საწვავის სახლამდე მიტანაა.

მოსახლეობამ ზამთრის სეზონისათვის შეშით მომარაგება რომ შეძლოს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და მომსახურების საფასური „ლიბერთი ბანკში“ უნდა გადაიხადოს. წიწვოვანი ჯიშის მსურველებს ერთ კუბურ მეტრზე 5 ლარის, ხოლო ფოთლოვანი ჯიშის მსურველებს ერთ კუბურ მეტრზე 6 ლარის გადახდა მოუწევს. საწვავი შეშით მომარაგება მოსახლეობას, გასული წლისგან განსხვავებით, წელს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, წელს არც ტყიდან მერქნის გამოტანის ვადებია შეზღუდული. სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მთავარი მეტყევე დავით კახიშვილი მოსახლეობას შეშით დროულად მომარაგებას და უკანონო ჭრისგან თავის შეკავებას ურჩევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირზე როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება, – განმარტავს დავით კახიშვილი.

საშეშე მერქნის გამოტანა მოსახლეობას სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიიდან შეუძლია. როგორც ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში აცხადებენ, ტყე-კაფები ისეთ ადგილებში მდებარეობს, სადაც რელიეფი და ტყის მონაცემები ამის საშუალებას იძლევა. სატყეოს მთავარი სპეციალისტი ოთარ აფრიამაშვილი ამბობს, რომ ტყეკაფები სოფლებთან ახლოს არის გამოყოფილი.

მოსახლეობას ტყე-კაფებამდე მისასვლელი დაზიანებული და მიუვალი გზა ყოველწლიურად პრობლემას უქმნის. გასულ წელს მათი ნაწილი სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველომ შეაკეთა, წელს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა აიღო. მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ ტყეკაფებში შესასვლელი გზების რეაბილიტაცი თვის ბოლომდე დასრულდება.

ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი გასათბობად უპირატესობას ბუნებრივ აირს ანიჭებს. რაც შეეხება სოფლებს, იქ ჯერ კიდევ შეშით თბებიან. ახალციხეში გაზგამანაწილებელი კომპანია ,,ელენი“ 2009 წლიდან მუშაობს და ამ დროისათვის ქალაქის 90% დაქსელილია. კომპანიის მონაცემებით, ქსელში ჩართულია აბონენტთა 75%. ,,ელენი“-ს ხელმძღვანელი ვასილ აბულაძე ამბობს, რომ გაზის შეყვანა ოჯახს 300-დან 450 ლარამდე უჯდება, მისი საფასური კი კუბურ მეტრზე 54 თეთრს შეადგენს.

წელს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის 70-დან 80 ათასამდე კუბური მეტრი საშეშე მერქანია გამოყოფილი.
XS
SM
MD
LG