Accessibility links

logo-print

ხელისუფლება გაზის ტარიფის შენარჩუნებას ეცდება


გაზის მრიცხველი

გაზის მრიცხველი

ბუნებრივ აირზე ფასის შენარჩუნების მიზნით, მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ საბჭოს და ვიცე-პრემიერებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელია. 1 მარტიდან იურიდიული პირებისთვის, ანუ კომერციული მომხმარებლებისათვის, გაზის ტარიფი 15 თეთრით ძვირდება. ამის შესახებ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" 2 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია. ტარიფის მომატების მთავარ მიზეზად დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა დასახელდა. რა რესურსი არსებობს გაზის ტარიფის შესანარჩუნებლად?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 5 თებერვალს მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, გაზის ტარიფი არ გაიზრდება და ამას ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების გზით მიაღწევს:

„ვფიქრობ, ჩვენ გამოვნახავთ გზებს იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც - გაზის გაძვირება. თვითონ „სოკარის“ წარმომადგენლებთან ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და ისინი აბსოლუტურად მზად არიან, რომ მოვილაპარაკოთ ამ თემაზე. ამიტომ მე მინდა მოგიწოდოთ კიდევ ერთხელ ორივე ვიცე-პრემიერს, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად, რომელიც ამ პროცესში ჩემი სახელით იქნება ჩართული, ეს საკითხი უსწრაფესად გადაწყვიტოთ“.

მთავრობის სხდომა

მთავრობის სხდომა

იურიდიული პირებისთვის ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 15 თეთრით ფასის ზრდის შესაჩერებელ მექანიზმებზე საუბრისას, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 1 მარტამდე არსებულ დროში ხელისუფლება და ეკონომიკური გუნდი ეცდება მოლაპარაკებების გზით ფასის მოსალოდნელი გაზრდის შეჩერებას:

„ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები „სოკართან“, რომ მოვახერხოთ და ეს სიტუაცია დავასტაბილუროთ. ჩვენ დრო გვაქვს 1 მარტამდე, იცით, და ეს გაცხადებულიც იყო, რომ თუ მოხდებოდა კომერციული ობიექტებისთვის ფასების ზრდა, ეს მხოლოდ 1 მარტიდან დაიწყებოდა. ამიტომ ჩვენ გარკვეული დრო გაგვაჩნია იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად ვაწარმოოთ. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ფასები არ გაიზრდება“.

1 მარტიდან იურიდიული პირებისთვის, ანუ კომერციული მომხმარებლებისათვის, გაზის ტარიფის 15 თეთრით გაძვირების თაობაზე ინფორმაცია 2 თებერვალს გაავრცელა კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისმა", ტარიფის მომატების მთავარ მიზეზად კი დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემა დასახელდა. საფასური ერთ კუბურ მეტრ გაზზე 15 თეთრით, ანუ 75 თეთრიდან 90 თეთრამდე, გაიზარდა.

თუკი კომპანიები დაინახავენ, რომ იგივე სამომხმარებლო ტარიფით ისინი ვერ მიიღებენ იმ ანაზღაურებას, რომელიც უზრუნველყოფს მომწოდებლის ბუნებრივი აირის ღირებულების გადახდას, რა თქმა უნდა, მაშინ დააყენებენ კომისიის წინაშე სამომხმარებლო ტარიფის მომატების საკითხსაც...

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანახმად, აზერბაიჯანული კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკებები იმ კუთხით უნდა გაიმართოს, რომ ლარის კურსის ვარდნის გამო ფასში წარმოქმნილი სხვაობა თავად სადისტრიბუციო კომპანიებმა დააკომპენსირონ. სხვა სახის მოლაპარაკებების გამართვის აზრს კომპანია ვერ ხედავს, თუმცა „სოკარ ჯორჯიას“ 3 თებერვლის განცხადების თანახმად, "ბუნებრივი აირის იმპორტიდან გამომდინარე, აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გამო, აუცილებელი გახდა ბუნებრივი გაზის საფასურის კორექტირება კომერციული სექტორის მომხმარებლებისთვის“.

ექსპერტთა ნაწილი გაზის ტარიფის დაანგარიშებაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ჩართვასაც მიიჩნევს საჭიროდ, თუმცა სემეკის წევრი გოჩა შონია რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ კომისია კომერციული მომხმარებლებისათვის ფასწარმოქმნის პროცესში არ ერთვება. მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანებულების თანახმად, ფასწარმოქმნა ხორციელდება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ეტაპზე კი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, სემეკი პროცესში ვერ ჩაერთვება, აცხადებს გოჩა შონია:

„არც ერთ გამანაწილებელ კომპანიას არ შემოუტანია სატარიფო განაცხადი მოსახლეობისათვის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, თუკი კომპანიები დაინახავენ, რომ იგივე სამომხმარებლო ტარიფით ისინი ვერ მიიღებენ იმ ანაზღაურებას, რომელიც უზრუნველყოფს მომწოდებლის ბუნებრივი აირის ღირებულების გადახდას, რა თქმა უნდა, მაშინ დააყენებენ კომისიის წინაშე სამომხმარებლო ტარიფის მომატების საკითხსაც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს ასე ავტომატურად არ გავზრდით. შევისწავლით ყველა დოკუმენტაციას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ და ამის შემდეგ მიიღებს კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას“.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი ლექვინაძე მდგომარეობიდან გამოსავალზე საუბრისას ამბობს, რომ არასწორი იქნება, თუ ხელისუფლება სუბსიდირების გზით შეეცდება ტარიფის შენარჩუნებას. ის მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა, თუმცა ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე გაზის ტარიფის 15- თეთრიან ზრდას არაადეკვატურად მიიჩნევს. მეორე მხრივ, ფიქრობს, რომ კომპანიებისა და, ზოგადად, იურიდიული პირებისთვის გაზის შესყიდვის საფასური, დღეს არსებულთან შედარებით, ნაკლებიც კიუნდა იყოს:

„მე, საერთოდ, მიდგომა არ მომწონს, ზოგადად, რომ კომპანიებისთვის უფრო ძვირია და დაყოფაა ასეთი - კომერციული და სამომხმარებლო - და კომპანიებისთვის საფასური უფრო ძვირია, ვიდრე მოსახლეობისთვის, მაშინ როცა კომპანიები არიან მსხვილი შემსყიდველები და მათთვის ფასი ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე ერთეული შემსყიდველების, და ეს მიდგომაა შესაცვლელი“.

ირაკლი ლექვინაძის მსგავსად, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიაც არ იზიარებს გაზის ტარიფის სოციალურად და კომერციულად დაყოფას. მისი თქმით, არსებობს მრავალი ბერკეტი, რომლის გამოყენების შემთხვევაში გაზის ტარიფის გაზრდა არ იქნებოდა საჭირო. ემზარ ჯგერენაია ამ ეტაპზე აზერბაიჯანულ მხრესთან მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს:

„დღემდე მომხმარებელმა და, მათ შორის, კომერციულმა მომხმარებელმა არ იცის ტექნიკური პირობები და სტანდარტი: მე რომ გაზში მახდევინებთ ფულს, რა წნევით მაწოდებთ და რა ქიმიური შემადგენლობით. აქ ხელშეკრულებას პირობითად ჰქვია ხელშეკრულება, იმიტომ რომ ცალმხრივია. გაზის მიმწოდებელს ყველაფრის უფლება აქვს და მომხმარებელს - არაფრის. ჯერ ჩვენ უნდა მომხმარებლის ინტერესები დავიცვათ. რატომ არის გაზის წნევა გადამწყვეტი? იმიტომ, რომ თუ წნევა დაბალი იქნება, მრიცხველი აუცილებლად ორმაგს დაწერს; თუ ქიმიური შემადგენლობა არ იქნება სწორი, მაშინაც იმატებს ფასი და ეს არის გადამწყვეტი, ყველაზე მნიშვნელოვანი. სანამ ეს არ დარეგულირდება, არანაირი ლაპარაკი ტარიფის გაძვირებაზე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, რას ვყიდულობთ“.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სფეროს ეკონომიკური მდგრადობა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, რისთვისაც შეიძლება სადისტრიბუციო კომპანიების ხარჯების სტრუქტურა გაანალიზდეს.

XS
SM
MD
LG