Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზამთარი მოახლოვდა - სათანადოდ გათბობას ყველა ვერ ახერხებს


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

მართალია, კალენდარულად ზამთარი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ოქტომბრის ბოლოდან გათბობის სეზონი დაიწყო. კახეთში მოსახლეობის ის ნაწილი ჩივის, რომელსაც ყოველთვიურად დაბალი შემოსავალი აქვს. ამბობენ, რომ უფულობის გამო ზამთრისთვის მყარი საწვავი ჯერ არ შეუძენიათ. მათ შორის არის ლაგოდეხში მცხოვრები 75 წლის ქალი. მართალია, მას სახლში ბუნებრივი აირი აქვს, მაგრამ თავის რჩენა პენსიით უწევს და ბუნებრივი აირით ვერ თბება, რადგან, მისივე თქმით, პენსიიდან გადასახადს ვერ გადაიხდის.

გადმოწერა

მყარი საწვავი ლაგოდეხში ყოველწლიურად გაიცემა, თუმცა იმის გამო, რომ ტყის დიდი ნაწილი დაცულ ტერიტორიებს წარმოადგენს, აქ ხე-ტყის ჭრა მკაცრად კონტროლდება და შეზღუდვებია. ტყიდან შეშას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია გასცემს. უპირატესობა ენიჭებათ იმ ოჯახებს, რომლებიც ტყის მიმდებარედ ცხოვრობენ. წელს ადმინისტრაცია 1800 კუბმეტრამდე შეშას გასცემს, რაც 800-900 ოჯახისთვისაა საკმარისი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე გვეუბნება, რომ შეშას ყველა ოჯახი მიიღებს, მაგრამ არა ნაკრძალიდან, არამედ ტყის ფონდიდან, რომელიც დასახლებებიდან მოშორებით მდებარეობს.

კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახაბერ სუხიტაშვილი ამბობს, რომ საქართველოში სათბობი რესურსის 70 პროცენტი მყარ საწვავზე მოდის. სუხიტაშვილისავე თქმით, სოფლების დიდი ნაწილი კვლავ გაზიფიცირების გარეშეა და შეშაზე მოთხოვნის შემცირების ტენდენცია უმნიშვნელოა. იგი შეშის არაეფექტურ გამოყენებაზეც ლაპარაკობს.

იმ დასახლებებში კი, რომლებიც უკვე გაზიფიცირებულია, მოსახლეობა გათბობას მაინც მყარი საწვავით ამჯობინებს, რადგან ის უფრო იაფი უჯდება. აღსანიშნავია, რომ კახეთში, მოსახლეობის უმრავლესობის გარდა, უმთავრესად მყარი საწვავით თბებიან სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში. რეგიონში სულ 15-მდე სკოლაა, სადაც ცენტრალური გათბობა მუშაობს, რომელიც ბუნებრივ აირს მოიხმარს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG