Accessibility links

logo-print

2 აპრილს ნიუ-იორკში, გარდაიცვალა ცნობილი არგენტინელი ტენორ-საქსოფონისტი და კომპოზიტორი ლეანდრო ბარბიერი, რომელსაც მუსიკალური სამყარო იცნობს მეტსახელით - "გატო".

"გატო", ანუ "კატა", არტისტს ახალგაზრდობაში შეარქვეს, ერთ-ერთი ვერსიით, მოხერხებულობის გამო. ჯერ კიდევ უცნობი ყმაწვილი, ჯაზურ კლუბებში დაძვრებოდა და, როგორც კატა, სცენაზე ჩუმად, შეუმჩნევლად ასვლას ლამობდა. ცდილობდა ცნობილი მუსიკოსების მარაქაში გარეულიყო, რათა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოეჩინა. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც: ინგლისური "cat" 60-იანი წლების ამერიკული ჯაზური სცენის ჟარგონულ ლექსიკონში "მაგარ ტიპს", "კერკეტ კაკალს" ნიშნავდა. "He’s a bad cat!" - ასე ახასიათებდა მაილს დევისი იმ მუსიკოსებს, რომლებიც მოსწონდა ხოლმე. ასე რომ, არჩევანი მსმენელზეა, თუ რომელ განმარტებას ენდობა - არც ერთი ვერსია არ ტყუის.

გატო ბარბიერი 1932 წლის 28 ნოემბერს არგენტინულ ქალაქ როსარიოში დაიბადა. ვინაიდან მშობლები მუსიკოსები ჰყავდა, ბავშვობაშივე მიეცა საშუალება სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას დაუფლებოდა. პატარა "გაგიტოს" პირველი საკრავი კლარნეტი გახლდათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ოჯახი ბუენოს-აირესში გადასახლდა, ჩარლი პარკერის მოსმენა დაიწყო და ალტ-საქსოფონზე გადაერთო. არტისტის პროფესიული დებიუტი ლალო შიფრინის ორკესტრში შედგა, სადაც თეორიული ცოდნაც გაიღრმავა და დიდი პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინა. 1962 წლიდან კი, ჯონ კოლტრეინის მუსიკით გაბრუებულმა, ტენორ-საქსოფონი მოიმარჯვა, ჯერ ბრაზილიულ კლუბებში იტრიალა, ხოლო მოგვიანებით იტალიაში განაგრძო მოღვაწეობა. რომში მან ამერიკელი ჯაზმენები, გიტარისტი ჯიმ ჰოლი და მესაყვირე ტედ კერსონი გაიცნო. მათთან 3-წლიანი თანამშრომლობის თავზე ავანგარდისტ დონ ჩერისაც გადაეყარა, რომელმაც ნიუ-იორკში მიიწვია და ისეთ პროექტებში ჩართო, როგორიც "Complete Communion" და "Symphony for Improvisers"-ია. იტალიაში დაბრუნებულმა, საკუთარ ხელწერაზე დაიწყო ზრუნვა - სამხრეთამერიკული ხალხური მელოსის ჯაზურ ყაიდაზე მოქცევა დაისახა მიზნად. ექსპერიმენტმა გაამართლა. გატო ბარბიერის მუსიკას აღფრთოვანებით შეხვდნენ ბოლონიის, მონტრესა და ნიუ-პორტის ფესტივალზე. თუმცა, საყოველთაო აღიარება მაინც წინ ჰქონდა. როცა ბერნარდო ბერტოლუჩიმ მუსიკალური განწყობის შექმნა სთხოვა ფილმისათვის "უკანასკნელი ტანგო პარიზში", არგენტინელმა შესანიშნავად გაართვა თავი ლათინოამერიკული ფოლკლორისა და ჯაზის სინთეზს. Metro Goldwyn Mayer-ის ლეიბლზე გამოცემული ფირფიტა რეკორდული რაოდენობით გაიყიდა.

1973 წელს გატო ბარბიერი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც თანამოაზრეები შემოიკრიბა და, არგენტინული ეთნიკური კოლორიტის გამოყენებით, ექსპერიმენტები განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ ჯონ კოლტრეინის, ჩარლი პარკერისა და დონ ჩერის აღმერთებდა, მისი მუსიკა შორს იდგა ფრი-ჯაზისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმისგან. არტისტის საქსოფონის სავიზიტო ბარათი რომანტიკული ექსპრესია, ემოციური ვიბრატო და მარტივი, მელოდიური ფრაზირები გახლდათ. ამ ენაზე იმეტყველა ისეთ ალბომებში, როგორიცაა, მაგალითად, "Caliente!" და "Ruby, Ruby". 80-იანი წლების დასაწყისში მისი ცოლი, მიშელი, აღესრულა, რაც ძალიან განიცადა და თითქმის 20 წელი დუმდა. სცენაზე მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მსმენელს რამდენიმე პროექტი წარუდგინა. ამგვარი ალბომია 1999 წლის "Che Corazon", რომელიც კრიტიკოსებმა smooth jazz-ის ჟანრში შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად დაასახელეს. სიუჟეტის ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ გატო ბარბიერის კომპოზიცია Seven Servants სწორედ ხსენებული ალბომიდან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG