Accessibility links

logo-print

მოახლოებული ზამთარი და არასაკმარისი მყარი საწვავი


ლაგოდეხი

ლაგოდეხი

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობა სათბობი მასალის მომარაგებაზე იწყებს ზრუნვას. კახეთის სხვადასხვა რაიონში ოჯახების ნაწილი მყარი საწვავით გათბობას, ნაწილი კი ბუნებრივი აირის მოხმარებას ანიჭებს უპირატესობას. შეშის ღირებულება და ბუნებრივი აირის დანახარჯი ერთი თვის განმავლობაში თითქმის თანაბარია, თუმცა პრობლემა ის არის, რომ სოფლების დიდი ნაწილი კახეთში გაზიფიცირებული არ არის.

ჩვენ მიერ ლაგოდეხში გამოკითხული ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ ზამთარში მყარი საწვავით თბებიან, თუმცა მარაგი ჯერ არ აქვთ. არიან ისეთები, ვინც ზამთარს მომზადებული ხვდება:

„საშუალება არ მაქვს რომ ვიყიდო, პენსიონერი ვარ და ისიც არ მყოფნის წამალსა და ექიმებში. აბა, შეშა რით ვიყიდო?“

„შევიძინე შეშა, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, დახმარებაც არის, ფულს იძლევიან შეშის ნაცვლად!“

„არ გვაქვს შეშა და არც ის ვიცი, ვინ მომიტანს. სად არის შეშა?!“

„ერთი მანქანა შეშა მაინც გინდა სეზონზე. მოითხოვ და მოგცემენ თონის ფიჩხს. ამით ზამთარს ხომ ვერ გაიტან?“


იმის გამო, რომ ლაგოდეხში ტყის დიდი ნაწილი ნაკრძალის ტერიტორიას განეკუთვნება, მყარი საწვავი შეზღუდული რაოდენობით გაიცემა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი გიორგი სურამანიძე ამბობს, რომ შეშას, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი ოჯახები იღებენ, შემდეგ კი ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები:

„ჩვენიდან შეშა, ძირითადად, გაიცემა მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასა და სოციალურად დაუცველთა ოჯახების ნაწილზე, რადგან მომართვიანობა და სურვილი მეტია, ვიდრე აღკვეთილის ტერიტორიიდან შეშა უნდა გაიცეს. შესაბამისად, სრულიად ლაგოდეხის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს დაცული ტერიტორიები“.

ლაგოდეხის მსგავსად, მყარი საწვავის ნაკლებობაზე ჩივიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. სოფელი ფიროსმანი, რომელიც აჭარელი ეკომიგრანტებითაა დასახლებული, ზამთარს შეშის გარეშე ხვდება. საზღვრისპირა სოფლისთვის ტყეკაფები მეზობელ რაიონებშია გამოყოფილი, საიდანაც შეშის მოტანა ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო ძვირი ჯდება. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ:

„გაზი თუ იქნება, შეშა რაღად მინდა?! თან, შეშა ახლა როგორი გაძვირებულია!“

ყვარლის რაიონში, სხვა ქალაქებთან შედარებით, ადვილად მოპოვებადია საშეშე მასალა და თბობის სეზონზე ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება - ამის შესახებ გამგებლის მოადგილე გიორგი ცინცაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყვარელში არ არის სანაკრძალე მეურნეობა და თბობის პერიოდში მოსახლეობას მყარი საწვავის მარაგი არ უჭირს:

„ვისაც აქვს ფიზიკური საშუალება, რომ დაამზადოს შეშა, მისი გამოტანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელებს, უმწეო მოხუცებულებს, ისინი მოგვმართავენ ყოველწლიურად და ჩვენ სოციალურ პაკეტში გათვალისწინებული გვაქვს გარკვეული რაოდენობა თანხები, რომელიც მიმართულია აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად“.

გასული წლებისგან განსხვავებით, შეშის ვაუჩერული დაფინანსების პროგრამა წელს არ მუშაობს. ის ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოსგან მყარ საწვავს ვერ მიიღებენ, ერთი მანქანა შეშის შეძენისთვის 400-დან 500 ლარამდე დასჭირდებათ. იმ ოჯახებში კი, რომელთა არც ერთი წევრი დასაქმებული არ არის, ამბობენ, რომ 500 ლარამდე გადახდას ვერ შეძლებენ.
XS
SM
MD
LG