Accessibility links

logo-print

მემორანდუმით გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობა


მემორანდუმს ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ, რომელიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი განვითარებისა და მდგრადობისთვის. მემორანდუმის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ამერიკის მხარე დაეხმარება საქართველოს შეიძინოს თავდაცვითი მოწყობილობები და მასთან დაკავშირებული მომსახურება.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს, რომელსაც ხელი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უწოდა ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან გაუფორმებია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც განაცხადა, რომ დოკუმენტი ქმნის თვისებრივად ახალ ჩარჩოს თანამშრომლობისთვის და მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ:

„საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება, რომელიც საქართველოს მისცემს საშუალებას, მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ეს ითვალისწინებს უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის“.

იარაღზე წვდომა პარალელურ პროცესში იქნება გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის სისტემის გაუმჯობესებასთან. ეს ორივე დაფიქსირებულია მემორანდუმში...

გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად, ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმი წარმოადგენს ახალ ეტაპს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის მშენებლობის გზაზე. პოლიტოლოგ ირაკლი მჭედლიშვილის თქმით, როგორც ჩანს, საქართველოსათვის იხსნება იარაღის საერთაშორისო ბაზარი, რომელზეც წვდომა მნიშვნელოვნად შემცირდა 2008 წლის ომის შემდეგ.

„ჩვენ არ გვქონდა წვდომა, შესაძლებლობა, რომ თავისუფლად შეგვეძინა დასავლური მაღალტექნოლოგიური იარაღი. როგორც ჩანს, დღეს ეს კარი იხსნება ჩვენ წინ, მაგრამ მე აქ დავამატებდი ერთ მომენტს: ჩვენი მედია და ექსპერტები ფოკუსირებული იყვნენ იარაღის საკითხზე, მაგრამ იარაღს თუ არ ახლავს თან გადაწყვეტილების მიღებისა და საბრძოლო მოქმედებების მართვის გაუმჯობესება, იარაღი თავისთავად არაფერია. მეტსაც გეტყვით, იარაღზე წვდომა პარალელურ პროცესში იქნება გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის სისტემის გაუმჯობესებასთან. ეს ორივე დაფიქსირებულია მემორანდუმში“, უთხრა ირაკლი მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მემორანდუმში, მართლაც, ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია გაზარდოს საქართველოსთან თანამშრომლობა მისი შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად:

„ეს მოიცავს მზადყოფნის გაუმჯობესებას და ისეთი მოქნილი ძალის მხარდაჭერას, რომელსაც ექნება, ერთი მხრივ, თავის დაცვის და, მეორე მხრივ კი, სხვების თავდაცვაში წვლილის შეტანის უნარი. აშშ და საქართველო აპირებენ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაფართოებლად თავდაცვითი საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების შეძენის ხელშეწყობით, რაც გააუმჯობესებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ძალებთან ჰარმონიული თანამშრომლობის უნარს, მდგრადობას და განთავსებადობას. იმავდროულად, გაუმჯობესდება მისი თავდაცვითი შესაძლებლობები. საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის წვრთნისა და მომსახურების შეთავაზება ხელს შეუწყობს მის სრულ მზადყოფნას და მისი თავდაცვითი შესაძლებლობების ხანგრძლივ მდგრადობას“.

მემორანდუმის შესახებ საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას, რითაც გაიზრდება საქართველოს სამხედრო ძალების თავსებადობა, მდგრადობა და განლაგების უნარი, ასევე საქართველოს შესაძლებლობა, ითანამშრომლოს NATO-ს სხვა ძალებთან. მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების განათლებასა და წვრთნას, ოპერაციული და ტექნიკური თანამშრომლების გაცვლას ქვეყნებს შორის მიმდინარე პროცესების გაუმჯობესების მიზნით, დაეხმარება საქართველოს თავდაცვითი მმართველობის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც მიიჩნევს, რომ მემორანდუმით საქართველოს, პირველად დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე, მიეცა საშუალება იმდენად გააფართოოს თავისი პარტნიორობა უმთავრეს სტრატეგიულ მოკავშირესთან, რომ შეიძინოს მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეიარაღება.

საქართველოში უნდა შეიქმნას ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა. პირველ რიგში, ეს იყო საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა და ამ საფრთხეებზე დროული რეაგირება. საუბარია რადიოლოკაციურ სადგურებსა და საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე...

„ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის, მთელი იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით საერთაშორისო კონიუნქტურიდან და რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ანუ ამ შეიარაღების შესყიდვით, ჩემი აზრით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ხარისხობრივად ამაღლდება და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შეეძლება, ნებისმიერ აგრესორს ძვირად დაუსვას აგრესია მის წინააღმდეგ“, უთხრა ზაალ ანჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკა აქტიურად ჩაერთვება საქართველოს სამხედრო პერსონალის გადამზადებასა და იმ სერვისების მოწოდებაში, რომლებიც აუცილებელია შეთანხმების ეფექტიანად ამოქმედებისთვის. მაინც რა სახის შეიარაღებაა საჭირო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად? - ამ კითხვის პასუხად სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა:

„საქართველოში უნდა შეიქმნას ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა. პირველ რიგში, ეს იყო საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა და ამ საფრთხეებზე დროული რეაგირება. საუბარია რადიოლოკაციურ სადგურებსა და საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე“.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მიმართულია ასევე საზღვრის დაცვისა და საზღვაო, ასევე, საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებაზე ორიენტირებული თანამშრომლობისკენ. მემორანდუმის საფუძველზე გაიზრდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული წვრთნებისა და ტრენინგების რაოდენობა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაეხმარება ასევე უსაფრთხოების მენეჯმენტის გაუმჯობესებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG